ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესი – ადვოკატირების უნარები – ნაფიც მსაჯულთა შერჩევა I

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად (მუხლი 27-ე) ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 12 მსაჯულისგან და 2 სათადარიგო მსაჯულისგან, გარდა ს.ს.ს. კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობაში არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები მსაჯული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, რვაზე ნაკლები _ მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ათზე ნაკლები _ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე.

მანამ, სანამ ნაფიც მსაჯულთა მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დაიწყება, მხარეები წინასწარ მოწვეული კანდიდატებისგან ირჩევენ მსაჯულთა, კონკრეტული კატეგორიის საქმისთვის საჭირო, შემადგენლობას.

ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე მოსამართლე, სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წინასწარ გაგზავნილი 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას, არა უმეტეს 100 პირის შემადგენლობით. შერჩეული ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიაში მიეთითება პირის გვარი და სახელი, რასაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და სიის ასლებს გადაცემს მხარეებს. ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე ეგზავნებათ უწყება, სადაც მითითებულია სხდომის დაწყების დრო, ადგილი და გამოცხადების სავალდებულოობა (სსსკ 221-ე მუხლის პირველი, მეორე, მეოთხე და მეხუთე, ნაწილები). ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატებს მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე გონივრულ ვადაში საცხოვრებელი ადგილის მისამართზე ეგზავნებათ მოსამართლის მიერ მხარეებთან მოთათბირების საფუძველზე დამტკიცებული კითხვარი.

ნაფიც მსაჯულთა კანდიდატი ვალდებულია უპასუხოს კითხვებს კითხვარში მითითებულ ვადაში (სსსკ-ის 221-ე მუხლის, პირველი ნაწილი).

მოსამართლე უფლებამოსილია დაიწყოს სხდომა და მსაჯულთა შერჩევის პროცედურა იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლოში მსაჯულობის 50-ზე ნაკლები კანდიდატი გამოცხადდება. მსაჯულთა შერჩევის სხდომის გახსნისა და შესაბამისი პირველადი პროცედურების გატარების შემდეგ, მოსამართლე მსაჯულობის კანდიდატებს მიაწვდის მხარეთა მონაწილეობით მომზადებულ განმარტებებს გამოსაყენებელი კანონის თაობაზე. ამის შემდეგ, მოსამართლე ამოწმებს ყველა გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს მსაჯულობის კანდიდატის აცილების (თვითაცილების) საფუძველი, და მხარეებს საშუალებას აძლევს, შეკითხვები დაუსვან მსაჯულობის კანდიდატებს და წარმოადგინონ დამატებითი მასალები აცილების თაობაზე (სსს კ-ის 222-ე მუხლი და 223-ე მუხლის მეორე ნაწილი).

მოსამართლე უფლებამოსილია მოსთხოვოს მხარეებს მისთვის წინასწარ იმ შეკითხვების წარდგენა, რომელთა მსაჯულობის კანდიდატებისთვის დასმასაც ისინი აპირებენ; ეს არ ზღუდავს მხარეებს, რომ დასვან დამაზუსტებელი კითხვები. მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია სწორი და ამომწურავი პასუხები გასცეს მისთვის დასმულ შეკითხვებს, წარმოადგინოს სხვა აუცილებელი ინფორმაცია მისი პიროვნებისა და განსახილველი საქმის მონაწილეებთან მისი ურთიერთობის თაობაზე, აგრეთვე ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს საქმის ობიექტურად და მიუკერძოებლად განხილვაში (სსსკ-ის 223-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები).

მსაჯულობის კანდიდატისთვის დასმული შეკითხვები არ უნდა ხელყოფდეს მის პირად, პროფესიულ ან/და კომერციულ საიდუმლოებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. მსაჯულობის კანდიდატს შეიძლება მოეთხოვოს აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ მხარის დასაბუთებული მოთხოვნის არსებობისას. თუ აღნიშნული ინფორმაციის გამჟღავნებამ შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს მის ინტერესებს, მსაჯულობის კანდიდატი ინფორმაციას აწვდის მხოლოდ უშუალოდ სხდომის თავმჯდომარეს (სსსკ-ის 223-ე მუხლის მეხუთე ნაწილი).

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი ვალდებულია კანონით განსაზღვრული აცილების საფუძვლის არსებობის შემთხვევაში ეს აცნობოს სასამართლოს უწყების მიღებიდან 2 დღის განმავლობაში. მსაჯულობის კანდიდატს, ასევე შეუძლია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თვითაცილების შესახებ და მიუთითოს იმ გარემოებაზე, რომელიც მას ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის უფლებამოსილების განხორციელებაში. თვითაცილება დასაბუთებული უნდა იყოს. მხარეებს უფლება აქვთ, გამოთქვან თავიანთი დამოკიდებულება მსაჯულობის კანდიდატის თვითაცილებისადმი (სსსკ-ის 221-ე მუხლის მეექვსე ნაწილი და 223-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი).

პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე (სსს კოდექსის 31-ე მუხლი):

ა) თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული;

ბ) თუ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს;

გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო;

დ) თუ ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ;

ე) თუ 70 წელს გადაცილებულია.

მხარე უფლებამოსილია დააყენოს მსაჯულობის კანდიდატის აცილების შესახებ შუამდგომლობა. აცილების უფლებას პირველად ახორციელებს ბრალდების მხარე, ხოლო შემდეგ _ დაცვის მხარე (სსსკ-ის 223-ე მუხლის პირველი ნაწილი). მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ, როგორც დასაბუთებული, ასევე დაუსაბუთებელი შუამდგომლობები.

პირი ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას ნაფიც მსაჯულად, თუ არსებობს სსს კოდექსით დადგენილი ნაფიცი მსაჯულის აცილების რომელიმე საფუძველი (სსსკ-ის 31-ე მუხლი):

ა) იგი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირია;

ბ) იგი გამომძიებელია;

გ) იგი პოლიციელია;

დ) იგი ირიცხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;

ე) იგი სასულიერო პირია;

ვ) იგი აღნიშნულ საქმეში სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეა;

ზ) იგი ბრალდებულია; თ)იგი ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირია;

ი) მისი მონაწილეობა ნაფიც მსაჯულად აღნიშნულ საქმეში აშკარად უსამართლო იქნებოდა ამ პირის მიერ გამოხატული მოსაზრებების ან პირადი გამოცდილების საფუძველზე;

კ) იგი ფსიქოლოგია;

ლ) იგი ფსიქიატრია;

მ) იგი იურისტია.

რაც შეეხება დაუსაბუთებელი აცილების საკითხს, თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, მხარეს 12 დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლება აქვს. დანარჩენ შემთხვევებში მხარე უფლებამოსილია განაცხადოს 6 დაუსაბუთებელი აცილება. თუ საქმეში რამდენიმე ბრალდებულია, თითოეულ მათგანს დამატებით 3 კანდიდატის დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლება ეძლევა. იგივე უფლება ეძლევა ბრალდების მხარეს. თუ რომელიმე ბრალდებული სრულად არ გამოიყენებს აცილების განცხადების საკუთარ კვოტას, მისი გამოყენების უფლება ენიჭება იმავე საქმეში სხვა ბრალდებულს. ამ შემთხვევაში ბრალდების მხარე სარგებლობს იმდენივე დაუსაბუთებელი აცილების განცხადების უფლებით, რამდენითაც ისარგებლა ყველა ბრალდებულმა საერთო ჯამში. დაუსაბუთებელი აცილება არ შეიძლება იმგვარად იყოს გამოყენებული, რომ მოხდეს მსაჯულობის კანდიდატთა დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რწმენის, მსოფლმხედველობის, პოლიტიკური შეხედულებების, რაიმე გაერთიანების წევრობის, ეთნიკური, კულტურული და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ოჯახური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ცხოვრების წესის, დაბადების ადგილის, ასაკის ან ნებისმიერი სხვა ნიშნის საფუძველზე (სსსკ-ის 223-ე მუხლის მეექვსე, მეათე და მეთერთმეტე ნაწილები).

აცილებისა და თვითაცილების შესახებ შუამდგომლობებს მოსამართლე განიხილავს საჯაროდ და გამოაქვს დასაბუთებული განჩინება. აცილებულმა მსაჯულობის კანდიდატმა უნდა დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი. (სსსკ-ის 223-ე მუხლის მერვე ნაწილი).

თუ თვითაცილებისა და აცილების შემდეგ მსაჯულობის კანდიდატთა რაოდენობა სიაში 14-ზე ნაკლებია, მოსამართლე გადადებს სხდომას არა უმეტეს 10 დღით და დადგენილი წესის შესაბამისად მოიწვევს დამატებით არა უმეტეს 30 კანდიდატს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობის სსს კოდექსით დადგენილ რაოდენობამდე შესავსებად (სსსკ-ის 223-ე მუხლის მეცხრე ნაწილი). აცილების შემდეგ დარჩენილ მსაჯულობის კანდიდატთაგან თორმეტს სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს ნაფიც მსაჯულად, ხოლო ორი საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც სა- თადარიგო მსაჯული. საქმის სირთულიდან გამომდინარე, მოსამარ- თლე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება უფრო მეტი სა- თადარიგო მსაჯულის დამტკიცების შესახებ. სათადარიგო მსაჯული ესწრება სასამართლო სხდომას და სასამართლოს თათბირს. სა- თადარიგო მსაჯულს უფლება არა აქვს, გამოხატოს საკუთარი აზრი, გავლენა მოახდინოს ნაფიც მსაჯულებზე ან მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრაში (სსსკ-ის 224-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები).

ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურის დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს საქმის განხილვის დღეს, რომელიც უნდა იყოს არა უგვიანეს შერჩევის პროცედურის დასრულებიდან მესამე დღისა (სსსკ-ის 224-ე მუხლის მესამე ნაწილი).

სხდომის თავმჯდომარე ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობიდან წილისყრის საფუძველზე ნიშნავს უფროს მსაჯულს. უფროსი მსაჯული თავმჯდომარეობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს თათბირს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სახელით წერილობითი შეკითხვით მიმართავს სხდომის თავმჯდომარეს, აჯამებს კენჭისყრის საერთო შედეგებს, ადგენს შესაბამის დოკუმენტებს, ხელს აწერს ვერდიქტს და სასამართლო სხდომაზე აცხადებს მას. უფროსი მსაჯულის გათავისუფლების შემთხვევაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო თავისი შემადგენლობიდან წილისყრის საფუძველზე ირჩევს ახალ უფროს მსაჯულს (სსსკ-ის 233-ე მუხლი).

სისხლის სამართლის საქმის მოსმენის შემდგომ ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტს იღებენ ერთხმად. თუმცა, თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 3 საათის განმავლობაში ვერ მოახერხებს გადაწყვეტილების ერთხმად მიღებას, გადაწყვეტილება მომდევნო 6 საათის განმავლობაში მიიღება ხმათა შემდეგი უმრავლესობით: თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება არანაკლებ 11 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 8 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 10 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 7 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 9 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 6 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 8 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 5 ხმით; თუ ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება 7 ან 6 ნაფიცი მსაჯულისაგან, ვერდიქტი მიიღება 4 ხმით (სსსკ-ის 261-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილები).

თუ ნაფიც მსაჯულებს არ შესწევთ უნარი, მიაღწიონ საერთო შეთანხმებას, სხდომის თავმჯდომარე კიდევ ერთხელ განუმარტავს ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის მნიშვნელობას და სთხოვს უფროს ნაფიც მსაჯულს, სხდომის თავმჯდომარეს მოახსენოს, არის თუ არა ისეთი მსაჯული, რომელიც უარს აცხადებს მსჯელობაში მონაწილეობის მიღებაზე ან რომელსაც აქვს ინტერესი საქმის მიმართ, რის შესახებაც არ განაცხადა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის დროს. აღნიშნული განმარტების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე მიმართავს ნაფიც მსაჯულებს, დაბრუნდნენ სათათბირო ოთახში და გამოიტანონ ვერდიქტი კანონის შესაბამისად (სსსკ-ის 261-ე მუხლის მეხუთე ნაწილი).

თუ სათათბირო ოთახში დაბრუნების შემდეგ ნაფიცი მსაჯულები მომდევნო 3 საათის განმავლობაშიც ვერ მიიღებენ ვერდიქტს, მოსამართლე მისცემს მათ დამატებით გონივრულ ვადას ან დაითხოვს მათ სრულ შემადგენლობას და დანიშნავს ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის შერჩევის სხდომის თარიღს. თუ არც ამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესწევს უნარი, მიიღოს გადაწყვეტილება ამ კოდექსით დადგენილი წესით, ბრალდებული გამართლებულად ითვლება (სსს.კ-ის 261-ე მუხლის მეექვსე ნაწილი).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: