კონსპექტი – სისხლის საპროცესო სამართლის ცნება და მიზნები

1. მატერიალური და ფორმალური სისხლის სამართალი

მატერიალური სისხლის სამართალი, რომლის ძირითად წყაროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი წარმოადგენს, ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებივ ღონისძიებას . იმისათვის, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მატერიალური სისხლის სამართლის ნორმები ფუნქციის გარეშე არ დარჩნენ და სისხლის სამართლის მიზნები განხორციელდეს (რაც სისხლის სამართლის კოდექსის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილებასა და მართლწესრიგის დაცვაში მდგომარეობს), სავალდებულოა კანონით გათვალისწინებული პროცესის არსებობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების და დანაშაულის ჩამდენი პირის გამოვლენა, დანაშაულის გამოძიება და დამნაშავისთვის შესაბამისი სასჯელის შეფარდება. აღნიშნული პროცესის მარეგულირებელი ნორმები ამავდროულად მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ცალკეული ინდივიდების უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად ზუსტად განისაზღვროს პროცესის მწარმოებელი სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება და მათი მოქმედების ფარგლები. სწორედ ეს სამართლებრივი ნორმები ქმნიან სისხლის საპროცესო სამართალს, იგივე ფორმალურ სისხლის სამართალს, რომლებიც ძირითადად თავმოყრილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
მაშასადამე, მატერიალური და ფორმალური სისხლის სამართალი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ავსებენ ერთმანეთს. ის, რაც მატერიალურ სისხლის სამართალას არ მიეკუთვნება, გათვალისწინებული უნდა იყოს მაშინ სისხლის საპროცესო სამართლის ცალკეული ნორმებით და პირიქით. ამ ორ მათგანს შორის მჭიდრო კავშირი მით უფრო იკვეთება, თუკი სისხლის სამართალს სამართლის სხვა დარგებს შევადარებთ. სამართლის სხვა დარგებში მატერიალური სამართალი მოქმედებს და ფუნქციონირებს ყოველგვარი პროცესის გარეშეც. როგორც წესი, ხელშეკრულებების უმეტესობა სრულდება (Pacta sunt servanda) და დავის არსებობის შემთხვევაშიც კი შეიძლება საქმე პროცესამდე არც კი მივიდეს. განსხვავებით სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლისაგან, სადაც ერთი მხარის ,,მოთხოვნას~ მეორე მხარე როგორც წესი ნებაყოფლობით აკმაყოფილებს და პროცესს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში აქვს ადგილი, სისხლის სამართალში პროცესის ჩატარება ყოველთვის სავალდებულოა. მაშინაც კი, როდესაც დამნაშავე ნებაყოფლობით ცხადდება სამართალდამცავ ორგანოებში და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, სისხლის სამართლის პროცესის გარეშე ვერ დაეკისრება მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. იმისათვის, რომ სახელმწიფომ, რომელსაც გააჩნია სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე აბსოლიტური მონოპოლია, შეძლოს დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის მატერიალური სისხლის სამართლის ნორმებით გათვალისწინებული სასჯელის დაკისრება, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აწარმოოს სისხლის სამართლის საქმე სისხლის საპროცესო სამართლის ნორმების შესაბამისად. ამრიგად, სისხლის სამართალში, განსხვავებით სამართლის სხვა დარგებისაგან, მატერიალური სამართლის ნორმათა მოთხოვნები ფორმალური სამართლის გარეშე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შესრულდება.

2. სისხლის საპროცესო სამართლის მიზნები

თანამდედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში დამნაშავის დასჯის მონოპოლია მხოლოდ სახელმწიფოს გააჩნია. დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს ეკრძალებათ, რომ სამართლიანობის აღსადგენად ძალადობის და იძულების ღონისძიებების გამოყენებით თავად გაუსწორდნენ დანაშაულის ჩამდენს. ამიტომ, სახელმწიფოს ეკისრება თავისი მოქალაქეების დაცვაზე ზრუნვის ვალდებულება. ამისათვის მან უნდა შექმნას სამართლებრივი ნორმები, რომლბიც შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მისცემენ დანაშაულის ჩამდენი პირების დევნის და დასჯის შესაძლებლობას. სწორედ ამ გზით უნდა აღდგეს დანაშაულის ჩადენის შედეგად დარღვეული სამართლებრივი წესრიგი და სამართლიანობა. ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო მეტი ძალაუფლება გააჩნია სახელმწიფოს დანაშაულის დევნისა და დასჯის პროცესში, მით უფრო მეტია რისკი იმისა, რომ სახელმწიფო ორგანოების მიერ უფლებამოსილება ბოროტად იქნეს გამოყენებული და უდანაშაულო პირების მიმართ განხორციელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა ან უსაფუძვლოდ შეეზღუდოთ ცალკეულ პირებს უფლებები და თავისუფლებები. ამის თავიდან ასაცილებლად სავალდებულოა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოს მოქმედების გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევა. ამ სამართლებრივ ჩარჩოეებს ადგენს სისხლის საპროცესო სამართალი, რომელმაც უდანაშაულო პირი უნდა დაიცვას უკანონო დევნისგან და მსჯავრდებისგან, ხოლო დამნაშავეს უნდა მისცეს წაყენებული ბრალდებისაგან თავის დაცვის ფართო შესაძლებლობები. სასამართლოს განაჩენი მხოლოდ მაშინ არის სისხლის საპროცესო სამართლის მოთხოვნებთან შესაბამისობაში, თუკი პროცესის ფორმალური გარანტიები ბრალდებულის საზიანოდ არ დარღვეულა. სამართლებრივ სახელმწიფოში სისხლის საპროცესო სამართლის მოთხოვნების დაცვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დამნაშავის გასამართლება და ამ გზით სამართლებრივი წესრიგის აღდგენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვყოთ სისხლის საპროცესო სამართალის შემდეგი ძირითადი მიზნები: 1. დანაშაულის დასჯის სახელმწიფოს უფლებამოსილების რეალიზაცია; 2. სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი პროცესის უზრუნველყოფა და 3. სამართლებრივი წესრიგის აღდგენა.

2.1. დანაშაულის დასჯის სახელმწიფოს უფლებამოსილების რეალიზაცია

როგორც უკვე აღინიშნა, თვითიუსტიცია უარყოფილი და აკრძალულია. დემოკრატიულ სახელმწიფოში მატერიალური სისხლის სამართლის ნორმის დაღვევის შედეგად დაზარალებულსა (ასევე საზოგადოებასა) და (სავარაუდო) დამნაშავეს შორის წარმოშობილი `კონფლიქტის‘‘ მოგვარება და სამართლიანობის აღდგენა, როგორც წესი, მესამე ნეიტრალური მხარის, `იუსტიციის‘‘ ამოცანაა. `სახელმწიფო იუსტიცია‘‘ ვალდებულია ჩაერიოს ზემოაღნიშნულ კონფლიქტში და დასაჯოს დამნაშავე სამართლიანობის და დარღვეული სამართლებრივი წესრიგის აღსადგენად, რაც როგორც მსხვერპლის, ისე საზოგადოების ინტერესებში ხორციელდება. დანაშაულის მსხვერპლს შეუაძლია დამნაშავეს მოსთხოვოს მხოლოდ მისთვის მიყენებული მორალური, ფიზიკური და ქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
შესაბამისად, სისხლის სამართლის პროცესის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს, რომ ცალკეულ შემთხვევებში განისაზღვროს, თუ რამდენად წარმოეშობა სახელმწიფოს დანაშაულის დასჯის უფლებამოსილება. გარდა ამისა, სისხლის სამართლის პროცესის მეშვეობით უნდა მოხდეს სახელმწიფოს ამ უფლებამოსილების რეალიზაცია. ასე მაგალითად, საგამოძიებო ორგანოები დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში იწყებენ გამოძიებას და სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მეშვეობით მოიპოვებენ მტკიცებულებებს დანაშაულისა და დამნაშავის შესახებ. ამ გზით უნდა დადგინდეს, თუ რამდენად არსებობს სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულის დასჯის საფუძველი. თუკი პირის მიმართ დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა და სასამართლო მიიღებს გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას და დაუნიშნავს დამნაშავეს სასჯელს, ამით მოხდება ,,დანაშაულის დასჯის სახელმწიფოს უფლებამოსილების“ რეალიზაცია. აღსანიშნავია, რომ დამნაშავესთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით მიღებული უნდა იქნეს მატერიალურად სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება, რადგან სამართლიანობა სისხლის საპროცესო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია.

2.2. სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი პროცესის უზრუნველყოფა

სისხლის საპროცესო სამართლის ამოცანა მდგომარეობს აგრეთვე დამნაშავის სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებით დადგენილი წესების შესაბამისად გასამართლებაში. აღნიშნულს ენიჭება განსაკუთრებული ყურადღება, რადგან, სისხლის სამართლის საპროცესო მექანიზმებით არსებითად იზღუდება ბრალდებულის პირადი ცხოვრების უფლება და კანონით დაცული სხვა უფლებები.
ვინაიდან, სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია სამართლიანობის ყველაფრის ფასად მიღწევა, სისხლის საპროცესო სამართლის ნორმები სისხლის სამართალწარმოების პროცესში სახელმწიფოს ძალაუფლებას ზღუდავენ ცალკეული პირების თავისუფლების და უფლებების დასაცავად. მაგალითად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულებები, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და ისინი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას. აღნიშნული წესები მოქმედებს მაშინაც კი, როდესაც ბრალდების მტკიცებულებების სიმცირისა და/ან მნიშვნელოვანი მტკიცებულების ბრალდების მხარის მიერ კანონის არსებითი დარღვევით მოპოვების გამო პროცესუალურად ვერ ხერხდება (აშკარა) დამნაშავის გასამართლება და დასჯა. მაშასადამე, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პროცესში სისხლის საპროცესო სამართლებრივი ნორმების დაცვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და იგი ხშირ შემთხვევევში აღემატება კიდეც სიმართლის დადგენისა და სამართლიანობის აღდგენის საჯარო ინტერესს.
ამრიგად, სისხლის სამართლის პროცესის წარმოება პროცესუალური ნორმების დაცვით წარმოადგენს ,,დანაშაულის დასჯის სახელმწიფოს უფლებამოსილების“ ეფექტურად რეალიზაციის წინაპირობას და ამასთან ერთად, სისხლის საპროცესო სამართლის მნიშვნელოვან მიზანს.

2.3. სამართლებრივი წესრიგის აღდგენა

სისხლის სამართლის პროცესმა დანაშაულის შედეგად დარღვეული სამართლებრივი წესრიგის აღდგენა უნდა უზრუნველყოს. აღნიშნული მიიღწევა მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლით და აღსრულებით. მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა და აღსრულდება, რეალიზაციას ჰპოვებს მატერიალური სისხლის სამართალი. მატერიალური სისხლის სამართლის რეალიზაციის შედეგად კი მიიღწევა სასჯელის (გენერალური და სპეციალური) პრევენციული მიზნები, რაც დარღვეული სამართლებრივი წესრიგის აღდგენის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა.
უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის ხელუხლებლად დატოვება აშკარად უსამართლობა იქნებოდა. ამიტომ, შესძლებელია სასამართლოს კანონირ ძალაში შესული გადაწყვეტილება გადაისინჯოს ახლად გამოვლნილ გარემოებათა გამო. მაშასადამე, სასამართლოს განაჩენი (აღნიშნულში მოიაზრება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება), იძენს კანონიერ ძალას და როგორც წესი, მასში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია. ამ პრინციპიდან გადახვევა კი, როდესაც სახეზეა ახლად გამოვლენილი გარემოებები, გამომდინარეობას სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან და წარმოადგენს გამონაკლისს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: