მოწმეთა გამოძახება და დაკითხვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით

მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის (დ) პუნქტით გათვალისწინებული მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება მიემართება როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვას, ისე ზემდგომ ინსტანციებს. “მოწმეები” მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის მიხედვით მოიცავს აგრეთვე დაზარალებულებს, ექსპერტებსა და თანა-განსასჯელებს, რომლებიც როგორც ზეპირ ჩვენებას, ისე წერილობით დოკუმენტაციას აწვდიან განსასჯელთან მიმართებით (A.H. v. Finland (46602/99) § 41: დაზარალებულები. Bönisch v. Austria 1985 (8658/79): ექსპერტები. Lucà v. Italy 2001 (33354/96) § 41: თანა-განსასჯელნი. Papageorgiu v. Greece 2003 (59506/00) §§ 30-40: დოკუმენტები).

ფორმულირების მიუხედავად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება არ არის აბსოლუტური და თუ რამდენად სამართლიანია სასამართლო განხილვა, დამოკიდებულია მის მთლიან შეფასებაზე. მოწმეთა გამოძახების უფლებაზე შესაძლოა დაწესდეს ადეკვატური შეზღუდვა, რომელიც ორივე მხარის მიმართ თანაბრად იქნება გამოყენებული (Jorgic v. Germany 2007 (74613/01): ეროვნულმა სასამართლომ უარყო განმცხადებლის მოთხოვნა მოწმეთა გამოძახებაზე იმ საფუძვლით, რომ მათ ჩვენებებს მტკიცებულების კუთხით, მცირე ძალა გააჩნდათ. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის (დ) ქვეპუნქტი “არ ითხოვს ბრალდებულის მხრიდან ყველა მოწმის დასწრებას და დაკითხვას. თუმცა, სასამართლოს კომპეტენციაში შედის იმის შეფასება, თუ რამდენად დაირღვა “მხარეთა სრული თანასწორობის პრინციპი” მტკიცებულებათა შეგროვებისა და შეფასების პროცესში” (§ 82). მოწმეთა გამოძახების შესახებ არსებული საკანონმდებლო ნორმები თანაბრად მიემართებოდა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს. ეროვნულმა სასამართლომ დეტალურად დაასაბუთა უარი და არ განუხორციელებია თვითნებური ქმედება. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლი და საქმე დაუშვებლად ცნო როგორც აშკარად უსაფუძვლო. Vidal v. Belgium 1992 (12351/86): ეროვნულმა სასამართლომ უარყო განმცხადებლის მოთხოვნა მოწმეთა გამოძახების შესახებ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. სასამართლომ მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა.). არც მოწმეთა დაკითხვის უფლებაა აბსოლუტური. მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, დაკითხვა სასამართლოში საქმის განხილვისას უნდა მოხდეს, ევროპულმა სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია, რომ შესაძლებელია საჭირო გახდეს გარკვეული გამონაკლისების დაშვება, მაგალითად, წინასწარი გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებათა პროცესზე წაკითხვის საშუალებით. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არ შეიძლება მსჯავრდების მთლიანად ან უმეტესწილად ისეთ მოწმეთა ჩვენებებზე დამყარება, რომელთა დაკითხვის საშუალება არ მისცემია განსასჯელს (ან მის ადვოკატს) აღნიშნული ჩვენების მიცემის დროს ან შემდგომ ეტაპზე (იხილეთ მაგალითად, ღომანოვ ვ. ღუსსია 2008 (41461/02) § 100: “სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, აღნიშნული უფლება თავის თავში გულისხმობს, რომ ყველა სახის მტკიცებულება, როგორც წესი, საჯარო პროცესზე უნდა იქნას წარმოებული, განსასჯელის თანდასწრებით, საწინააღმდეგო არგუმენტის წარდგენის შესაძლებლობის გათვალისწინებით. თუმცა, მტკიცებულების სახით იმ ჩვენებათა გამოყენება, რაც პოლიციის მიერ წარმოებული ან სასამართლოს ეტაპზე არსებული გამოძიების პირობებში იქნა მოპოვებული თავისთავად შეუსაბამო არ არის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფთან და მე-3 პარაგრაფის (დ) ქვეპუნქტთან, თუ უზრუნველყოფილია დაცვის უფლებები. როგორც წესი, აღნიშნული უფლებები ითხოვს, რომ განსასჯელს ადეკვატური და შესაბამისი საშუალება მიეცეს იმისათვის, რომ შეედავოს და დაკითხოს მის წინააღმდეგ მოყვანილი მოწმე, მაშინ როდესაც ეს უკანასკნელი აძლევს ჩვენებას ან პროცესის შემდგომ ეტაპზე (…). იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია მოწმეთა დაკითხვა იმ მიზეზით, რომ ვერ ხერხდება მათი მოძიება, სახელმწიფო ორგანოებმა უნდა მიიღონ შესაბამისი გონივრული ზომები იმისათვის, რომ უზრუნველყონ მათი გამოცხადება (…). დაბოლოს, მსჯავრდება მთლიანად ან უმეტესწილად არ უნდა ემყარებოდეს იმ მოწმის ჩვენებას, რომლის დაკითხვის შესაძლებლობა არ ჰქონია მსჯავრდებულს გამოძიების ან სასამართლო განხილვის ეტაპზე”. სასამართლომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო რიგ სხვა მსგავს საქმეებზე. Gossa v. Poland 2007 (47986/99) §§ 55-65 წარმოადგენს მაგალითს, როდესაც სასამართლომ საზღვარგარეთ (ა.შ.შ.-ში) დაუდგენელ მისამართზე მცხოვრები მოწმის მოძიების მცდელობა გაითვალისწინა. ხელისუფლების ორგანოებმა შეკითხვებით მიმართეს ა.შ.შ.-ს საელჩოს პოლონეთში და პოლონეთის საკონსულოს ა.შ.შ.-ში, მაგრამ ვერ მოახერხეს მოწმის ადგილსამყოფელის დადგენა. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ამგვარ გარემოებებში, “ეროვნული სასამართლოები უფლებამოსილნი იყვნენ, დაცვის უფლებათა პატივისცემის პირობებში, გაეთვალისწინებინათ J.s.-T-ს ბრალდების მიერ მოპოვებული ჩვენება, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლებოდა ჩათვლილიყო, რომ აღნიშნული ჩვენება მათ წინაშე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა მეშვეობით დასტურდებოდა.” (§ 61).). დაკითხვის უფლება გულისხმობს მოწმეთათვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობას, მაგრამ არა შესაბამისი პასუხების მიღებას. ამდენად, თუ მოწმე უარს იტყვის სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, დაკითხვის მოთხოვნა შესრულებულად ჩაითვლება თუ დაცვის მხარეს აქვს მოწმისათვის შეკითხვის დასმის საშუალება (Kaste v. Norway 2006 (18885/04, 21166/04): ერთ-ერთი თანა-განსასჯელი (დ) დუმდა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. სასამართლოში წაკითხულ იქნა მისი პოლიციისათვის მიცემული ჩვენებები. აღნიშნული ჩვენებები სხვა განსასჯელებს ეხებოდა და ამ კუთხით (დ) “მოწმე” იყო. სხვა განსასჯელებს არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ შეკითხვები დაესვათ (დ)-სთვის სასამართლო პროცესამდე ან მის დროს. სასამართლომ მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა: “იმის მაგივრად, რომ განმცხადებელთა დამცველისათვის დ-სთვის შეკითხვების დასმისა და მათი დაცვის დ-ს მიერ გაცემულ პასუხებზე ან პასუხის გაცემაზე უარზე აწყობის შესაძლებლობა მიეცათ, უმაღლესმა სასამართლომ მხოლოდ ბრალდების მხარეს მისცა საშუალება წაეკითხა დ-ს ჩვენებანი” (§ 50). Peltonen v. Finland 1999 (30409/96 decision) აგრეთვე შეეხებოდა თანა-ბრალდებული “მოწმე” (ნ)-ს მიერ პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებებს, რომელიც დუმდა სასამართლო პროცესის განმავლობაში. განსასჯელს გააჩნდა ნ-სთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა. სასამართლომ დაასკვნა, რომ ის ფაქტი, რომ “ნ-ს დაჟინებას, გაეგრძელებინა დუმილი, შესაძლოა შემდგომი დაკითხვა უშედეგო გაეხადა”, არ იწვევდა მე-6 მუხლით გათვალისწინებული დაკითხვის უფლების დარღვევას. განაცხადი დაუშვებლად იქნა ცნობილი.).

ანონიმურ მოწმეთა მიერ ჩვენების მიცემა დასაშვებად ჩაითვლება, თუ ანონიმურობა გამოწვეულია მკაცრი აუცილებლობით, მოწმის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დასაცავად. მსჯავრდება არ უნდა ეფუძნებოდეს მთლიანად ან უმეტესმეტწილად ამგვარ ჩვენებებს. სირთულე, რასაც ანონიმურობა იწვევს დაცვის მხარისათვის, დაბალანსებულ უნდა იქნას და დაცვას უნდა მიეცეს მოწმის საიმედოობის გადამოწმების საშუალება (Doorson v. The Netherlands 1996 (54/1994/501/583): მოსამართლემ, რომელმაც იცოდა მოწმეთა ვინაობა, ისინი განსასჯელის ადვოკატის თანდასწრებით დაკითხა, რომელსაც მათთვის ნებისმიერი შეკითხვის დასმის უფლება ჰქონდა თუ არ გამჟღავნდებოდა მოწმეთა ვინაობა. დაცვის მხარეს შეეძლო მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებებისა და მათი სარწმუნოობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სასამართლოში. ჩვენებებს “განსაკუთრებული სიფრთხილით” ეპყრობოდნენ და ისინი არ შეადგენდნენ ერთადერთ ან გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებას. ამდენად, ანონიმურობამ არ დაარღვია მე-6 მუხლი. Visser v. The Netherlands 2002 (26668/95) §§ 43-52 და Krasniki v. The Czech Republic 2006 (51277/99) §§ 75-86: ანონიმურობა არ ჩაითვალა გამართლებულად რამდენადაც ეროვნულმა სასამართლოებმა არ მოახდინეს ანონიმურობის საჭიროების სათანადო შეფასება (მოწმის პირადი შიშის საფუძვლიანობა და ანონიმურობაზე თანხმობის საფუძვლების სერიოზულობა და დასაბუთებულობა).

მისაღებია სპეციალური ღონისძიებების გატარება ბავშვთა საქმეების განხილვისას, როდესაც საქმე სექსუალური ხასიათის ძალადობას ეხება, მაგრამ განსასჯელს (ან მის ადვოკატს) უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მისი შეკითხვებიც იქნას ბავშვისთვის დასმული (S.N. v. Sweden 2002 (34209/96): სექსუალური ხასიათის ძალადობის 10 წლის მსხვერპლი დაიკითხა არა სასამართლოში, არამედ პოლიციელის მიერ გამოძიების დროს. განსასჯელის ადვოკატმა მიაწოდა პოლიციას იმ შეკითხვათა ნუსხა, რომელთა დასმასაც სთხოვდა დაკითხვის ჩამტარებელ პირს და დათანხმდა მისი დასწრების გარეშე დაკითხვის ჩატარებას. დაკითხვა ჩაწერილ და ნაჩვენებ იქნა სასამართლო პროცესზე. ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა მე-6 მუხლის დარღვევა. აღნიშნულისგან განსხვავებით, იხილეთ საქმე A.L. v. Finland 2009 (23220/04), რომელშიც აგრეთვე ადგილი გქონდა ბავშვის სასამართლო პროცესამდე დაკითხვას და დაკითხვის ჩანაწერი ნაჩვენებ იქნა პროცესზე. ამ შემთხვევაში ევროპულმა სასამართლომ მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა იმ საფუძვლით, რომ განსასჯელს არ მიეცა ბავშვისათვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა.).

სამართლიანი სასამართლოს ელემენტს წარმოადგენს უშუალობის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ განსასჯელს აქვს მოწმეებთან იმ მოსამართლის წინაშე დაპირისპირების უფლება, რომელიც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს. შესაბამისად, სასამართლოს შემადგენლობის შეცვლა პროცესის დროს ან მის მერე, როგორც წესი, იწვევს მოწმეთა ან, სულ მცირე, ყველაზე მნიშვნელოვან მოწმეთა ხელახალ დაკითხვას (P.K. v. Finland 2002 (37442/97, desicion): შეეხებოდა 7 განსასჯელის წინააღმდეგ წარმართულ საქმეს ეკონომიკურ დანაშაულებთან მიმართებაში. სასამართლო მოიცავდა კოლეგიის თავჯდომარეს, რომელიც პროფესიონალი მოსამართლე იყო და კოლეგიის სამ არაიურისტ წევრს. მას შემდეგ რაც დასრულდა განსასჯელთა და 11 მოწმის მოსმენა, კოლეგიამ ახალი მოსამართლის თავჯდომარეობით განაგრძო მუშაობა და სასამართლომ კიდევ 2 მოწმეს მოუსმინა. განსასჯელი არ შეეწინააღმდეგა აღნიშნულ ცვლილებას და არც მოწმეთა თავიდან მოსმენა მოუთხოვია. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ: “სამართლიანი სისხლისსამართალწარმოების მნიშვნელოვანი ელემენტია აგრეთვე ბრალდებულის შესაძლებლობა დაუპირისპირდეს მოწმეებს იმ მოსამართლის წინაშე, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტს საქმეს. ამგვარი უშუალობის პრინციპი მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი წარმოებისას რომელშიც სასამართლოს მიერ მოწმის ქცევისა და სარწმუნოობის შესახებ ჩამოყალიბებულ შეხედულებებს შესაძლოა მნიშვნელოვანი შედეგი მოყვეს ბრალდებულისათვის. ამდენად, როგორც წესი, მნიშვნელოვან მოწმეთა მოსმენის შემდგომ საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობაში განხორციელებულმა ცვლილებამ ამგვარ მოწმეთა ხელახალი მოსმენა უნდა გამოიწვიოს.” თუმცა სასამართლომ დაადგინა რომ მოცემულ საქმეში ადგილი არ ჰქონია მე-6 მუხლის დარღვევას. მოწმეთა ჩვენებები ჩაწერილ იქნა და მათი საწრმუნოობა არასდროს დაყენებულა კითხვის ნიშნის ქვეშ. მოსამართლის შეცვლა არ მომხდარა არასათანადო მოტივებზე დაყრდნობით).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: