განრიდება არასრულწლოვნის მიმართ

2010 წლის, ივლისში, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდა ცვლილება. ამ ცვლილებასთან ერთად ამოქმედდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების განრიდებისა და მედიაციის მექანიზმი, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ალტარნეტიული საშუალებაა. განრიდების კონცეფცია ემყარება თეორიას, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი სამართალდამრღვევის მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრამ შეიძლება მეტი ზიანი მოიტანოს, ვიდრე სიკეთე. Gგანრიდების ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტია ის, რომ სასამართლო სისტემამ თავისდაუნებურად შეიძლება მოახდინოს კანონთან კონფლიქტში მყოფი იმ არასრულწლოვნების სტიგმატიზაცია, რომლებმაც ჩაიდინეს მსუბუქი დანაშაული. შესაბამისად უმჯობესია, რომ ამ პრობლემასთან გამკლავება მოხდეს ფორმალური სისტემის გარეთ.

ამას გარდა განრიდების პროგრამები შემუშავებულია იმგვარად, რომ მოხდეს სასამართლოების, სასჯელაღსრულების დაწესებულებების, ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორების განტვირთვა და მეტი ყურადღების დათმობა უფრო საშიში სამართალდამრღვევებისადმი.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105 -ე მუხლის  4-ე ნაწილის მიხედვით  თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, და დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მას არ შესრულებია 18 წელი, პროკურორი უფლებამოსილია დასაბუთებული დადგენილებით მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დევნის საჯარო ინტერესის არ არსებობის გამო. ამავე მუხლის 5-ე ნაწილის თანახმად, სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანთან გააფორმოს ხელშეკრულება განრიდების ან მედიაციის შესახებ, რომლის პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ამ ხელშეკრულების მოქმედების მაქსიმალური ვადაა 1 წელი.

როგორც ვხედავთ, იმისთვის რომ პროკურორმა განარიდოს არასრულწლოვანი სისხლისსამართლებრივ დევნას აუცილებელია, რომ მან მიიღოს დასაბუთებული დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დევნის საჯარო ინტერესის არარსებობის გამო. ამ შემთხვევაში ისმის კითხვა თუ რა შეიძლება იყოს საჯარო ინტერესი?

აღნიშნულ კითხვაზე პასუხს გვაძლევს იუსტიციის მინისტრის  ბრძანება N # 181 სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების ზოგადი ნაწილის დამტკიცების შესახებ, რომლის მიხედვითაც პროკურორმა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით, საკუთარი შეხედულებებისამებრ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად არის მიზანშეწონილი დევნის დაწყება კონკრეტულ შემთხვევაში. პროკურორმა სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი ორი ტესტით1: მტკიცებულებითი და საჯარო ინტერესის ტესტით, რომლებიც ერთობლიობაში ქმნის ე.წ. სრულ ტესტს, მხოლოდ სრული ტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უნდა დაიწყოს პროკურორმა სისხლისსამართლებრივი დევნა. ამასთან, ორივე ტესტი შეფასებითია, რაც პროკურორის მხრიდან განსაკუთრებულად ფრთხილ მიდგომას საჭიროებს.                                                                                                                         გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ მიღებულ უნდა იქნესა მხოლოდ სრული ტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში. კერძოდ, როცა:

ა) საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის საკმარის საფუძველს სასამართლოში მსჯავრდების რეალური პერსპექტივისათვის – მტკიცებულებითი ტესტი;

ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება საჯარო ინტერესით არის ნაკარნახევი – საჯარო ინტერესის ტესტი.

სრული ტესტის თითოეული ეტაპი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა იქნეს განხილული საქმის გარემოებათა ანალიზისა და შეფასების გზით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება დევნის დაწყების/არდაწყების თუ გაგრძელების თაობაზე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებანი პროკურორმა უნდა მიიღოს მხოლოდ მაშინ, როცა შესაძლებელია ჩადენილი დანაშაულის ბუნებისა და სიმძიმის სრულად გაანალიზება და საქმესთან მიმართებაში საჯარო ინტერესის სწორად შეფასება. იმ შემთხვევაში, თუ პროკურორს არ გააჩნია საკმარისი ინფორმაცია, გამოძიება უნდა გაგრძელდეს და შეასაბამისი გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე მიღებულ იქნეს მოგვიანებით.

პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების არსებითი ნაწილია იმის გარკვევა, თუ რამდენად ემსახურება დევნის დაწყება არსებით საჯარო ინტერესს. პროკურორმა უნდა გაანალიზოს, არის თუ არა საჯარო ინტერესში დევნის დაწყება და დევნა არ უნდა დაიწყოს მაშინ, როცა დევნის საწინააღმდეგო საჯარო ინტერესი აშკარად გადაწონის პირის დასჯის ინტერესს. საჯარო ინტერესის განსაზღვრა უნდა მოხდეს სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით. ქვემოთ მოყვანილია არასრული ჩამონათვალი იმ გარემოებებისა, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს პროკურორმა გადაწყვეტილების მიღებისას. აღნიშნული ჩამონათვალი არ იძლევა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ზუსტ ფორმულას, თუმცა ამ ფაქტორების გათვალისწინება და გაანალიზება არსებითია სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დევნის დაწყების გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს სხვადასხვა ინდივიდუალური ფაქტორის შეფასებასა და დასკვნებს.

საჯარო ინტერესის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია მრავალი სხვადასხვა გარემოება, მათ შორის:

ა) სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები;

ბ) დანაშაულის ბუნება და სიმძიმე;

გ) სისხლისსამართლებრივი დევნის პრევენციული გავლენა;

დ) პირის ბრალეულობის ხარისხი;

ე) პირის კრიმინალური წარსული;

ვ) გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი;

ზ) პიროვნული მახასიათებლები;

თ) მოსალოდნელი სასჯელის მსჯავრდების შემთხვევაში ან სხვა შედეგი.

ზემოაღნიშნული გარემოებანი არ არის ამომწურავი. ამავე დროს ყოველ კონკრეტულ საქმეში ყველა ფაქტორის განხილვა არ არის საჭირო, რადგან მათი განხილვის საჭიროება დამოკიდებულია კონკრეტული საქმის გარემოებებზე.

თუ პროკურორი მიიღებს დადგენილებას არასრულწლოვნის განრიდების შესახებ, მაშინ მასთან ხდება  ხელშეკრულებს დადება განრიდების ან მედიაციის შესახებ, რომლის პირობები განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ამ ხელშეკრულების  მოქმედების  მაქსიმალური ვადაა 1 წელი.

იუსტიცის მინისტრის ბრძანება # 216 “განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისათვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე“ მიხედვით, თუ საქმეზე დაწყებულია გამოძიება, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი (სისხლისსამართლებრივი დევნისათვის საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტი), რომ არასრულწლოვანმა ჩაიდინა დანაშაული, პროკურორი უფლებამოსილია დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე არ დაიწყოს/შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოიყენოს განრიდებისა და მედიაციის პროგრამა. განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გამოყენების წინაპირობაა შემდეგი გარემოებების ერთობლიობა:

ა) არასრულწლოვანმა პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული;

ბ) არასრულწლოვანს არ მიუღია მონაწილეობა განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში;                                                                                                                                 გ) არასრულწლოვანი აღიარებს დანაშაულს და მზად არის ბოდიში მოიხადოს დაზარალებულის წინაშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) არასრულწლოვანი (მისი ოჯახი) მზად არის აანაზღაუროს ზიანი, ან დაზარალებული უარს აცხადებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე;

ე) პროკურორის შინაგანი რწმენითა და არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინებით, არ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, ან უკვე დაწყებული დევნის გაგრძელების საჯარო ინტერესი.

განრიდების პროგრამა გამოიყენება მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა ერთობლიობისას. განრიდების პროგრამა ჯგუფურ დანაშაულზე (გარდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულისა) ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩადენილი დანაშაული ჯგუფურობის გამო ხვდება მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში. ამასთან, ჯგუფის მონაწილე არასრულწლოვნის პიროვნული თვისებების, ბრალის ხარისხისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, განრიდება შეიძლება არ გავრცელდეს ჯგუფის ყველა წევრზე.

საჯარო ინტერესის განსაზღვრისას პროკურორი ხელმძღვანელობს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებით. ამავე დროს, პროკურორი ითვალისწინებს არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს და აფასებს, რა გავლენა ექნება პროგრამაში მონაწილეობას არასრულწლოვანზე; როგორია რეციდივის რისკი განრიდების გამოყენების ან სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების შემთხვევაში და სხვა.

განრიდების შესახებ წინასწარ გადაწყვეტილებას პროკურორი იღებს არასრულწლოვანთან და დაზარალებულთან შეხვედრების შემდეგ. მხარეს უფლება აქვს პროკურორს მიმართოს განრიდებისა და მედიაციის შუამდგომლობით. განრიდების გამოყენება შესაძლებელია სისხლის სამართლის საქმის მსვლელობის ნებისმიერ სტადიაზე წინასასამართლო სხდომამდე.

თუ მოსალოდნელია, რომ განრიდებისა და მედიაციის მომზადება ვერ მოხერხდა უკვე დანიშნულ წინასასამართლო სხდომამდე, პროკურორი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომის თარიღის გონივრული ვადით გადატანის თაობაზე.

არასრულწვოვანთა განრიდების პროცესში მნიშვნელევანი როლი ეკისრება სოციალურ მუსაკს, რომელიც ატარებს  არასრულწლოვანის პირველად ბიოფსიქოსოციალურ შეფასებას. შეფასების დასკვნასა და ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობებს სოციალური მუშაკი პროკურორთან შეხვედრიდან 5 დღის ვადაში აწვდის პროკურორს.

დასკვნის საფუძველზე პროკურორი სოციალურ მუშაკთან ერთად ადგენს ხელშეკრულების პირობებს. პირობების ჩამოყალიბებისას პროკურორი ითვალისწინებს დაზარალებულის ინტერესს.

ხელშეკრულება შესაძლებელია ითვალისწინებდეს: არასრულწლოვანის ვალდებულებებს, მისი ქცევის შეზღუდვას; მის ჩართვას სხვადასხვა პროგრამებში; დაზარალებულისა და მშობლის უფლება-მოვალეობებსა და სხვა.

დაკისრებული ვალდებულება – ქცევის შეზღუდვა უნდა იყოს არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულად. დაუშვებელია იმაზე უფრო მკაცრი ვალდებულების დაკისრება გამოყენება, ვიდრე სასამართლო შეუფარდებდა არასრულწლოვანს ჩადენილი ქმედებისათვის. პროპორციულობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია არასრულწლოვანის ასაკისა და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინება.

ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სოციალური მუშაკის დასკვნა, და შესაბამისად, არასრულწლოვანის ინტერესები, ჰობი, პიროვნული მისწრაფებები და ა.შ. აღნიშნული უმნიშვნელოვანესია დასახული მიზნის მისაღწევად არასრულწლოვანის გამოსწორებისა და განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებისათვის.

თუ დაზარალებული თანახმაა მედიაციაში მონაწილეობაზე ან არ აქვს მკვეთრად ნეგატიური პოზიცია, პროცესში ერთვება მედიატორი. მედიატორის შერჩევას უზრუნველყოფს სოციალური  მუშაკი.

თუ არასრულწლოვანი, მისი კანონიერი წარმომადგენელი არ ეთანხმება პროკურორის მოთხოვნებს და შეუძლებელი ხდება ხელშეკრულების სხვა პირობებზე შეთანხმება, პროკურორი წყვეტს პროცესს და იღებს გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მედიაციის შემთხვევაში, პროკურორი მონაწილეობას იღებს დასკვნით შეხვედრაში. ის საჭიროების შემთხვევაში განმარტავს ხელშეკრულების იმ ნაწილს, რომელიც არასრულწლოვანის ვალდებულებებს ეხება. პროკურორი პროცესის სხვა მონაწილეებთან ერთად, ხელს აწერს ხელშეკრულებას და შემდეგ იღებს დადგენილებას სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს 12 თვემდე ვადით

მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ არასრულწლოვანის მიერ დანაშაულის აღიარება, დანაშაულის ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება განრიდების/მედიაციის პროცესში, ან განრიდებისა და მედიაციის პროცესში მოპოვებული სხვა ინფორმაცია არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამართალწარმოების პროცესში.

განრიდებისა და მედიაციის მთავარი პრინციპები

ა) ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების მაქსიმალური ხელშეწყობა – არასრულწლოვანის ინტერესისა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, მაქსიმალურად ხშირად უნდა მოხდეს სისხლისსამართლებრივი დევნისა და საპატიმრო ღონისძიებების ალტერნატივების გამოყენება. თუ არასრულწლოვანმა პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს სისხლის სამართლის სისტემისაგან მის განრიდებას;

ბ) ნებაყოფლობითობა – განრიდებისა და მედიაციის პროცესში მონაწილეობა არის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, რა დროსაც არასრულწლოვანი აღიარებს დანაშაულს. დაუშვებელია მხარეებზე ზეგავლენა მათი პროცესში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით. მხარეები უფლებამოსილი არიან განრიდების/მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვან ნებისმიერ ეტაპზე;

გ) პროპორციულობა – არასრულწლოვანის ქცევის შეზღუდვა და ვალდებულებები უნდა იყოს ჩადენილი ქმედების პროპორციული. პროპორციული ღონისძიების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს არასრულწლოვანის ასაკი და სხვა მახასიათებლები, ასევე ჩადენილი დანაშაულის ბუნება, სიმძიმე, მიყენებული ზიანი და გავლენა საზოგადოებაზე;

დ) კონფიდენციალურობა – განრიდებისა და მედიაციის პროცესში მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია და დაუშვებელია მისი გამჟღავნება, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, ან თუ კანონმდებლობით სხვა წესი არ არის განსაზღვრული;

ე) სტიგმატიზაციის დაუშვებლობა – შეფარდებული ღონისძიება არ უნდა იწვევდეს არასრულწლოვანის სტიგმატიზაციას, მის მოწყვეტას ნორმალური სასწავლო პროცესებისაგან და არ უნდა ახდენდეს განსაკუთრებულ ზეგავლენას მისი ცხოვრების ჩვეულ რიტმზე;

ვ) არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესის გათვალისწინება – პროკურორის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს არასრულწლოვანის ინტერესს.

სსსკ-ის 105 -ე მუხლის 6-ე ნაწილე პროკურორს ანიჭებს უფლებამოსილებას იმ შემთხვევში თუ არასრულწლოვანი არაჯეროვნად ასრულებს  მასთან გაფორმებული განრიდების ან მედიაციის შესახებ ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებას, დასაბუთებული დადგენილებით გააუქმოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და ახალი დასაბუთებული დადგენილებით დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: