საფუძვლიანი ეჭვი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით

მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფის (ც) ქვეპუნქტის მიხედვით, წინასწარი პატიმრობის ძირითადი პირობაა “სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ საფუძვლიანი ეჭვი ან (…)”. (“ან”) ფორმულირება შეიძლება გულისხმობდეს, რომ ეს არის დაკავების ალტერნატიული და არა სავალდებულო პირობა. თუმცა პრეცედენტული სამართლის მიხედვით, დანაშაულის ჩადენის შესახებ ეჭვი წინასწარი პატიმრობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.

“საფუძვლიანი ეჭვის” არსებობის დასამტკიცებლად ნაკლები მტკიცებულებაა საჭირო ვიდრე მსჯავრდების დასაბუთებისას, თუმცა მიუხედავად ამისა მისი არსებობა ობიექტურ ფაქტებს უნდა ეფუძნებოდეს. სასამართლომ აღნიშნა, რომ საფუძვლიანი ეჭვი “ვარაუდობს იმ ფაქტების ან ინფორმაციის არსებობას, რომელიც დაარწმუნებდა ობიექტურ დამკვირვებელს, რომ ეჭვმიტანილ პირს შეეძლო დანაშაულის ჩადენა. ის, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს “საფუძვლიანად”, დამოკიდებული საქმის ყველა გარემოებაზე” (Fox v. U.K, 1990 წელი, განაცხადი #12244/86,  §32. სასამართლომ აღნიშნა, რომ 7 წლის წინანდელი მსჯავრდება მსგავსი დანაშაულისათვის (IRA-სთან დაკავშირებული ტერორისტული აქტი) ვერ იქნებოდა საფუძვლიანი ეჭვის ჩამოყალიბებისათვის ერთადერთი საკმარი საფუძველი (§ 35).

“საფუძვლიანი ეჭვი” უნდა არსებობდეს დაკავების სრული პერიოდის განმავლობაში.

სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ მიმალვის, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თავიდან აცილება.

პრეცედენტული სამართლის მიხედვით, სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვი არ არის საკმარისი დაკავებისათვის, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. აგრეთვე უნდა არსებობდეს დაკავების სხვა “სათანადო და საკმარისი” საფუძვლები. მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი მე-5 მუხლის 1-ლი პარაგრაფის (ც) ქვეპუნქტის თანახმად, შეიძლება დაკავების საფუძველი გახდეს. აღნიშნული მუხლი არ ეხება მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლას, როგორც დაკავების საფუძველს, თუმცა პრეცედენტული სამართლის მიხედვით, აღნიშნულიც დაკავების საკმარის და სათანადო საფუძველს წარმოადგენს (ამ კუთხით პრეცედენტული საქმეა Wemhoff v. West-Germany, 1968 წელი,  A.). გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც სახეზეა საზოგადოებრივი არეულობის გამომწვევი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, დაკავება შეიძლება გამართლებული იყოს იმ საზოგადოებრივი არეულობის თავიდან აცილების მიზნით, რაც შესაძლოა გათავისუფლებით იქნას გამოწვეული (პრეცედენტული საქმეა Letellier v. France, 1991 წელი, განაცხადი #12369/86. (მე-5 მუხლი არ იძლევა დაკავების კანონიერ საფუძველს. აღნიშნული საფუძველი მხოლოდ მაშინ გამოიყენება, თუ მას აქვს კანონიერი საფუძველი ეროვნულ კანონმდებლობაში).

დაკავება უნდა წარმოადგენდეს “საფუძვლიან აუცილებლობას” მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის ან მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით. დაკავება არ იქნება “აუცილებელი”, თუ მიმალვის რისკი შეიძლება აცილებულ იქნას ნაკლებად მძიმე ღონისძიებით, როგორიცაა, მაგალითად, გირაო (ქვემოთ იხილეთ “გირაოსათვის” განკუთვნილი ქვეთავი). უნდა არსებობდეს მიმალვის კონკრეტული და განსაკუთრებული საფრთხე, განმეორებითი დანაშაულის ჩადენის ან მტკიცებულებებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საშიშროება; სასამართლომ აღნიშნა, რომ დაკავების თაობაზე გადაწყვეტილების საფუძველი არ შეიძლება იყოს “ზოგადი და აბსტრაქტული” (Clooth v. Belgium, 1991 წელი, განაცხადი #225, §44. Boincenco v. Moldova,  2006 წელი, განაცხადი #41088/05, §§ 143-145: დაკავების თაობაზე გადაწყვეტილებებში ეროვნულმა სასამართლოებმა “მიუთითეს შესაბამისი კანონი იმის დაუსაბუთებლად, თუ რატომ მიიჩნიეს დასაბუთებულად ბრალდებები საქმისწარმოებისათვის ხელის შეშლის, მიმალვის ან ხელახალი სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე (…) აქედან გამომდინარე სახეზე არის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა”. Nikolaishvili v. Georgia,  2009 წელი, განაცხადი #37048/04, §§ 76-79: სასამართლომ განსაზღვრა, რომ დაკავების მიზეზები არ იყო “საკმარისი” და “სათანადო”. დაკავების შესახებ გადაწყვეტილება იყო “ცალკეული აბსტრაქტული ფრაზა: “გამოყენებული ზომა – დაკავება, სწორად იქნა შერჩეული”. აღნიშნული წარმოადგენდა განმცხადებლის კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფით გათვალისწინებული უფლების ფართო შეზღუდვას (…). შესაძლებელია არსებულ საქმეში არსებობდა განმცხადებლისათვის თავისუფლების აღკვეთისათვის საჭირო განსაკუთრებული და შესაბამისი ფაქტები, თუმცა აღნიშნული არ ყოფილა მოცემული ეროვნულ სასამართლოთა გადაწყვეტილებებში”. Popkov v. Russia, 2008 წელი, განაცხადი #32327/06, §64: “სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ განმცადებლისათვის დაკავების ვადის 2006 წლის 16 სექტემბრამდე გაგრძელებისას გამომძიებელს არ წარმოუდგენია გახანრგძლივებული დაკავებისათვის საჭირო საფუძველი, მან მხოლოდ აღნიშნა, რომ განმხადებლის გაშვება იყო “არახელსაყრელი”. სასამართლო დაინტერესებულია აგრეთვე იმ ფაქტით, რომ საოლქო სასამართლომ მიიღო ასეთი დაუსაბუთებელი არგუმენტი, მოახდინა განმცხადებლის დაკავების ვადის გაგრძელება და დაადგინა, რომ არ არსებობდა გამომძიებლის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. საოლქო სასამართლომ არ დაუთმო ყურადღება განმცხადებლის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ იგი არ ყოფილა ნასამართლევი, ჰქონა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და სამუშაო მოსკოვში და დადებითი დახასიათებით გამოირჩეოდა. სასამართომ ეს არგუმენტები არარელევანტურად მიიჩნია და დაადგინა, რომ ბრალდებები იყო უფრო მძიმე ხასიათის ვიდრე განმცხადებლის გათავისუფლების სასარგებლოდ მიმანიშნებელი ფაქტები და უსაყვედურა განმცადებელს, რომ მან არ წარმოადგინა უფრო დამაჯერებელი არგუმენტები (…). სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა მტკიცების ტვირთი გადაიტანეს განმცხადებელზე, რომელსაც მოსთხოვეს დაემტკიცებინა, რომ არ არსებობდა მიმალვის, ხელახალი სამართალდარღვევის ჩადენის  ან სასამართლო პროცესისათვის ხელის შეშლის საფრთხე. ვინაიდან განმცადებელმა ეს ვერ შეძლო, მას მოუწია მთელი პროცესის განმავლობაში პატიმრობაში ყოფნა. ამასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სავალდებულო პატიმრობის ნებისმიერი სისტემა მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფთან თავისთავად შეუსაბამოა, როდესაც ინდივიდუალური თავისუფლების წესის გადაწონვისათვის საჭირო სპეციფიური ფაქტების არსებობის დამტკიცება დამოკიდებულია ხელისუფლების ეროვნულ ორგანოებზე. ასეთ შემთხვევებში მტკიცების ტვირთის დაკავებულ პირზე გადატანა კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული წესიდან გადახვევის ტოლფასია, იმ მუხლის, რომელიც დაკავებას მიიჩნევს თავისუფლების უფლებიდან გამონაკლისად, რაც დასაშვებია მხოლოდ ამომწურავად და მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში.”).

მიმალვის საფრთხის არსებობის მიმანიშნებელი გარემოებები შეიძლება იყოს სავარაუდო სასჯელის ხანგრძლივობა, ადგილობრივი კავშირების ნაკლებობა (საცხოვრებელი, ოჯახი, სამსახური), ოჯახური ან სხვა კავშირები საზღვარგარეთ, გაქცევის ადრინდელი მცდელობები და პირის არასტაბილური ხასიათი (Van der Tang v. Spain, 1995 წელი, განაცხადი #A321: გრძელვადიანი სასჯელის შესაძლებლობისა (მოგვიანებით მას მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა) და ესპანეთში კონტაქტების უქონლობისა და საზღვარგარეთ არსებული კონტაქტების (ის იყო ჰოლანდიის მოქალაქე, რომელსაც საცხოვრებელი და ოჯახი ჰყავდა ჰოლანდიაში და არა ესპანეთში) გათვალისწინებით არსებობდა მიმალვის საფუძვლიანი საფრთხე. Mansur v. Turkey, 1995 წელი, განაცხადი #A 319-B: მხოლოდ ხანგრძლივი სასჯელის შესაძლებლობა (10 წლამდე დაყვანილი 30 წელი) არ წარმოადგენდა საფუძვლიან საფრთხეს: “სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მიმალვის საფრთხე არ შეიძლება მხოლოდ სასჯელის შესაძლო სიმძიმით განისაზღვროს. აღნიშნული უნდა შეფასდეს მრავალი სხვა შესაბამისი ფაქტორის მიხედვით, რომელიც ან დაადასტურებს მიმალვის საფრთხეს ან იმდენად უმნიშვნელო იქნება, რომ ვერ გაამართლებს პროცესის მიმდინარეობისას პირის პატიმრობის აუცილებლობას” (§ 55). Sulaoja v. Estonia, 2005 წელი, განაცხადი #55939/00, §64:  “სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის უქონლობა არ წარმოადგენს მიმალვის საფუძველს. არც ოჯახისა თუ სამსახურის უქონლობა არ გულისხმობს, რომ პირი ახალი დანაშაულების ჩადენისკენაა მიდრეკილი”).

ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე მიმანიშნებელი გარემოებანი შესაძლოა იყოს სავარაუდო სამართალდარღვევის ხასიათი და სიმძიმე, ნასამართლობა და პიროვნული მაჩვენებლები, როგორიცაა არასტაბილური ხასიათი და ცხოვრების პირობები. შესაძლო მომავალი დანაშაულის ხასიათი უნდა იყოს დაკონკრეტებული მაგალითად იმის დაზუსტებით, თუ რამდენად ეხება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ძალადობას ან მატერიალურ გამორჩენასთან დაკავშირებულ დანაშაულს. მოცემული მუხლი არ განსაზღვრავს, თუ რამდენად უნდა იყოს მომავალი სამართალდარღვევა განსაკუთრებით სერიოზული ხასიათის მატარებელი, თუმცა იმისათვის, რომ დაკავება “საფუძვლიან აუცილებლობად” იქნას მიჩნეული, აღნიშნული, სულ მცირე, გრძელვადიანი პატიმრობის წინაპირობას წარმოადგენს.

მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე უნდა განისაზღვროს მტკიცებულებათა სხვადასხვა ნაწილებთან, აგრეთვე ჩარევის სახესთან მიმართებით. მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლა შეიძლება, მაგალითად, გამოიხატებოდეს დოკუმენტების განადგურებაში ან თანამონაწილეებსა თუ მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენაში. ამგვარ საფრთხეზე მიმანიშნებელ გარემოებას შეიძლება წარმოადგენდეს ბრალდებულის წინა ყოფაქცევა, მაგალითად მტკიცებულების განადგურების მცდელობა. შესაძლო სასჯელის სიმძიმე შეიძლება ასევე მნიშვნელოვანი იყოს, თუმცა მხოლოდ ეს გარემობა არ შეიძლება გახდეს დაკავების საფუძველი (იხ. მაგალითად Dudek v. Poland, 2006 წელი, განაცხადი #633/03: “შესაძლო სასჯელის სიმძიმე მიმალვის ან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხის მიმანიშნებელი ელემენტია. მიუხედავად ამისა, სასამართლომ არაერთხელ აღნიშნა, რომ ბრალდებების სიმძიმე ვერ იქნება პირის წინასწარი დაკავების ხანგრძლიოვბის ერთადერთი გამამართლებელი საფუძველი” (§ 38). განმცხადებელს ბრალი ედებოდა ადამიანებით ვაჭრობაში და “მსხვერპლთა განსაკუთრებული უმწეობის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ, როგორც დაადგინეს ეროვნულმა სასამართლოებმა, მოწმეებსა თუ სხვა ბრალდებულებზე ზეწოლის საფრთხე უნდა ყოფილიყო დიდი” (§ 37). საქმის გარემოებები იძლეოდა დაკავების სათანადო და შესაბამის საფუძველს.).

საზოგადოებრივი არეულობის გამომწვევმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულმა შეიძლება გაამართლოს დაკავება გამონაკლის შემთხვევებში მაშინაც კი, როდესაც სახეზე არ არის მიმალვის, ახალი დანაშაული ჩადენის ან მტკიცებულებათა შეგროვებაში ხელის შეშლის საფრთხე, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც ასეთი დაკავების კანონიერი საფუძველი არსებობს. დაკავების ეს საფუძველი გულისხმობს, რომ დანაშაული არის “განსაკუთრებით მძიმე” და დაკავებული პირის გათავისუფლებით საზოგადოებრივი წესრიგს შეექმნება საფრთხე. “საფუძვლიანზე” უფრო ძლიერი ეჭვი წარმოადგენს რელევანტურ, მაგრამ არა საკმარის ფაქტორს (Letellier v. France, 1991 წელი, განაცხადი #12369/86, შეეხება მკვლელობაში თანამონაწილეობას: “სასამართლო ცნობს, რომ მათი განსაკუთრებული სიმძიმისა და საზოგადოებრივი რეაქციიდან გამომდიანრე, ზოგიერთი სამართალდარღვევა შესაზლოა იძლეოდეს საზოგადოებრივი წესრიგის საფუძველზე წინასწარი პატიმრობის გამართლების საფუძველს, ყოველ შემთხვევაში, გარკვეული დროის განმავლობაში. გამონაკლის შემთხვევებში აღნიშნული ფაქტორი შეიძლება კონვენციის მიზნებიდან გამომდინარეც იყოს მხედველობაში მიღებული, ყოველ შემთხვევაში თუ ამასს ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს (…). თუმცა, ეს საფუძველი შესაბამის და სათანადო საფუძვლად შეიძლება მიჩნეულ იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაფუძნებული იქნება ისეთ ფაქტებზე, რომელიც შეძლებს იმის დამტკიცებას, რომ ბრალდებულის გათავისუფლება რეალურ ზიანს მიაყენებს საზოგადოებრივ წესრიგს. დაკავების გახანგრძლივება კანონიერი იქნება თუ საზოგადოებრივი წესრიგისათვის არსებული რეალური საფრთხე კვლავ იარსებებს. მისი გახანგრძლლივება ვერ იქნება გამოყენებული თავისუფლების აღსაკვეთად. აღნიშნულ საქმეში ეს პირობები არ იყო დაკმაყოფილებული. საბრალდებო განყოფილებებემა თავისუფლების აღკვეთის გახანგრძლივება დაადგინეს მხოლოდ აბსტრაქტული შეხედულებიდან გამომდინარე მხოლოდ სამართალდარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით” (§ 51). Kemmache v. France, 1992 წელი, A 218 (ყალბი ფულის იმპორტი და დისტრიბუცია): “პირის ბრალის დამადასტურებელი სერიოზული ფაქტების არსებობა და სიმტკიცე რა თქმა უნდა წარმოადგეს შესაბამის ფაქტორს, მაგრამ სასამართლო კომიის მსგავსად მიიჩნევს, რომ მხოლოდ აღნიშნული ვერ იქნება წინასწარი დაკავების ასეთი ხანგრძლივობის გამამართლებელი საფუძველი” (§ 50). იხ. აგრეთვე Tomasi v. France, 1992წელი, (12850/87) § 91 (ტერორიზმი), I.A. v. France, 1998წელი,  (1/1998/904/1116) § 104 (მკვლელობა), Jėčius v. Lithuania, 2000წელი,  (34578/97) § 94 (მკვლელობა),Yagci and Sargin v. Turkey 1995 A 319-A § 53 (ხელისუფლების/სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაული), Van der Tang v. Spain 1995 A 321 § 63 (ნარკოტიკებით ვაჭრობა). სავარაუდო დანაშაული უნდა იყოს განსაკუთრებული სიმძიმის, მაგრამ აღნიშნული არ არის საკმარისი პირობა: განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე დაკავების აუცილებლობის პრეზუმფციის არსებობა მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფს დაარღვევდა (Patsuria v. Georgia, 2007წელი, (30779/04) § 67: “წინასწარი პატიმრობის ვადის ავტომატური გაგრძელება სამი თვით მხოლოდ კანონით დადგენილი პრეზუმფციის გამო, რომელიც ეფუძნება ბრალდებების სიმტკიცესა და მიმალვის, ხელახალი სამართალდარღვევის ჩადენის ან შეთქმულების ჰიპოთეტურ საშიშროებას, არ შეესაბამება კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფს”. Ilijkov v. Bulgaria, 2001 წელი, (33977/96) და Belchev v. Bulgaria, 2004წელი,  (39270/98): კანონმა და პრაქტიკამ ჩამოაყალიბა ძლიერი პრეზუმფცია იმის თაობაზე, რომ აუცილებელი იყო ყველა იმ პირის  დაკავება, ვისაც ბრალი ედებოდა ისეთ დანაშაულში, რომლისთვისაც გათვალისწინებულია რამდენიმე წლიანი სასჯელი, და აღნიშნული აშკარა წინააღმდეგობაში მოდიოდა მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფთან. სასამართლომ აღნიშნა, რომ: “სავალდებულო წინასწარი პატიმრობის ნებისმიერი სისტემა კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პარაგრაფთან  პერ სე შეუსაბამოა” (Ilijkov-ის საქმე, § 84).

დაკავებული პირის პირადი მდგომარეობა, როგორიცაა ჯანმრთელობა, ასაკი ან ოჯახური მდგომარეობა, მხედველობაში მიიღება იმის განსაზღვრისას, იყო თუ არა დაკავება გამართლებული და აუცილებელი. თუ დაკავებული 18 წლამდე ასაკის პირია, პატიმრობა შესაძლოა გამოყენებულ იქნას მხოლოს “უკიდურეს შემთხვევაში” (იხილეთ ქვეთავი “ხანგრძლივობის” თაობაზე)

პატიმრობის აუცილებლობა მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის ან საზოგადოებრივი უწესრიგობის თავიდან აცილების მიზნით, უნდა არსებობდეს დაკავების მთელი პერიოდის განმავლობაში. პატიმრობის აღნიშნული საფუძვლები ზოგიერთ შემთხვევაში, გარკვეული პერიოდის შემდგომ, აღარ არსებობს. მაგალითად, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე შემცირდება თუ აღნიშნული მტკიცებულების მოპოვება გამოძიების ეტაპზე მოხდება (იხილეთ ქვემოთ “ხანგრძლივობა”).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: