კონსპექტი – ადვოკატის არჩევა და დანიშვნა

დაცვა შეთანხმებით

როგორც ზევით ითქვა, ეფექტიანი დაცვის განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, როდესაც პროცეშსი ბრალდებულის ნდობით აღჭურვილი ადვოკატი მონაწილეობს (ადვოკატისადმი კლიენტის ნდობა ეფუძნება ადვოკატის პირად ღირსებას, პატიოსნებას, შეუვალობას კომპეტენტურობას და მიუკერძოებლობას; იხ. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლი). ამის უზრუნველსაყოფად, სისხლის საპროცესო კანონმდებლობა ბრალდებულს აძლევს შესაძლებლობას აიყვანოს ადვოკატი თავისი სურვილის შესაბამისად. თუ ბრალდებულს თავად არ შესწევს უნარი ადვოკატის ასაყვანად (მაგალითად, იგი დაკავებულია, არასრულწლოვანია და ა. შ.), ასეთ შემთხვევაში მის ახლო ნათესავს ან სხვა ნებისმიერ პირს ენიჭება უფლებამოსილება ბრალდებულის ნების გათვალისწინებით აუყვანონ მას ადვოკატი. ბრალდებულის ურთიერთობა ადვოკატთან წესრიგდება მათ შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გამომძიებელს, პროკურორსა და მოსამართლეს ეკრძალება, რეკომენდაცია გაუწიოს რომელიმე ადვოკატს (იხ. სსსკ-ის 41-ე მუხლი).
ბრალდებულის მიერ აყვანილ ადვოკატს არ ეკისრება იმის ვალდებულება, რომ დაიცვას ბრალდებულის ინტერესები და უარი არ თქვას აღნიშნულზე სისხლისსამართალწარმოების დასრულებამდე. ადვოკატს პატივსადები მიზეზით ნებისმიერ დროს უფლება აქვს უარი თქვას ბრალდებულის დაცვაზე. მაგალითად, როდესაც ადვოკატი ახორციელებს ერთ სისხლის სამართლის საქმეში რამოდენიმე ბრალდებულის დაცვას და ბრალდებულებს შორის წარმოიქმნება ინტერესთა კონფლიქტი (მაგ., ბრალდებულები ერთმანეთის წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას), ადვოკატმა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა შეწყვიტოს ყველა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის საქმის წარმოება, რადგან ასეთ დროს ადვოკატის მიმართ არსებობს ნდობის დარღვევის ან კონფიდენციალობის ხელყოფის რეალური საფრთხე.
კანონის თანახმად, არც ბრალდებულია შეზღუდული უარი თქვას აყვანილი ადვოკატის მომსახურებაზე და თავისი ინტერესების დასაცავად მოიწვიოს სხვა ადვოკატი. ბრალდებულს ადვოკატის შეცლვის უფლება აქვს პროცესის ნებისმიერ ეტაპზე (იხ. სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილი).

დაცვა სახელმწიფოს ხარჯზე

სამართლიანი სასამართალწარმოების მოთხოვნა აკისრებს სახელმწიფო ორგანოებს ვალდებულებას, მისცეს ბრალდებულს მთლიანი სისხლის სამართალწარმობის მანძილზე ეფექტიანი დაცვის შესაძლებლობა. შესაბამისად, ბრალდებულს, რომელსაც არ სურს თავის პირადად დაცვა, აქვს უფლება აიყვანოს სასურველი ადვოკატი, ხოლო თუ მას არ გააჩნია საკმარისი ფინანსური საშუალება ადვოკატის მომსახურების ასანაზღაურებლად, საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებს მას ადვოკატის უსასყიდლოდ მომსახურების უფლებას. სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დაცვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, თუ გადახდისუუნარო ბრალდებული მოითხოვს ადვოკატის დანიშვნას. სახელმწიფოს ხარჯზე დაცვა მიზნად ისახავს ხელმოკლე ბრალდებულის მდგომარეობის, ფინანსურად შედარებით ძლიერ ბრალდებულის მდგომარეობასთან გათანაბრებას (იხ. ასევე ტრექსელი, შ., ადამიანის უფლებების სისხლის სამართლის პროცესში, 2009, გვ. 314).
სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის განსახორციელებლად ბრალდებული ან მისი ახლო ნათესავი მიმართავს იურიდიული დახმარების სამსახურს (იურიდიული დაცვის სამსახური წარმოადგენსსაქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც უზრუნველყოფს იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობას; იხ. ,,იურიდიული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი.). ამ შემთხვევაშიც, ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად ბრალდებულს უფლება აქვს შეარჩიოს მისთვის სასურველი ადვოკატი, რომლის მიმართაც მას ექნება ნდობა. სახელმწიფო ვალდებულია აანაზღაუროს, როგორც ადვოკატის მომსახურების ხარჯი, ასევე სხვა ხარჯებიც, თუ იგი პირდაპირაა დაკავშირებული ბრალდებულის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებასთან (იხ. სსსკ-ის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილი).

სავალდებულო დაცვა

სავალდებულო დაცვის ინსტიტუტი წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის კონკრეტიზაციას. ეფექტიანი დაცვის განხორციელების მიმართ არსებული საჯარო ინტერესი ცალკეულ შემთხვევებში სავალდებულოს ხდის სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის მონაწილეობას. ასეთ დროს ბრალდებულს, მიუხედავად მისი ფინანსური მდგომარეობისა, პროცესის მწარმოებელი თანამდობების პირის მიერ სავალდებულო წესით ენიშნება ადვოკატი, თუ იგი თავს არიდებს ადვოკატის აყვანას. ბრალდებული თავადაც რომ იყოს ადვოკატი, კანონით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას, სავალდებულოა, რომ მის ინტერესებს იცავდეს ადვოკატი.
სსსკ-ის 45-ე მუხლით განსაზღვრულია სავალდებულო დაცვის შემთხვევები. კერძოდ, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი:
– თუ არასრულწლოვანია;
– თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა;
– თუ აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას;
– თუ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;
– თუ ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით;
– თუ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე;
– თუ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო;
– თუ თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას;
– თუ გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
– თუ არაიდენტიფიცირებული პირია.

ამრიგად, სავალდებულო დაცვის შემთხვევა ძირითადად არსებობს, როდესაც ბრალდებული სხვადასხვა მიზეზით თავად ვერ შეძლებდა ჯეროვანი დაცვის განხორციელებას, ანდა, როდესაც ჩადენილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე განაპირობებს ბრალდებულის ეფექტიანი დაცვით უზრუნველყოფის აუცილებლობას. აღსანიშნავია, რომ სსსკ-ის 45-ე მუხლი არ შეიცავას სავალდებულო დაცვის შემთხვევათა ამომწურავ ჩამონათვალს. იმავე მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სავალდებულოა ბრალდებულისთვის ადვოკატის ყოლა აგრეთვე, როცა ამას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი პირდაპირ ითვალისწინებს. მაგალითისათვის, ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა, სასამართლოს შეუძლია ბრალდებულს დაუნიშნოს სავალდებულო წესით ადვოკატი, თუ ბრალდებულის (მსკავრდებულის) მიერ აყვანილი ადვოკატის გამოუცხადებლობა აჭიანურებს პროცესს, ან ხელს უშლის დაცვის სათანადოდ განხორციელებას (იხ. სსსკ-ის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილი). ადვოკატის მონაწლეობის გარეშე დაცვა სათანადოდ შეიძლება ვერ განხორციელდეს მაგალითად, როდესაც განიხილება რთული სამართლებრივი საკითხები (როგორც პირველი, ისე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში). ასეთ დროს, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს საქმის კომპლექსურობა და მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე დაუნიშნოს ბრალდებულს (მსჯავრდებულს) სავალდებულო წესით ადვოკატი.
როდესაც სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის მონაწილეობა სავალდებულოა, ბრალდებულს განემარტება, რომ მან ინტერესების დასაცავად უნდა იყოლიოს ადვოკატი და ადვოკატის ასაყვანად განესაზღვრება გონივრული ვადა. თუ ბრალდებული თავს აარიდებს ავოკატის აყვანას, მაშინ პროცესის მწარმოებელი თანამდებობის პირი ვალდებულია თავად მიმართოს იურიდიული დახმარების სამსახურს ბრალდებულისთვის ადვოკატის დანიშვნის მოთხოვნით. ბრალდებულს უფლება აქვს მოითხოვოს მისთვის დანიშნული ადვოკატის შეცვლა, თუ მას ამ უკანასკნელის მიმართ არ ექნება ნდობა ან ეჭვი ეპარება ადვოკატის კომპეტენტურობაში. ბრალდებულს შეიძლება უარი ეთქვას ადვოკატის შეცვლაზე, როცა აღნისნული მიზნად ისახავს პროცესის გაჭიანურებას ან მისთვის ხელის შეშლას (იხ. სსსკ-ის 42-ე მუხლის პირველი ნაწილი). სავალდებულო დაცვის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო, თუ სისხლის სამართლის პროცესში არ მონაწილეობს ბრალდებულის მიერ აყვანილი ადვოკატი (იხ. სსსკ-ის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ~ ქვეპუნქტი).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: