ახალი კონსტიტუციის მოკლე აღწერა

პარლამენტის მიერ 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების ძირითადი დებულებები. ცვლილებები სრულად შევა ძალაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პრეზიდენტის მეირ ფიცის მიღებისას.

პრემიერ–მინისტრი და მთავრობა

  • მთავრობა ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე;
  • მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი, რომელიც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის სხვა წევრებს, მათ შორის ძალოვან მინისტრებს – ეს დღეს მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა. პრემიერ–მინისტრის გადადგომა ან უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას;
  • მთავრობას უფლებამოსილება უწყდება ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე (და არა ახალი პრეზიდენტის არჩევისას, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს);
  • ახლად არჩეულ პარლამენტში პირველ ადგილზე გასული პარტია წარადგენს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატურას, რომელსაც ფორმალურად პრეზიდენტი წამოაყენებს; პრემიერობის კანდიდატი თავად შეარჩევს მინისტრებს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად; პარლამენტის ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა;
  • თუ მთავრობას უფლებამოსილება სხვა მიზეზით (არა ახალი პარლამენტის არჩევის გამო) შეუწყდა, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის იმ კანდიდატს წარადგენს დასამტკიცებლად, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა ან ასეთის არ არსებობის შემთხვევაში, წევრთა რაოდენობით ყველაზე დიდი  ფრაქცია შესთავაზებს;
  • თუ პარლამენტი ორ მცდელობაზე ვერ დაამტკიცებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მთავრობას, მაშინ პრეზიდენტი უკვე დეპუტატთა ორი მეხუთედის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას წარადგენს დასამტკიცებლად და მხოლოდ მას შემდეგ დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუ ვერც მესამე ცდაზე მოხერხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება;
  • მხოლოდ მთავრობა იქნება უფლებამოსილი (და არა პრეზიდენტი, როგორც დღეს მოქმედ მოდელშია) პარლამენტს წარუდგინოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, რითაც საბიუჯეტო პროცესზე პასუხისმგებლობა მთლიანად მთავრობასა და პარლამენტზე გადის;
  • მთავრობას ექნება უფლება მიმართოს პარლამენტს საერთაშორისო  ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმების შესახებ (ეს დებულება საბაზისო პროექტში არ იყო); ეს უფლება განსაზღვრულ შემთხვევებში დარჩება პრეზიდენტსაც;
  • მთავრობას ექნება უფლება პრეზიდენტს პარლამენტის რიგგარეშე სესიის ან სხდომის მოწვევის მოთხოვნით მიმართოს;
  • მთავრობის წარდგინების გარეშე პრეზიდენტი ვერ დანიშნავს ან გაათავისუფლებს ელჩებს თანამდებობიდან;
  • მთავრობა თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს (საბაზისო პროექტში ეს პრეზიდენტთან შეთანხმებული გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო; მოქმედი კონსტიტუციით კი ეს უფლებამოსილება მთლიანად პრეზიდენტის კომპეტენციაა);
  • პრემიერ–მინისტრის კონტრასიგნაციას საჭიროებს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტები, გარდა საომარი მდგომარეობის დროს გამოცემული აქტებისა; აქვე განსაზღვრულია ის მიმართულებები, მათ შორის პარლამენტის დათხოვნა; არჩევნების დანიშვნა; კანონის ინიცირება და მისი ხელმოწერა; საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერა; უშიშროების საბჭოს წევრების, გენშტაბის უფროსის დანიშვნა; მოქალაქეობის მინიჭება და შეწყვეტა; მოსამართლეთა დანიშვნა, როცა პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციის განხორციელების უფლება არ აქვს. (მეორე მოსმენისათვის შესაძლოა პროექტში აისახოს დებულება, რომლის მიხედვითაც კონტრასიგნაცია დასჭირდება პრეზიდენტის ბრძანებას გენშტაბის უფროსის ან სხვა მხედართმთავრების დანიშვნის ან გათავისუფლების თაობაზე. პირველი მოსმენით მიღებულ ვარიანტში, ამ საკადრო გადაწყვეტილებებზე პრეზიდენტს ექსკლუზიური უფლება აქვს);
  • მთავრობას მიენიჭება უფლება მოთხოვოს პრეზიდენტს რეფერენდუმის დანიშვნა (ეს დებულება საბაზისო პროექტში არ იყო);
  • მთავრობას უნდა შეუთანხმოს პრეზიდენტმა სხვა სახელმწიფოებთან მოლაპარაკებების წარმართვა (ეს დებულება საბაზისო პროექტში არ იყო).

პრეზიდენტი

  • პრეზიდენტი რჩება ქვეყნის მეთაურად, სამხედრო ძალების მთავარსარდლად და საგარეო ურთიერთობებში უმაღლეს წარმომადგენლად, თუმცა აღარ წარმართავს და განახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას. (პრეზიდენტის უფლებამოსილებები სამხედრო საკითხებსა და საგარეო ურთიერთობებში მეორე მოსმენისთვის შესაძლოა შეიზღუდოს);
  • პრეზიდენტის საარჩევნო ცენზი კვლავ 35 წელია და ამ პოსტზე შეიძლება აირჩეს დაბადებით საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 15 წელი მაინც უცხოვრია და არჩევნების დანიშვნის დღისთვის ბოლო 3 წელი ცხოვრობს საქართველოში;
  • პრეზიდენტს რჩება უფლება თანამდებობაზე დანიშნოს ან გადააყენოს გენშტაბის უფროსი და სხვა მხედართმთავრები;
  • პრეზიდენტი წამოაყენებს პრემიერ–მინისტრის კანდიდატურას და ნიშნავს პრემიერ–მინისტრს, რაც ამ პროცესში მისი ფორმალური მონაწილეობაა;
  • პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება საკუთარი ინიციატივით დანიშნოს რეფერენდუმი (ასეთი უფლება მას ყველა წინა პროექტით ჰქონდა) და მხოლოდ მაშინ შეეძლება ამის გაკეთება, თუ შესაბამისი “მოთხოვნით“ პარლამენტი, მთავრობა ან არანაკლებ 200 ათასი ამომრჩეველი მიმართავს;
  • პრეზიდენტი აღარ მიიღებს მონაწილეობას საბიუჯეტო პროცესში;
  • პრეზიდენტს აღარ ექნება ეროვნული მარეგულირებელი კომისიების წევრების პარლამენტში წარდგენის ექსკლუზიური უფლება (რაც თავდაპირველ პროექტში იყო გათვალისწინებული) და ამის გაკეთება მთავრობასთან შეთანხმებით მოუწევს;
  • მთავრობასთან შეთანხმებით მოუწევს ასევე პრეზიდენტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ძირითად პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენა უმაღლეს საბჭოში დასამტკიცებლად – პირველი მოსმენით მიღებული ეს ახალი დებულება წინა პროექტებში არ იყო ასახული;
  • პრეზიდენტს აღარ შეეძლება აღმასრულებელი ხელისუფლების სამართლებრივი აქტების გაუქმება ან შეჩერება;
  • პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის და პარლამენტში კანონპროექტის რიგგარედ განხილვის მოთხოვნის უფლება აქვს – თუმცა ეს უფლება კონსტიტუციური ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას, შესაძლოა, ან მთლიანად გაუქმდეს ან შეიზღუდოს;
  • პრეზიდენტს შეეძლება მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მთავრობის სხდომაზე ამ საკითხთა განხილვაში (თუმცა არა მთავრობის სხდომის თავმჯდომარეობა, როგორც ეს საბაზისო პროექტში იყო);
  • 15–დღემდე ნახევრდება პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საპარლამენტო ვადები. იმპიჩმენტის საკითხის ინიცირება კვლავინდებურად პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედს შეეძლება, რომელიც  პრეზიდენტის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობისა ან კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს (დღეს მოქმედი წესით პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს განსჯადია დარღვევის ტიპის მიხედვით). თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს დარღვევას, იმპიჩმენტი 15 დღეში (არსებული 30–ის ნაცვლად) დეპუტატთა არანაკლებ ორმა მესამედმა უნდა გამოუცხადოს პრეზიდენტს;
  • ახალი საკონსტიტუციო დებულების თანახმად, პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.

პარლამენტი

  • ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა ავტომატურად იწვევს ახალი მთავრობის ფორმირებას;
  • პარლამენტს უფლება აქვს  უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას, თუმცა ამისთვის (დღეს მოქმედი კონსტიტუციის მსგავსად) პროცედურათა რთული თანმიმდევრობაა გაწერილი: მათ შორის საკითხის აღძვრისთვის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა და არანაკლებ 60 და არაუმეტეს 70 დღეა საჭირო; პრეზიდენტს უფლება აქვს 5 დღის ვადაში უარი თქვას პარლამენტის არანაკლებ ორი მეხუთედის მიერ დასახელებულ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატზე; ამ ვეტოს დაძლევა პარლამენტს სამი მეხუთედით შეუძლია არანაკლებ 30 და არაუმეტეს 35 დღეში; წინააღმდეგ შემთხვევაში პრეზიდენტს უფლება აქვს დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები;
  • პრემიერ-მინისტრს აქვს უფლება მთავრობის მიერ ინიცირებულ ნებისმიერ კანონპროექტთან (მათ შორის საბიუჯეტო კანონპროექტთან) დაკავშირებით პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობის ნდობის საკითხი;  პარლამენტმა 14 დღეში ან ერთი მოსმენით უნდა მიიღოს კანონპროექტი ან უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას დადგენილი პროცედურით. თუ პარლამენტი უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს, კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება. თუმცა ამ პროცედურას არ მოჰყვება უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმით გათვალისწინებული ბოლო სტადია, რომელიც პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობას ითვალისწინებს – ამდენად, კანონპროექტთან დაკავშირებული მთავრობის ნდობის საკითხი პარლამენტის დათხოვნის და რიგგარეშე არჩევნების მიზეზი ვერ გახდება, როგორც ეს ყველა წინა პროექტში იყო გათვალისწინებული;
  • პარლამენტს სრული შემადგენლობის უმრავლესობით შეუძლია პრემიერ–მინისტრის წინაშე ცალკეული მინისტრის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი დასვას (ეს დებულება საბაზისო პროექტში არ იყო); თუმცა პრემიერ–მინისტრი ვალდებული არაა გაიზიაროს პარლამენტის მოსაზრება, რადგან საპასუხო მექანიზმებზე კონსტიტუციურ პროექტში არაფერია ნათქვამი;
  • ელჩების დანიშვნაში პარლამენტის თანხმობა აღარ იქნება საჭირო;
  • დეპუტატთა ერთი–მეხუთედის (ნაცვლად დღეს არსებული ერთი მეოთხედის) მოთხოვნით იქმნება საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიები; კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება კი მიიღება დადგენილებით, რასაც სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება; კომისიაში საპარლამენტო უმრავლესობის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საერთო წევრთა ნახევარს;
  • პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ორგანულ კანონზე  – სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ხოლო ჩვეულებრივ კანონზე – სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით (დღეს არსებული სამი მეხუთედის ნაცვლად) შეეძლება; კონსტიტუციური კანონის შემთხვევაში კი – არანაკლებ ორი მესამედით.

სხვა ცვლილებები

  • პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს. (საბაზისო ვარიანტში, ეს ნორმა ყველა სახელმწიფო–პოლიტიკურ თანამდებობებზე ვრცელდებოდა);
  • საკუთრების უფლება ხელშეუვალია; მისი შეზღუდვა დასაშვებია იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი, რაც გამოიხატება წინასწარ და სამართლიან ანაზღაურებაში, რომელიც გათავისუფლებულია ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან;
  • ორგანული კანონის კატეგორია რჩება კონსტიტუციაში (თავდაპირველ პროექტებში ამ კატეგორიის ამოღება იყო გათვალისწინებული), ასევე ახალი დებულების მიხედვით, შრომის კოდექსი ორგანულ კანონთა კატეგორიას უნდა მიეკუთვნოს;
  • მოსამართლეთა ასაკობრივი ცენზი 30 წელი იქნება (ნაცვლად დღეს მოქმედი 28 წლისა) და მათი დანიშვნა მოხდება უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე; თუმცა დანიშვნამდე მათთვის არაუმეტეს 3–წლიანი გამოსაცდელი პერიოდია გათვალისწინებული (ეს დებულება საბაზისო პროექტში არ იყო);
  • ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების ძირითადი პრინციპები ცალკე, კონსტიტუციის ახალი თავით რეგულირდება;
  • კონსტიტუციის გადასინჯვა რთულდება – ცვლილებები მიღებულად ჩაითვლება, თუ მას ორ თანმიმდევრულ სესიაზე, სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: