კონსპექტი – სისხლის სამართლის პროცესის სტადიების ზოგადი მიმოხილვა

1. გამოძიება

სისხლის სამართლის პროცესი იწყება გამოძიებით. გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის ჩადენის შესახებ ეჭვის არსებობა. როგორც წესი, ეჭვი ემყარება მესამე პირების მიერ პოლიციაში, საგამოძიებო ორგანოში ან პროკურატურაში დანაშაულის შესახებ განაცხადის გაკეთებას. ასეთი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში (მნიშვნელობა არ აქვს ინფორმაციის წყაროს) გამომძიებელი და პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება (სსსკ-ის 100-ე და 101-ე მუხლები). თუ თავდაპირველად დანაშაულის ჩამდენი პირი უცნობია, გამოძიება მიმდინარეობს დანაშაულთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოსაპოვებლად და დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად.
დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირი, რომლის მიმართაც წარმოებს გამოძიება, იწოდება ბრალდებულად. ბრალდებული წარმოადგენს ზოგად ტერმინს, რომელიც გამოიყენება სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირის მიმართ.
დანაშაულის გამოძიებას, როგორც წესი აწარმოებს გამომძიებელი, თუმცა გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელად გვევლინება პროკურორი. იგი უფლებამოსილია გარკვეულ შემთხვევებში სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება. გამოძიება შედგება ცაკეული საგამოძიებო მოქმედებებისგან, რომლის მეშვეობით ხდება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვება. წარდგენილი ბრალდებისგან თავის დასაცავად, გამოძიების ჩატარების უფლება ენიჭება აგრეთვე ბრალდებულსაც, რომელიც მტკიცებულებებს მოიპოვებს დამოუკიდებლად ან დამცველის მეშვეობით. გასათვალისწინებელია, რომ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომლებიც არსებითად ზღუდავენ პირის კანონით მინიჭებულ უფლებებსა და თავისუფლებებს (მაგ., ჩხრეკა, ფარულის საგამოძიებო მოქმედებები), შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს ნებართვით.
ვინაიდან, დამნაშავეთა უმეტესობა ცდილობს, რომ მიიმალოს და თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, გაანადგუროს მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებები ან სხვაგვარად ხელი შეუშალოს გამოძიებას, აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მთელ რიგ იძულების და აღკვეთის ღონისძიებებს (მაგ., დაკავება, დაპატიმრება, გირაო და ა.შ.).
მას შემდეგ, რაც მხარეები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად შეკრებენ საჭირო მტკიცებულებებს სასამართლოში საკუთარი პოზიციების მხარდასაჭერად, გამოძიების პროცესი მთავრდება და სისხლის სამართლის საქმის წინასასამართლო განხილვის ეტაპი იწყება.

2. წინასასამართლო სხდომა

თუ პროკურორი უარს არ იტყვის სისხლისსამართლებრივ დევნაზე და ამასთან ერთად გამოძიების ეტაპზე მხარეებს შორის არ დადებულა საპროცესო შეთანხმება, წინასასამართლო სხდომის ჩატარება ყოველთვის სავალდებულოა, ვიდრე სისხლის სამართლის საქმე სასამართლოს არსებითი განხილვისათვის გადაეცემა. სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვისათვის გადასაცემად წინასასამართლო სხდომის მოსამართლე უნდა დარწმნდეს იმაში, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტიცებულებები ალბათობის მაღალი ხარისხით იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ დანაშაული ბრალდებულმა ჩაიდინა (სსსკ-ის 219-ე მუხლის 5-ე ნაწილი).
წინასასამართლო სხდომის დანიშნულება პირველ რიგში პროცესის ეკონომიურების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. სისხლის სამართლის საქმის წინასასამართლო განხილვამ საქმის არსებითად განმხილველ სასამართლოს და ბრალდებულს უსაფუძვლო პროცესი უნდა აარიდოს თავიდან. აღსანიშნავია, რომ საქვეყნო სისხლის სამართლის პროცესს ბრალდებულის ფსიქიკისა და რეპუტაციისათვის არსებითი ზიანის მოტანა შეუძლია. სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის მიუხედავად, საზოგადოებაში მაინც არსებობს გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულება გამართლებულისადმი, რამაც შეიძლება მის კარიერაზე და რეპუტაციაზე უარყოფითად იმოქმედოს. ამიტომ, სასამართლოს წინაშე მხოლოდ ის პირი უნდა წარდგეს ბრალდებულის სახით, რომლის გასამართლების უფრო მაღალი ალბათობა არსებობს, ვიდრე გამართლების.

3. საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში

სისხლის სამართლის პროცესის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს საქმის სასამართლოში არსებითი განხილვა წარმოადგენს. მართალია, გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებები იძლევა პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გარკვეული დასკვნის გაკეთების საშუალებას, მაგრამ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებულ სისხლის სამართლის პროცესში პიროვნების დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ სასამართლომ უნდა მიიღოს. სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე წარმოებული პროცესი პირველ რიგში მიზნად ისახავს მხარეების მიერ სასამართლოსთვის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენას.
სისხლის სამართლის პროცესის აღნიშნულ ეტაპზე სრულყოფილად ხდება მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევა. თუკი სასამართლო მივა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულმა ბრალდებაში აღწერილი ქმედება ჩაიდინა, მაშინ მის მიმართ გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს. ხოლო, იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს გაუჩნდება გონივრული ეჭვი ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით, მან უნდა მიიღოს გამამართლებელი გადაწყვეტილება, მაშინაც კი, როცა უფრო მეტი რამ მის ბრალეულობაზე, ვიდრე უდანაშაულობაზე მეტყველებს (ე.წ. ინ დუბიო პრო რეო-ს პრინციპი).

4. სასამართლოს განაჩენის აღსრულება

სასამართლოს განაჩენის საჯაროდ გამოცხადების შემდეგ იგი კანონიერ ძალაში შედის და უნდა აღსრულდეს (სსსკ-ის 279-ე მუხლი). შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვის შემდეგ იწყება სისხლის სამართლის პროცესის ახალი ეტაპი – ე.წ. სასამართლოს განაჩენის აღსრულების ეტაპი. სისხლის სამართლის აღნიშნულ ეტაპზე განაჩენის დამდგენი სასამართლო უზრუნველყოფს განაჩენის აღსრულებასთან დაკავშირებულ პროცედურების დაწყებას, ამასთან ერთად განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მაგალითად, განაჩენის აღსრულების გადავადება, პოლიციის ორგანოების მეშვეობით მსჯავრდებულის ძებნა და ა.შ.

5. სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება

სისხლის სამართლის პროცესის შემდგომ ეტაპს წარმოადგენს სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება, რომელიც მოიცავს აპელაციას და კასაციას.
როგორც წესი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენი საბოლოო არ არის და გასაჩივრებას ექვემდებარება, თუკი კანონით გამონაკლისის სახით სხვა რამ არ არის დადგენილი (მაგალითად, გასაჩივრებას არ ექვემდებარება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი; ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად საკასაციო წესით სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდეს, იხ. სსსკ-ის 266-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი).
იმისდამიუხედავად, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და აღსასრულებლად მიექცევა, კანონი მაინც ანიჭებს მხარეებს უფლებას, განაჩენი გაასაჩივროს სააპელაციო წესით, თუ მას იგი უკანონოდ ან დაუსაბუთებლად მიაჩნია (სსსკ-ის 292-ე მუხლი). სააპელაციო ინსტანციაში ხდება მხოლოდ ახალი მტკიცებულებების გამოკვლევა. გარკვეულ გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია წინა ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევაც. სწრაფი და ეფექტური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და მის ნაცვლად დაადგინოს ახალი. ამიტომ, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოდან სისხლის სამართლის საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაბრუნდება.
არამარტო პირველი ინსტანციის სასამართლოს, აგრეთვე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს. ამ უკანასკნელის გასაჩივრება ხდება საკასაციო წესით, თუ კასატორის აზრით იგი უკანონოა. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილ განაჩენს საკასაციო წესით განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა.
მას შემდეგ, რაც მხარე ამოწურავს ნაციონალური სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციებში სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების ყველა საშუალებას, საბოლოოდ მას კიდევ აქვს შესაძლებლობა, მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, თუკი მას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის პროცესის წარმოებისას დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნები.

6. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა

მაშინაც კი, როდესაც ამოიწურება სასამართლოს განაჩენის გასაჩივრების ყველა საშუალება და განაჩენი აღარ დაექვემდებარება გასაჩივრებას, კანონი მაინც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გადაისინჯოს და შესწორდეს სასამართლოს მცდარი განაჩენი, თუკი საამისოდ გამოვლინდება ახალი გარემოებები. სისხლის სამართლის პროცესის აღნიშნული სტადია წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის სტადიას, რომელსაც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება ჰქონდეს ადგილი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: