კონსპექტი – სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეები და მათი სამართლებრივი მდგომარეობა – სასამართლო

თანამედროვე ქართული სისხლის სამართლის პროცესი, რომელშიც ჭარბობს ანგლო-ამერიკული სისხლის სამართლის პროცესის ელემენტები, წარმოადგენს ე.წ. ,,შეჯიბრებით პროცესს“. სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი დევნის ინტერესებს პროცესში იცავს ბრალდების მხარე, ხოლო დაცვის მხარედ ბრალდებული და მისი ადვოკატი გვევლინება. მხოლოდ მხარეების კომპეტენციაა მტკიცებულებების მოპოვება, სასამართლოში მათი წარმოდგენა და გამოკვლევა. მხარეებს გააჩნიათ პროცსზე ბატონობა და შეუძლიათ პროცესის ნებისმიერ ეტაპზე დაამთავრონ საქმის წარმოება ბრალდებაზე უარის თქმის ან საპროცესო შეთანხმების გზით. მოსამართლე საქმის არსებითი განხილვისას არ აწარმოებს დამოუკიდებლად სასამართლო გამოძიებას, რადგან მტკიცებულებათა გამოკვლევა მხარეების ამოცანაა. იგი ხემძღვანელობს სასამართლო პროცესს და ინარჩუნებს ნეიტრალურ პოზიციას. ნაფიცი მსაჯულები მხარეების მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას ბრალდებულის უდანაშაულობისა და დამნაშავეობის შესახებ, მოსამართლე კი ნაფიცი მსაჯულების მიერ ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში განსაზღვრავს სასჯელს. ამრიგად, სისხლის სამართლის პროცესის ძირითად მონაწილეებად გვევლინებიან ბრალდების მხარე (პროკურორი, გამომძიებელი), დაცვის მხარე (ბრალდებული, ადვოკატი) და ასევე სასამართლო. ზემოაღნიშნული პირები აწარმოებენ სისხლის სამართლის პროცესს და იწოდებიან პროცესის სუბიექტებად. ფართო გაგებით პროცესის მონაწილეები არიან აგრეთვე დაზარალებული, მოწმე, ექსპერტი და ა.შ., რომლის შესახებაც ქვემოთ გვექნება საუბარი.

§ 1. სასამართლო

როგორც არისტოტელე აღნიშნავს ,,სიმართლე არის სადღაც შუაში~. სწორედ აღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილეებისგან განსხვავებით განსაკუთრებული პროცესუალური ადგილი უკავია. მაშინ, როდესაც ბრალდებული, მისი ადვოკატი და პროკურორი გვევლინებიან ერთმანეთის მოწინააღმდეგე პროცესის მონაწილეებად, სასამართლოს აკისრია ვალდებულება, იყოს აბსოლიტურად ნეიტრალური და არ დაიკავოს არცერთი მათგანის პოზიცია და არ მიანიჭოს უპირატესობა რომელიმე მხარეს. სასამართლო არის ერთადერთი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულება და გამოიტანოს საბოლოოს გადაწყვეტილება პიროვნების მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საქმე განიხილება მოსამართლის ან კანონით დადგენილ შემთხვევებში ნაფიცი მსაჯულების მიერ. სამოსამართლეო საქმიანობის ახორციელებენ 30 წლის ასაკს მიღწეული, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე მოქალაქეები, რომელთაც აქვთ სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 5 წლის გამოცდილება და რომლებიც მოსამართლის თანამდებობაზე არიან განწესებული კანონით დადგენილი წესით (იხ. საქართველოს კონსტიტუციის 86-ე მუხლი).

1.1. მოსამართლის დამოუკიდებლობა

საქართველოს კონსტიტუციის 84-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის განხილვის გარანტიას, რაც სამართლიანი პროცესის უმნიშვნელოვანესი ელემენიტია. მოსამართლის დამოუკიდებლობა წარმოადგენს არა მოსამართლის პრივილეგიას, არამედ იმის გარანტს, რომ სასამართლოს საქმიანობაში არ მოხდეს გარეშე პირების მხრიდან ჩარევა გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, რაც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განუყოფელი ნაწილია. მოსამართლის დამოუკიდებლობის ქვეშ მოიაზრება, როგორც საგნობრივი ისე პერსონალური დამოუკიდებლობა. საგნობრივი დამოუკიდებლობა ნიშნავს იმას, რომ მოსამართლე კონკრეტულ საქმეზე ყოველგვარი მითითებების გარეშე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილების მიღების პროცესში იგი ხელმძღვანელობს მხოლოდ კონსტიტუციითა და სხვა კანონებით. პერსონალური დამოუკიდებლობის საკითხი, რომელიც მოიცავს მოსამართლის ჩამოცილებას საქმის განხილვისაგან, თანამდებობიდან მის ვადამდე გათავისუფლებას ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანას, მოწესრიგებულია შესაბამისი კანონმდებლობით (იხ. ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის VI თავი).
სასამართლო, რომელიც სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს უნდა იყოს დამოუკიდებელი და არ უნდა ექვემდებარებოდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას და ასევე პრცესის რომელიმე მონაწილეს. მოსამართლე დამოუკიდებლად და სრულად უნდა აკონტროლებდეს საკუთარ გადაწყვეტილებას და არ უნდა იყოს შეზღუდული სხვა პირების სავალდებულო მოსაზრებებით.

1.2. მოსამართლის მიუკერძოებლობა

მოსამართლე უნდა იყოს არა მხოლოდ დამოუკიდებელი, არამედ მიუკერძიებელიც. სასამართლოს მიმართ უნდა არსებობდეს სრული ნდობის საფუძველი, რომ მოსამართლეს არ ექნება მიკერძოებული პოზიცია რომელიმე მხარის ან განსახილველი სისხლის სამართლის საქმისადმი. ზოგადად მიუკერძოებლობაში იგულისხმება, რომ მოსამართლე საქმეს განიხილვის დროს არ მოქმედებს რომელიმე მხარის ინტერესების სასარგებლოდ. ვინაიდან, მიუკერძოებლობის პრინციპი მთლიანად სასამართლოზე ვრცელდება, მიუკერძოებლობის ვალდებულება ეკისრება აგრეთვე ნაფიც მსაჯულსაც.
გამომდინარე პრინციპიდან, რომ არავინ არ შეიძლება იყოს მოსამართლე საკუთარ საქმეში, მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუკი მას განსახილველი დანაშაულის შედეგად ზიანი მიადგა ან პროცესის მონაწილეებთან აქვს ახლო დამოკიდებულება. მოსამართლის პროცესში მონაწილეობა გამოირიცხება ისეთი გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც, რომლებიც საეჭვოს ხდიან მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას (სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილი).

1.3. სასამართლოების სისტემა და ორგანიზაცია

სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას ახორციელებენ საერთო სასამართლოები, რომელთაც მიეკუთვნება: რაიონული (საქალაქო)სასამართლო, სააპელაციო სასამართლო და საქართველოს უზენაესი სასამართლო. საერთო სასამართლოების სისტემა დადგენილია და რეგულირდება ,,საერთო სასამართლოების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონით. აგრეთვე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებასთან და განსჯადობასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლის თაობაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.

1.3.1. პირველი ინსტანციის სასამართლო

საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლო საერთო სასამართლო სისტემაში წარმოადგენს ყველაზე დაბალ რგოლს, რომელიც პირველი ინსტანციით განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს. სისხლის სამართლის საქმე რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განხილება როგორც წესი ერთპიროვნულად მოსამართლის მიერ, ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნაფიცი მსაჯულებისა და მოსამართლის მონაწილეობით. რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს შემადგენლობაში მოსამართლეებთან ერთად შეიძლება შედიოდნენ აგრეთვე მაგისტრატი მოსამართლეებიც (,,საერთო სასამართლოების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლი), რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებას მთელ რიგ პროცესუალურ საკითხებზე სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში არსებითი განხილვისათვის გადაცემამდე.

1.3.1.1. საგნობრივი განსჯადობა და სასამართლოს შემადგენლობა

საგნობრივი განსჯადობა გულისხმობს სისხლის სამართლის საქეების ქვემდებარეობის მიხედვით განაწილებას, როგორც სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებს შორის, ისე ერთი ინსტანციის სასამართლოს შიგნით სხვადასხვა ,,მოსამართლეთა შემადგენლობებზე~. როგორც ზემოთ აღინიშნა, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში ჩვეულებრივ მოსამართლეებთან ერთად შეიძლება ფუნქციონირებდეს მაგისტრატ მოსამართლეთა და ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობებიც. ამიტომ, კანონიერი სასამართლოს პრინციპიდან გამომდინარე, კანონით არის განსაზღვრული აღნიშნული შემადგენლობების კომპეტენციის საკითხი.
თუ პირს ბრალი აქვს წაყენებულის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადი დანაშაულის ჩადენისათვის, სისხლის სამართლის საქმეს მიეკუთვნება ამ უკანასკნელის საგნობრივ განსჯადობას და შესაბამისად, მას არსებთად განიხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. სსსკ-ის 27-ე მუხლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს 12 მსაჯულისა და 2 სათადარიგო მსაჯულის შემადგენლობით. ნაკლებად მძიმე კატეგორიის საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა შემადგენლობაში არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები მსაჯული, ხოლო მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე – რვაზე ნაკლები და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის საქმეებზე – ათზე ნაკლები.
რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე ერთპიროვნულად პირველი ინსტანციით იმ შემთხვევაში განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს, თუ მხარეები ერთობლივად უარს განაცხადებენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, ან თუ სისხლის სამართლის საქმე არ მიეკუთვნება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას. ცალკეულ შემთხვევებში, თუ საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის ან საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულისაა, საქმის განმხილველი სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია დაადგინოს საქმის კოლეგიური განხილვა, როდესაც შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში არის მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობა კოლეგიური შემადგენლობით საქმის განხილვისათვის (იხ. სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის საგნობრივ განსჯადობას მიეკუთვნება ისეთი საქმეები, როგორიც არის ადამიანის კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვისა და იძულებით ღონისძიებებთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოტანა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა. ამასთან ერთად, მაგისტრატი მოსამართლე განიხილავს საჩივრის გამომძიებლის ან პროკურორის უკანონო ქმედების გამო და ახორციელებს კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მაგისტრატი მოსამართლე განსახილველ საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას იღებს ერთპიროვნულად.

1.3.1.2. ტერიტორიული განსჯადობა

განსხვავებით საგნობრივი განსჯადობისაგან, ტერიტორიული განსჯადობა გულისხმობს სისხლის საქმეების განაწილებას ერთი და იმავე ინსტანციის სასამართლოებს შორის ტერიტორიული თვალთახედვიდან გამომდინარე (მაგ., ბრალდებულის სასამართლოში პირველად წარდგენის ადგილის მიხედვით, პროცესის მონაწილეთა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით). როგორც წესი, პროკურორმა სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში განსახილველად უნდა გაგზავნოს იმ ადგილის მიხედვით, სადაც ბრალდებული პირველად წარედგინა სასამართლოს (სსსკ-ის 21-ე მუხლის პირველი ნაწილი). რაიონული (საქალაქო) სასამართლო ვალდებულია შემოსული სისხლის სამართლის საქმე შეამოწმოს განსჯადობასთან დაკავშირებით. თუ იგი დაადგენს, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე მისი განსჯადი არ არის, სასამართლო განჩინებით საქმეს გადასცემს იმ სასამართლოს, რომლის ტერიტორიულ განსჯადობასაც მიეკუთვნება მოცემული სისხლის სამართლის საქმე.
ზემოხსენებული წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც ე.წ. ,,მოძრავი განსჯადობის~ სახელით არის ცნობილი. აღნიშნული განპირობებულია საპროცესო ხარჯების შემცირების ინტერესებით. ვინაიდან, პროცესის მონაწილეთა სასამართლოში გამოცხადება საპროცესო ხარჯებთან არის დაკავშირებული, მხარეებს უფლება აქვთ შუამდგომლობა დააყენონ სისხლის სამართლის საქმის მასში მონაწილე დაზარალებულებისა და მოწმეთა უმრავლესობის ადგილსამყოფელის მიხედვით სასამართლოსთვის გაცამემასთან დაკავშირებით. შუამდგომლობას განიხილავს და მოძრავი განსჯადობის საკითხს წყვეტს ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე (იხ. სსსკ-ის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

1.3.1.3. მაგისტრატი მოსამართლე

მაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტი წარმოადგენს სიახლეს ქართული მართლმსაჯულების სისტემაში. 2005 წელს დაწყებულ სასამართლო რეფორმის ფარგლებში ახლებურად მოხდა სასამართლოს სისტემის მოწყობა, მათ შორის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში დაინერგა მაგისტრატი მოსამართლის ინსტიტუტი.
მაგისტრატი მოსამართლე არის შეზღუდული იურისდიქციის მქონე მოსამართლე. მის კომპეტენციაში არ შედის სისხლის სამართლის საქმეების არსებითი განხილვა. იგი ახორციელებს თავის უფლებამოსილებას გამოძიებისა და წინა სასამართლო სხდომის ეტაპზე. მისი მნიშვნელოვანი ფუნქცია გამოძიების ეტაპზე ვლინდება პიროვნების კონსტიტუციით დაცული და გარანტირებული უფლებათა შეზღუდვის საკითხის გადაწყვეტაში. აღნიშნული ფუნქციის ფარგლებში მაგისტრატი მოსამართლე განიხილავს და წყვეტს საკითხს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისწიებების გამოყენების შესახებ, მასვე გამოაქვს გადაწყვეტილება ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის ან გაუქმების თაობაზე. ბრალდებულის უფლებათა დასაცავად, იგი ზემოაღნიშნულის გარდა, განიხილავს საჩივარს გამომძიებლის ან პროკურორის უკანონო ქმედების გამო.
მაგისტრატი მოსამართლის როლი მნიშვნელოვანია აგრეთვე მხარეების მიერ მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში, ვინაიდან, ისეთი საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობლობას ან პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის განჩინების საფუძველზე (სსსკ-ის 112-ე მუხლის პირველი ნაწილი). გამოძიების ეტაპზე პროცესის შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის უზრუნველსაყოფად, მაგისტრატი მოსამართლე დახმარებას უწევს დაცვის მხარეს მტკიცებულებების მოპოვებაში. კერძოდ, სსსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მტკიცებულებების მოპოვებისათვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომელსაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ ატარებს, აღნიშნული მოქმედებების ჩასატარებლად შესაძლებელია, რომ დაცვის მხარემ მიმართოს შუამდგომლობით მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. მაგისტრატმა მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს საბოლოოდ მხარეების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხიც.
მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებაში შედის აგრეთვე წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრა, ხოლო წინასასამართლო სხდომაზე კი არსებითი განხილვისათვის საქმის გადაცემის საკითხის გადაწყვეტა (სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილი ,,ე~ ქვეპუნქტი).
სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის მიზნით, კანონმდებელი მაგისტრატი მოსამართლის კომპეტენციას მიაკუთვნებს მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანას.
მაგისტრატი სასამართლოს ინსტიტუტის არსებობას ხანგრძლივი ისტორია გააჩნია ანგლო-ამერიკული სამართლებრივი სისტემის მქონე ქვეყნებში. აღნიშნულ ქვეყნებში მაგისტრატების სასამართლოები ქმნიან სასამართლო სისტემის ძირითად როგოლს, რომლებიც სხვა საპროცესო მოქმედებების განხორციელებასთან ერთად არსებითად განიხილავენ მცირე მნიშვნელობის მქონე დანაშაულის საქმეებს. განსხვავებით საქართველოს მაგისტრატი მოსამართლეებისაგან, ინგლისსა და აშშ-ი მოქმედ მაგისტრატი მოსამართლეთა უმეტეს ნაწილის არ გააჩნია იურისტის კვალიფიკაცია და სამოსამართლეო მოვალეობას ასრულებენ საზოგადოებრივ საწყისებზე.

1.3.1.4. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო

2004 წლის 6 თებერვალს საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საფუძველი ჩაეყარა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში საზოგადოების აქტიური მონაწილეობის ახლებურ ფორმას. საქართველოს კონსტიტუციის ზემოხსენებული მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნულია, რომ ,,საერთო სასამართლოებში საქმეები ნაფიცი მსაჯულების მიერ განიხილება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით~. მოგვიანებით სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის რეფორმის შედეგად, მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2, 22-ე, 23-ე და 24-ე თავებში განისაზღვრა ცალკეული დებულებები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ. საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დანერგვის პირველ მცდელობას წარმოადგენდა 1919 წლის იანვარს მიღებული ,,ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღების შესახებ~ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს რესპუბლიკის კანონი. ამასთან ერთად, 1921 წლის 21 თებერვლს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლით განისაზღვრა, რომ მძიმე სისხლის სამართლისა და აგრეთვე პოლიტიკური და ბეჭვდითი დანაშაულებისათვის იარსებებდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი. თუმცა, რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის გამო ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არ მიეცა პრაქტიკაში რეალურად ფუნქციონირების შესაძლებლობა.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ისტორიულ სამშობლოდ ინგლისი მოიაზრება, თუმცა არსებობს ვარაუდი იმის თაობაზე, რომ საზოგადოება მართლმსაჯულების განხორციელებაში სხვადასხვა ფორმით მონაწილეობდა ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში და სკანდინავიის ქვეყნებში. ოფიციალური წყაროების თანახმად, ინგლისში მეფე ჰენრი მეორის (1154 – 1189) მიერ დამკვიდრდა 1166 წელს წესი, რომლითაც ადგილობრივ მოსახელეობიდან შერჩეულ მსაჯულებს აიძულებდნენ, ფიცის ქვეშ დაესახელებინათ დანაშაულის ჩამდენი თანამოქალაქეები. სახელმწიფოს მიერ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უფლების აღიარება ოფიციალურად ,,მაგნა კარტაზე~ მეფის მიერ ხელმოწერით მოხდა. ინგლისიდან ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გავრცელება ჰპოვა ინგლისის ყველა კოლონიებსა და აგრეთვე სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც წარსულში იმყოფებოდნენ ინგლისური ზეგავლენის ქვეშ. ასეთ ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნებიან, ამერიკის შეერთებული შტატები, ირლანდია, ავსტრალია, კანადა და ახალი ზელანდია. შეზღუდული ფორმით მოქმედებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ასევე კონტინენტური ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, დანია, ბელგია, ნორვეგია, ავსტრია, საფრანგეთი, შვეიცარია.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მართლმსაჯულების ყველაზე დემოკრატიულ ფორმად არის მიჩნეული, რადგან ამ შემთხვევაში თავად ხალხია ,,უზენაესი მოსამართლე~ თანამოქალაქის მიერ დანაშაულის ჩადენაში ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტის დროს. საზოგადოების აქტიურად ჩართულობას სისხლის სამართალწარმოების პროცესში შეუძლია კიდევ უფრო გააუმჯობესოს მართლმსაჯულების ხარისხი და ამასთანავე განუმტკიცოს მოქალაქეებს მართლმსაჯულების მიმართ ნდობა და გაზარდოს მათი სამართლებრივი შეგნების დონე. არსებობს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ორი მოდელი – კლასიკური და შერეული მოდელები. ,,კლასიკური მოდელი~, რომელიც მოქმედებს ინგლისში გულისხმობს ფუნქციათა მკაცრ გამიჯვნას მოსამართლესა და ნაფიც მსაჯულებს შორის. ამ შემთხვევაში ნაფიც მსაჯულებს გამოაქვთ ვერდიქტი ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ხოლო მოსამართლე დამნაშავედ ცნობილ პირს უფარდებს სასჯელს და წყვეტს სხვადასხვა პროცესუალურს საკითხებს. ,,შერეული მოდელის~ დროს კი ხდება მოსამართლისა და ნაფიცი მსაჯულების მიერ პიროვნების ბრალეულობისა და სასჯელის საკითხის ერთობლივად გადაწყვეტა. ასეთი მოდელის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მოქმედებს მაგალითად, საფრანგეთში, სადაც სისხლის სამართლის საქმე განიხილება 9 ნაფიცი მსაჯულისა და 3 მოსამართლის მონაწილეობით.
საქართველოში მოქმედებს ე.წ. კლასიკური მოდელის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, რომელიც როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, შედგება 12 მსაჯულისაგან და 2 სათადარიგო მსაჯულისაგან. ნაფიც მსაჯულად გვევლინებიან საქართველოს სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული 18 წელს გადაცილებული პირები, რომლებმაც იციან სისხლის სამართლის პროცესის ენა და ცხოვრობენ სისხლის სამართლის საქმის განმხილველი სასამართლოს განსჯადობის ტერიტორიაზე (იხ. სსსკ-ის 29-ე მუხლი). მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილება არ არის საკმარისი, რომ პირმა დაიკავოს ნაფიცი მსაჯულის სავარძელი, იგი ამავდროულად არ უნდა იყოს შეუთავსებელი ნაფიცი მსაჯულობისთვის. შეუთავსებლობას ადგილი ექნება, თუ არსებობს ნაფიცი მსაჯულის აცილების რომელიმე გარემოება ან თუ პირს გააჩნია ისეთი პროფესია, რომელიც გამორიცხავს სისხლის სამართლის პროცესში მის ნაფიც მსაჯულად მონაწილეობის მიღებას . ნაფიც მსაჯულად პროცესში მონაწილეობა წარმოადგენს მოქალაქის ვალდებულებას და მას უფლება არ აქვს უარი განაცხადოს აღნიშნული მოვალეობის შესრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა თუ: იგი უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული; ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს; ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ; 70 წელს გადაცილებულია; ჯანმრთელობის მდგომარეობა არ Aაძლებს ამის საშუალებას (იხ. სსსკ-ის 31-ე მუხლი).
ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ წარმოადგენს მუდმივმოქმედ სასამართლოს. ნაფიცი მსაჯულები იკრიბებიან პერიოდულად, როდესაც წარდგენილი ბრლდებიდან გამომდინარე საქმე მათ განსჯადობას მიეკუთვნება. პოტენციური ნაფიცი მსაჯულები 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან შეირჩევიან მხარეთა მონაწილეობით ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე. აღნიშნულ სხდომაზე შერჩეულ მსაჯულობის კანდიდატთაგან თორმეტს სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს ნაფიც მსაჯულად. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომის გახსნისას ნაფიცი მსაჯულები დებენ ფიცს და იღებენ კანონით განსაზღვრული უფლება-მოვალეობათა შესახებ განმარტებებს სხდომის თავმჯდომარესგან. საქმის განხილვის შემგეგ სათათბირო ოთახში გასვლამდე ნაფიცი მსაჯულები სასამართლო სხდომის თავმჯდომარისგან იღებენ განმარტებებს სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. აღნიშნული განმარტებების საფუძველზე ნაფიცი მსაჯულთა სასამართლო იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ფაქტებთან დაკავშირებით და გამოაქვს გამამართლებელი ან გამამტყუნებელი ვერდიქტი.

1.3.2. სააპელაციო ინსტანციის სასამართლო

სააპელაციო ინსტანციის სასამართლო წარმოადგენს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოში ფუნქციონირებს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა და საგამოძიებო კოლეგია. სისხლის სამართლის საქმეთა პალატის საგნობრივ განსჯადობას მიეკუთვნება რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განაჩენსა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების გამო მხარეების მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივრების განხილვა. საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ მაგისტრატი მოსამართლის განაჩენი საჩივრდება აგრეთვე სააპელაციო საჩივრით სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-4 ნაწილი). გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განსჯადია საჩივარი კანონიერ ძალაში შესული განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილების ახლად გამოვლენილ გარემობათა გამო გადასინჯვის შესახებ (სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-6 ნაწილი). სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სისხლის სამართლის საქმე სააპელაციო წესით განიხილება კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით (სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილი). სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ ცალკეულ შემთხვევებში, ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულთა სისხლის სამართლის საქმეებზე საჩივრები შესაძლებელია სააპელაციო წესით ერთპიროვნულადაც განიხილოს (სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილი).
სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია განიხილავს მაგისტრატი მოსამართლის განსჯადობისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გამო საჩივრებს (სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიაში საჩივრდება მაგისტრატი მოსამართლის მიერ გამოძეებისა და წინასასამართლო სხდომის ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებები. სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის შემდეგ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო საჩივრები აღარ ექვემდებარება საგამოძიებო კოლეგიის განსჯადობას. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია განიხილავს მაგალითად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ მაგისტრატი მოსამართლის განჩინების გამო საჩივრებს (სსსკ-ის 207-ე მუხლი), სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე მოსამართლის განჩინების გამო საჩივარს (სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-6 ნაწილი) და ა.შ. ზემოაღნიშნულ საჩივრებს სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე განიხილავს ერთპიროვნულად (სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

1.3.3. საკასაციო ინსტანციის სასამართლო

საქართველოს უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა საქართველოს უზენაესი სასამართლო. უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეს იხილავს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, აგრეთვე ცალკეულ შემთხვევებში დიდი პალატა.
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატატის განსჯადია საკასაციო საჩივრები სააპელაციო სასამართლოს განაჩენისა და სხვა შემაჯამებელი სასამართლო გადაწყვეტილებების გამო (სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილი), სადაც საჩივრები განიხილება კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით.
სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მოტივირებული განჩინებით შეუძლია საქმე განსახილველად გადასცეს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, თუ საქმე თავისი შინაარსით წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, ასევე, როდესაც იგი არ იზიარებს სხვა სისხლის სამართლის საქმეთა პალატის ან დიდი პალატის მიერ ადრე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას (იხ. ,,საერთო სასამართლოების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი). დიდი პალატა საქმეს განიხილავს 9 მოსამართლის შემადგენლობით, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ამ საქმის თავდაპირველად განმხილველი მოსამართლეებიც.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: