ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევის შედეგები

სახელმწიფოებს მე-13 მუხლის თანახმად აკისრიათ ვალდებულება, უზრუნველყონ “სამართლიანი დაცვის ეფექტიანი საშუალების” არსებობა, რაც გულისხმობს კონვენციის სავარაუდო დარღვევით წარმოშობილი სადავო მოთხოვნების განხილვასა და დარღვეული უფლების აღდგენისაკენ მიმართული შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე ხელისუფლების ეროვნული ორგანოების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას სახელმწიფოთა მიერ. მე-5 და მე-6 მუხლებთან დაკავშირებით არსებულ საქმეთა უმრავლესობაში შთანთქმულია მე-13 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებანი მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პარაგრაფებისა და მე-6 მუხლის მიხედვით სასამართლო გადაწყვეტილებათა მიმართ წაყენებული უფრო მკაცრი მოთხოვნებისა და მე-5 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პარაგრაფებით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის საშუალებად გათავისუფლებისა და კომპენსაციის მინიჭებიდან გამომდინარე.

დარღვევათა შედეგები დამოკიდებულია დარღვევის ხასიათსა და სერიოზულობაზე და აგრეთვე იმაზე, თუ როგორ არის აღნიშნული დარღვევის “გამოსწორება”. მე-5 მუხლის დარღვევა დაცვის ეფექტურ საშუალებად ითვალისწინებს გათავისუფლებასა და კომპენსაციას, თუმცა, აღნიშნული ვერ მოახდენს დარღვევის სრულ “გამოსწორებას”.Mმაშინ როდესაც მე-6 მუხლის ზოგიერთი დარღვევა ადვილად ექვემდებარება პროცესის შემდგომ სტადიაზე აღდგენას, აგრეთვე არსებობს ისეთი სახის დარღვევები, რომელთა სრული აღდგენა შეუძლებელია.

მაგალითად, მოწმეთა დაკითხვის უფლების დარღვევა შესაძლოა აღდგენილ იქნას ახალ მოსმენაზე დაკითხვის შესაძლებლობის მინიჭებით (მაგალითად სააპელაციო მოსმენა ბრალის საკითხის გადასინჯვის თაობაზე). თუმცა, საკუთარი თავის საწინაღმდეგო ჩვენებისგან დაცვის დარღვეული უფლება შეიძლება აღდგეს მხოლოდ ამგვარი ჩვენების მტკიცებულებათაგან ამორიცხვით. თუ საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ მიცემული ჩვენება წარმოადგენს მტკიცებულებათა აუცილებელ ნაწილს, მისი მტკიცებულებიდან ამოღება გამოიწვევს პირის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას ან ბრალდებაზე უარის თქმას. სხვა სახის შესაძლო დარღვევათა პრევენცია შესაძლებელია, მაგალითად, სასამართლო მოსმენის გადადებით, რათა ახლად დანიშნულ ადვოკატს მიეცეს დაცვის მოსამზადებლად საკმარისი დრო ან იმისათვის, რომ განსასჯელმა მოსმენაზე დასწრება შეძლოს.

თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის დარღვევას, მან შესაძლოა განმცხადებელს მიანიჭოს კონვენციის 41-ე მუხლით გათვალისწინებული “სამართლიანი დაკმაყოფილება” სახელმწიფოსათვის განმცხადებლის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების გზით. სასამართლომ შესაძლოა სახელმწიფოს აგრეთვე განმცხადებლის ხარჯების ანაზღაურება მოსთხოვოს. თუ დარღვევა უმნიშვნელო ხასიათს ატარებს, სასამართლომ შესაძლოა გადაწყვიტოს, კომპენსაციის მინიჭების გარეშე, რომ დარღვევის ფაქტის დადგენა თავისთავად “სამართლიან დაკმაყოფილებას” წარმოადგენს. პირებს, რომლებიც პატიმრობაში მე-5 მუხლის დარღვევით იმყოფებოდნენ, მე-5 მუხლის მე-5 პარაგრაფის თანახმად გააჩნიათ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. 41-ე მუხლსა და მე-5 მუხლის მე-5 პარაგრაფს შორის არსებული მთავარი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ მე-5 მუხლის მე-5 პარაგრაფის შესაბამისად კომპენსაცია ყოველთვის გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მე-5 მუხლის დარღვევამ გამოიწვია მატერიალური ან მორალური ზიანს, ამასთანავე, ხელისუფლების ორგანოებს აკისრიათ კომპენსაციის გაცემის ვალდებულება ისეთ საქმეებზეც, რომლებიც არ განუხილავს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. სახელმწიფოს მიერ კომპენსაციის გადაუხდელობა მე-5 მუხლის მე-5 პარაგრაფის ცალკე დარღვევას წარმოადგენს.

სასამართლო არ არის უფლებამოსილი მოახდინოს ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებათა გაუქმება, მოითხოვოს პატიმართა გაშვება, საქმეთა ხელახალი გამოძიება ან ეროვნული კანონმდებლობის გაუქმება. თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებები სავალდებულოა შესასრულებლად და სახელმწიფოებს აღნიშნულ გადაწყვეტილებათა აღსრულების ვალდებულება აკისრიათ (46-ე მუხლის 1 პუნქტი). სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს აქვს “სამართლებრივი ვალდებულება მოახდინოს დარღვევის აღკვეთა და მისი შედეგების გამოსწორება ისე, რომ მოხდეს დარღვევამდე არსებული მდგომარეობის შეძლებისდაგვარად აღდგენა”.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობას უწევს სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას და უზრუნველყოფს კომპენსაციის გადახდას (46-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

სახელმწიფოებს არ აკისრიათ საქმეთა ხელახალი განხილვის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის გადასინჯვის ვალდებულება, თუმცა მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა სახელმწიფოებს, რათა გადახედონ თავიანთ სამართლებრივ სისტემას იმ საქმეთა ხელახალი განხილვის შესაძლებლობის უზრუნველყოფის კუთხით, რომელთა მიმართებითაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა კონვენციის დარღვევა.

საქართველოს ამჟამინდელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (სსსკ) არ აკეთებს მითითებას ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, როგორც საქმის ხელახალი განხილვის საფუძველზე. 593-ე მუხლი ითვალისწინებს ხელახალ განხილვას, თუ საკონსტიტუციო სასამართლო “ცნობს არაკონსიტუციურად იმ კანონს, რომლის საფუძველზეც იქნა გამოტანილი განაჩენი ან სასამართლოს სხვა გადაწყვეტილება”, თუმცა არ მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. არ არსებობს პრაქტიკა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხელახალი განხილვის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მასზე უარის თქმის კუთხით. ამგვარი მოთხოვნა შესაძლებელია დაეფუძნოს სასამართლოს გადაწყვეტილებათა ეფექტურად აღსრულების პრინციპსა და საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაყვეტილებათა ანალოგიის გამოყენებას. სსსკ-ის მე-7 მუხლის მიხედვით “კანონმდებლობაში ხარვეზების არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ ილახება ადამიანის უფლებები”.

სსსკ-ის ახალი პროექტის XXVII თავის 310-ე მუხლი უზრუნველყოფს ხელახალი განხილვის შესაძლებლობას თუ სახეზეა კონვენციის დარღვევა და გადაწყვეტილება “ამგვარ დარღვევას ეყრდნობა”.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: