ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი – ადვოკატირების უნარები – შესავალი სიტყვა I

     საქმის შესავალი სიტყვა _ ეს არის სასამართლო პროცესის ის ეტაპი, როდესაც პროკურორი/ადვოკატი ახდენს პირველ შთაბე- ჭდილებას მოსამართლის წინაშე ან აძლიერებს ნაფიც მსაჯულთა შერჩევის დროს უკვე მოპოვებულ შთაბეჭდილებას ნაფიც მსაჯულ-თა შემადგენლობის წინაშე. გაითვალისწინეთ, რომ ამისათვის თქვენ

მხოლოდ ერთი შანსი გაქვთ. შთაბეჭდილება, რომელსაც თქვენ შესავალი სიტყვის დროს მოახდენთ, მოსამართლეს/ნაფიც მსაჯულებს გაჰყვებათ მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში. შესავალი სიტყვა ასევე, არის თქვენი პირველი შესაძლებლობა, უთხრათ მოსამართლეს/ნაფიც მსაჯულებს, თუ რას ეხება საქმე. ის სასამართლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და გულდასმით უნდა იყოს მომზადებული. სამწუხაროდ, შესავალ სიტყვას ხშირად არ აქცევენ სათანადო ყურადღებას, როგორც სასამართლო პროცესის ნაწილს, რადგან მას არ ახასიათებს დანარჩენი ოთხი ასპექტის მსგავსი მომხიბვლელობა. შესავალ სიტყვაში თქვენ განავითარებთ საქმის თემას, რომელსაც შემდგომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განაგრძობთ და დაამუშავებთ. თემაში თქვენ უნდა ჩააქსოვოთ შესაბამისი ფაქტები, რომლებიც თქვენს მხარეს სასურველ ვერდიქტს მოუტანს. შესავალი სიტყვა წარმოადგენს დიდ სურათს, რომელიც საშუალებას აძლევს მოსამართლეს და ნაფიც მსაჯულებს თქვენთვის სწორი პერსპექტივიდან დაინახონ მტკიცებულებები, როგორიცაა, მაგალითად, მოწმის ჩვენება. ამ ეტაპზე ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა ვიცოდეთ. შესავალი სიტყვა არ უნდა შეიცავდეს რაიმე ყალბ ან შეცდომაში შემყვან განცხადებებს იმის შესახებ, თუ რას გვიჩვენებს ფაქტები. ასეთი პრაქტიკა არა მხოლოდ არაეთიკურია, არამედ, როდესაც სიმართლე გამოაშკარავდება თქვენ მოსამართლის/ნაფიცი მსაჯულების თვალში დამაჯერებლობას დაკარგავთ. პროკურორის/ადვოკატის ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი მისი დამაჯერებლობაა და თუ ის იკარგება, მისი დაბრუნება შეიძლება შეუძლებელი აღმოჩნდეს. როდესაც თქვენ ცდილობთ ვინმე რაიმეში დაარწმუნოთ, ეს პიროვნება გადაწყვეტილების მიღებისას ძირითად ფაქტორად თქვენს დამაჯერებლობას შეაფასებს.

შესავალი სიტყვა სამი ასპექტისგან შედგება: (1) თემა, (2) ამბავი/თეორია და (3) ვერდიქტის მოთხოვნა.

თემა

ერთი ან ორი წინადადებისგან შემდგარი განცხადება, რომელიც აჯამებს იმას, თუ რას ეხება საქმე. თემა მოსამართლეს ან ნაფიც მსაჯულებს უქმნის `ფსიქოლოგიურ საყრდენს~. მას პროკურორი/ადვოკატი მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაში უბრუნდება. ის პირველად ნახსენები იქნება შესავალ სიტყვაში, შემდეგ მასზე ისაუბრებენ მოწმეები და საბოლოოდ მოექცევა დასკვნითი სიტყვის ყურადღების ცენტრში და შეკრავს მთლიან სასამართლო პროცესს. კარგი თემა საყოველთაო ჭეშმარიტებებს ეყრდნობა. ასეთი თემების წყაროებია წმინდა წიგნები, წერილები, ლიტერატურა, პოპულარული გამონათქვამები და კულტურული გამოცდილება. ქვემოთ მოცემულია თემების მაგალითები:

_ `ეს არის საქმე შურისძიების შესახებ.~

_`ფულის სიყვარული ყველანაირი სიბოროტის საფუძველია და ბრალდებული  მოცემულ საქმეში ამ სიბოროტის განსახიერებაა.~

_ `ამ საქმეში ნამდვილი დაზარალებული თვითონ ბრალდებულია.~

პირველი შთაბეჭდილება დიდხანს ძლებს. შესავალი სიტყვის დასაწყისში მიწოდებული კარგი თემა მოსამართლის/ნაფიც მსაჯულთა გონებაში ხანგრძლივი დროის განმავლობაში რჩება. პროკურორი/ადვოკატი თემას კვლავაც გაიმეორებს დასკვნით სიტყვაში, რათა ის მოსამართლის/ნაფიცი მსაჯულების გონებაში შენარჩუნდეს,როდესაც ისინი გადაწყვეტილების მისაღებად იმსჯელებენ.

თემისა და შემდგომ ამბის გადმოცემისას, პროკურორმა/ადვოკატმა უნდა გამოავლინოს საკუთარი ენთუზიაზმი საქმის მიმართ. შესავალი სიტყვა წარმოთქმული უნდა იყოს დამაჯერებლად და ენერგიულად, რაც ყველას აუწყებს, რომ პროკურორის/ ადვოკატის პოზიცია არა მხოლოდ მართალია, არამედ მას საკუთარი პოზიციის სჯერა კიდეც. საუკეთესო ფაქტები და თემაც კი ვერ დაარწმუნებს მოსამართლეს/ნაფიც მსაჯულებს, თუ პროკურორი/ადვოკატი თავის საქმეში რწმენის დემონსტრირებას ვერ შეძლებს. კარგ პროკურორებს/ადვოკატებს ერთი კარგი დევიზი აქვთ: `ჩვენ ველით ამ საქმეში გამარჯვებას, რადგან ჩვენ მართალნი ვართ.~ მიუხედავად ამისა, გახსოვდეთ, რომ შესავალი სიტყვა არ არის არგუმენტაციის სტადია, რომლის დროც პროცესის ბოლოს დგება. გარდა ამასა, მართალია, თქვენი დევიზი უნდა იყოს ის, რომ თქვენი პოზიცია მართალია, მაგრამ რეალურად თქვენ არასოდეს უნდა თქვათ `ვფიქრობ, ბრალდებული დამნაშავეა~ ან `პირადად მე მიმაჩნია, რომ ბრალდებული უდანაშაულოა~. თქვენს მოსაზრებებს მნიშვნელობა არ აქვს; მნიშვნელოვანია მტკიცებულებები. თქვენ შეგიძლიათ თქვათ: `სასამართლო პროცესის დასასრულს მტკიცებულებებით დადასტურდება, რომ ბრალდებულს არ ჩაუდენია ის დანაშაული, რომლის ჩადენაშიც ბრალს სდებენ~ ან `სასამართლო პროცესის დასასრულს მტკიცებულებებით დადასტურდება, რომ ყოველგვარ გონივრულ ეჭვს მიღმა ბრალდებულმა პეტრე ნემსაძე მოკლა~.

ამბავი/თეორია

ამბავი, ეს უბრალოდ საქმის თეორიაა, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, თქვენი მხარის ვერსია იმასთან დაკავშირებით, `თუ რა მოხდა სინამდვილეში~. ის უნდა იყოს მარტივი, ლოგიკური და შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს საქმეში არსებულ ფაქტებთან და სამართლებრივ მოთხოვნებთან. სასამართლო პროცესი რამდენიმე მცირე ამბისგან შედგება. არც ერთი მოწმე მთლიან ამბავს არ მოჰყვება, იგი მხოლოდ ამბის იმ ნაწილზე ისაუბრებს, რომელიც მისთვის არის ცნობილი. შესავალ სიტყვაში ადვოკატი წარმოთქვამს მთლიან ამბავს, რომელიც იმ მცირე ამბებს ეფუძნება, რომლებზეც მოწმეები ისაუბრებენ. შესავალი სიტყვა მოსამართლეს აძლევს საშუალებას აღიქვას მთლიანი სურათი და თითოეული მოწმის მცირე ამბავი კონტექსტუალურად გაიაზროს. ის, რომ შესავალი სიტყვის ამ ნაწილს ამბის მოყოლა ეწოდება, არ ნიშნავს, რომ ის ფაქტობრივად მცდარია. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ პროკურორი/ადვოკატი საუბრობს იმაზე, თუ რა მოხდა და იმაზე _ რასაც პროცესის განმავლობაში მოწმეები გადმოსცემენ. ის დიდად არ განსხვავდება ნებისმიერი სხვა ამბისგან, როდესაც პიროვნება მსმენელისთვის საინტერესოდ ჰყვება, თუ რა გაიგონა ან დაინახა. პროკურორი/ადვოკატი, რომელიც შესავალ სიტყვას წარმოთქვამს, არსებითად იგივეს აკეთებს. ფაქტობრივად, შესავალი სიტყვის წარმოთქმისას პროკურორი/ადვოკატი გადმოსცემს ამბავს ისე, თითქოს რუსთაველის გამზირზე ოპერასთან ახლოს დგას და საკუთარ მეგობრებს უყვება იმის შესახებ, რაც მას ჭეშმარიტად აინტერესებს, რაშიც მას სურს საკუთარი მეგობრები დაარწმუნოს და მათი მხარდაჭერა მოიპოვოს. კარგ ამბავს შესავალ სიტყვაში რამდენიმე ასპექტი აქვს. პირველ რიგში, ამბავში აქცენტი ადამიანებზე და არა პრობლემებზე უნდა იყოს გაკეთებული. მოსამართლესა და ნაფიც მსაჯულებს ერთი რამ აქვთ საერთო: ისინი ადამიანები არიან და სხვა რაღაცებს სხვა ადამიანების მეშვეობით ხედავენ. აქ იგულისხმება, რომ წარმატებული პროკურორი/ადვოკატი საქმეს წარმოადგენს, როგორც საკუთარი თვალით დანახულს. პროკურორმა/ადვოკატმა უნდა მოახდინოს საკუთარი კლიენტის ან დაზარალებულის პერსონიფიცირება და იგი რეალურ პიროვნებად უნდა გახადოს. იგივე ეხება მოწმეებსაც. შესავალ სიტყვაში ამ ადამიანებს ხორცი უნდა შეესხათ, რათა, როდესაც ისინი ჩვენების მიცემას დაიწყებენ, უკვე დამაჯერებელნი იყვნენ. თითოეული მონაწილის პერსონიფიცირება საშუალებას აძლევს მოსამართლეს და ნაფიც მსაჯულებს, რომ საკუთარი პერსპექტივიდან უკეთ აღიქვან სიტუაცია, როგორც ჩვეულებრივმა ადამიანებმა.

თუმცა, ფრთხილად იყავით და გახსოვდეთ აუდიტორია. თუ საქმეს მხოლოდ მოსამართლე იხილავს, მაშინ დრამატულობა უფრო ნაკლებად საჭიროა, ვიდრე ეს ნაფიც მსაჯულთა წინაშე იქნებოდა. მრავალ შემთხვევაში მოსამართლეებს არ უყვართ გადაჭარბებული დრამატულობა და ამან შესაძლოა თქვენი პოზიცია დააზარალოს. ამიტომ ეს ადვოკატის მხრიდან დაგეგმვასა და შემოქმედებით მომზადებას მოითხოვს. მოსამართლის მიერ საქმის განხილვის შემთხვევაში ადვოკატი ასევე უნდა შეეცადოს გაიგოს, თუ რა სახის პრეზენტაციები მოსწონს ან არ მოსწონს მოსამართლეს და საკუთარი გამოსვლაც შესაბამისად მოამზადოს. ნაფიც მსაჯულთა შემთხვევაში ყურადღებით უნდა მოუსმინოთ პოტენციური მსაჯულების პასუხებს და შესაძლოა თქვენი შესავალი სიტყვის შეცვლაც მოგიწიოთ იმის გათვალისწინებით, თუ რა თქვეს მსაჯულებად შერჩეულმა ადამიანებმა მათი შერჩევის დროს.

წარმატებული შესავალი სიტყვის მესამე ელემენტი იმაში მდგომარეობს, რომ ის მარტივად და ლოგიკურად უნდა იყოს ორგანიზებული. სავარაუდოდ, პრეზენტაციის ორგანიზების საუკეთესო გზა მისი ქრონოლოგიურად გადმოცემაა, რადგან ადამიანთა უმრავლესობა ამბის მოსმენას სწორედ ასე იცნობს და ამჯობინებს. ასეთი სახით წარმოდგენილი შესავალი სიტყვა უფრო მარტივია გადმოსაცემად (პროკურორისთვისაც/ადვოკატისთვისაც) და გასაგებად (მსმენელისთვისაც).

შესავალი სიტყვის შემდეგი ელემენტი მდგომარეობს მოსამართლის/ნაფიც მსაჯულთა გაფრთხილებაში, თუ რას უნდა ელოდონ ისინი შემდგომ. მოსამართლისთვის/ნაფიც მსაჯულთათვის მინიშნება იმის შესახებ, თუ რომელი ჩვენება იქნება მნიშვნელოვანი, აძლიერებს მსმენელთა მოლოდინს და ამახვილებს მათ ყურადღებას სასამართლო პროცესის ამ სტადიაზე.

ეფექტურობა

ეფექტური შესავალი სიტყვა არ არის ძალიან გრძელი, მაგრამ ყველა არსებით ელემენტს შეიცავს. რეკომენდებულია შესავალი სიტყვა 15-30 წუთს არ აღემატებოდეს. ამაზე გრძელ შესავალ სიტყვას მოსამართლე/ნაფიცი მსაჯულები არ მოუსმენენ და შესაბამისად, შესავალი სიტყვა არაეფექტური იქნება. გახსოვდეთ, რომ ეფექტური შესავალი სიტყვა ისე უნდა იქნეს გადმოცემული, თითქოს ადვოკატი ამ ამბავს თავის მეგობრებს ჭავჭავაძის გამზირზე უყვება. ცნობილია, რომ, თუ ამბის მოყოლა 30 წუთზე მეტხანს გრძელდება, ნებისმიერი მსმენელი ინტერესს კარგავს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლოა წარმოდგენილი იყოს განსხვავებული ხანგრძლივობის შესავალი სიტყვა. მაგალითად, ზოგიერთი საქმე ძალზე კომპლექსურია და მოითხოვს გრძელ შესავალ სიტყვას.

About these ads
2 comments
  1. ძალიან დამეხმარა ეს სტატია, დიდი მადლობა :)

    • მოხარული ვარ თუ ისარგებლეთ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 81 other followers

%d bloggers like this: