კონსპექტი – სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები, აცილება

სამართლიანი სისხლის სამართლის პროცესის უზრუნველსაყოფად მნიშნვნელოვანია, რომ მასში მონაწილე პირები, რომლებიც იღებენ პროცესუალური მნიშვნელობის სხვადასხვა ოფიციალურ გადაწყვეტილებებს, მოქმედებდნენ მიუკერძოებლად და არ ამოძრავებდეთ სისხლის სამართლის საქმის მიმართ პირადი ინტერესი. პროცესის ის მონაწილეები, რომლების მოქმედებებს და გადაწყვეტილებებს არსებითი ზეგავლენა შეუძლიათ მოახდინონ საქმის შედეგზე, უნდა იქნენ სისხლი სამართლის პროცეს ჩამოშორებული, თუკი მათ მხარეზე არსებობს ისეთი გარემოებები, რაც მათი ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში საფუძვლიან ეჭვს იწვევენ. ასეთი პირების სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამოიცხვის აუცილებლობა გამომდინარეობს როგორც თავად პროცესი სხვა მონაწილეების კანონიერი ინტერესებიდან, ისე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიუკერძოებლობის და ობიექტურობის მიმათ ნდობის შენარჩუნების ინტერესიდან გამომდინარე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოქმედი სასხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებებსა და პროცესის მონაწილეთა აცილების ინსტიტუტს. სსსკ-ის 59-ე მუხლში მოცემულია ის გარემოებები, რომლის არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ზემოაღნიშნული პირი:

– კანონით დადგენილი წესით არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული;
– ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც ბრალდებული, ადვოკატი, დაზარალებული, ექსპერტი, თარჯიმანი ან მოწმე;
– არის ბრალდებულის, ადვოკატის, დაზარალებულის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი; ასევე, როდესაც ეს პირები ერთმანეთის ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები არიან.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებელი ამომწურავად არ აყალიბებს პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებებს, ვინაიდან, პროცესის დროს სავსებით შესაძლებელია გამოვლინდეს სხვა ისეთი გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის ზემოთ ხსენებული პირების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. ასეთი გარემოება შეიძლბა იყოს მაგალითად, როდესაც მოსამართლე საქმის განხილვისას ღიად აფიქსირებს თავის უარყოფით შეხედულებას ბრალდებულისადმი, მას უწოდებს საქვეყნოდ კრიმინალს ან სხვაგვარად ავლენს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას ბრალდებულისადმი. ასევე, როდესაც მოსამართლე და ბრალდებული ერთმანეთთან მეგობრულ დამოკიდებულებაში იმყოფებიან და ისინი სასამართლოს გარეთ ერთად არაერთხელ ყოფილან სხვადასხვა სიტუაციებში დაფიქსირებული. ასეთ დროს ობიექტურ დამკვირვებელს შეუძლია გაუჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი მოსამართლის მიუკერძოებლობაში, რაც გახდება მისი სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხველი გარემოება სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე~ ქვეპუნქტის თანახმად.
ზემოაღნიშნულის გარდა, კანონი ითვალისწინებს მოსამართლის სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხველ სხვა დამატებით გარემოებებს. კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის მდივანი. ეს წესი ვრცელდება იმ მოსამართლეზეც, რომელიც მონაწილეობდა სისხლის სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში. აქედან გამონაკლისია მხოლოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატაში საქმის განხილვაში იმ მოსამართლის მონაწილეობა, რომელიც ადრე ამ საქმის საკასაციო წესით განხილვაში მონაწილეობდა (სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილი). მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას ასევე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო შეტანილი საჩივრის განხილვაში.
განსხვავებით მოსამართლისაგან, პროკურორისა და გამომძიებლის მიერ თავიანთი ფუნქციების შესრულება სისხლის სამართლის პროცესის არც ერთ სტადიაზე არ აბრკოლებს ამ საქმეში მათ შემდგომ მონაწილეობას (სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილი).
სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-6 ნაწილი მხოლოდ გამომძიებელს უზღუდავს მონაწილეობას დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით ჩასატარებელ საგამოძიებო მოქმედებაში, თუ არ არსებობს დაცვის მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობა გამოძიებლის მონაწილეობის თაობაზე.
კანონმდებელი ცალკე გამოყოფს ადვოკატისა და თარჯიმნის სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებებს. სსსკ-ის მე-60 მუხლი გამორიცხავს ადვოკატის მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ:
– ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, მოწმე ან ექსპერტი;
– იურიდიულ დახმარებას უწევს ან უწევდა იმ პირს, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება მის მიერ დასაცავი ბრალდებულის ინტერესებს, რომელსაც ის წარმოადგენს;
– ნათესაური ურთიერთობა აქვს მოსამართლესთან, პროკურორთან, გამომძიებელთან ან სასამართლო სხდომის მდივანთან, რომელიც მონაწილეობს ან მონაწილეობდა ამ საქმის გამოძიებასა თუ სასამართლო განხილვაში.
ასევე, თარჯიმანს უფლება არა აქვს, მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის პროცესში, როცა არსებითად დამოკიდებულია სისხლის სამართლის პროცესის რომელიმე მონაწილეზე ან/და ნათესაური ურთიერთობა აქვს მასთან (სსსკ-ის 61-ე მუხლი).
თუკი გამოვლინდება ზემოაღნიშნული პირების მონაწილეობის გამომრიცხველი რომელიმე გარემოება, ისინი ვალდებულები არიან, რომ განაცხადონ დაუყოვნებლივ თვითაცილება. გამოძიების ეტაპზე პროცესის მონაწილე თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს პროკურორთან, ხოლო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას კი – სასამართლოში, რომელიც აუცილებლად დასაბუთებული უნდა იყოს. შესაბამისად, გამომძიებელი თვითაცილების შესახებ განცხადებით მიმართავს საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორს, პროკურორი – მის ზემდგომ პროკურორს, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას – სასამართლოს. მოსამართლე თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს სასამართლოს თავმჯდომარესთან. თვითაცილების შესახებ დასაბუთებულ განცხადებას ადვოკატი, თარჯიმანი, ექსპერტი აკეთებენ პროკურორთან, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას ზემოაღნიშნული პირები და სასამართლო სხდომის მდივანი – სასამართლოში. რაც შეეხება ექსპერტის თვითაცილების საფუძველი მისი პროფესიული არაკომპეტენტურობაა (იხ. სსსკ-ის 62-ე მუხლი).
როგორც ზემოთ აღინიშნა, სისხლის სამრთლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს აგრეთვე აცილების ინსტიტუტს. მისი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც პროცესის რომელიმე მონაწილე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში არ აკეთებს თვითაცილების განცხადებას, მხარეებს ენიჭებათ უფლება, დააყენონ მისი აცილების შუამდგომლობა. მნიშვნელოვანია, რომ აცილების შუამდგომლობა დაყენებული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე, მას შემდეგ, რაც მხარისთვის ცნობილი გახდება აცილების საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში შუამდგომლობა არ განიხილება. გამოძიების ეტაპზე გამომძიებლის ან თარჯიმნის აცილების შუამდგომლობა დაყენებული უნდა იქნეს პროკურორთან, ხოლო პროკურორის – მის ზემდგომ პროკურორთან. საქმის სასამართლო განხილვისას მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის, პროკურორის, სასამართლო სხდომის მდივნის, ადვოკატის ან თარჯიმნის აცილების შუამდგომლობას მხარეები აყენებენ სასამართლოში (სსსკ-ის 63-ე მუხლი).
სსსკ-ის 64-ე მუხლის მიხედვით, აცილების შუამდგომლობა წყდება შემდეგნაირად: თუ მხარე დააყენებს მოსამართლის აცილების შუამდგომლობას, საქმის ერთპიროვნულად განხილვისას აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს თავად ეს მოსამართლე, ხოლო საქმის კოლეგიურად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია მოსამართლის (მოსამართლეების) მიმართ, – ის მოსამართლე (მოსამართლეები), რომლის (რომელთა) მიმართაც აცილების შუამდგომლობა არ დაყენებულა. საქმის კოლეგიურად განხილვისას, თუ აცილების შუამდგომლობა დაყენებულია სასამართლოს მთელი შემადგენლობის მიმართ, გადაწყვეტილებას იღებს საქმის განმხილველი სასამართლოს შემადგენლობა.
რაც შეეხება შუამდგომლობის განხილვის ვადებს, გამოძიებისას დაყენებული აცილების შუამდგომლობა უნდა გადაწყდეს 24 საათში, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაყენებული შუამდგომლობა – დაუყოვნებლივ, სათათბირო ოთახში ან ადგილზე თათბირით. განცხადებული აცილების შუამდგომლობაზე პროკურორს გამოაქვს დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირს, რომელსაც აცილება მისცეს, აცილების საკითხის განხილვამდე უფლება აქვს, მისცეს განმარტება.
მოსამართლის ან სასამართლოს მთელი შემადგენლობის აცილების შემთხვევაში საქმე განსახილველად გადაეცემა სხვა მოსამართლეს ან განისაზღვრება საქმის განმხილველი სასამართლოს ახალი შემადგენლობა. კერძოდ, თუ აცილებულ იქნა საქმის განმხილველი მოსამართლე ან სასამართლოს მთლიანი შემადგენლობა, საქმე გადაეცემა სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც მას განსახილველად გადასცემს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას; თუ აცილებულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მთელი შემადგენლობა, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად საქმე გადაეცემა შესაბამისი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შესვლიდან 48 საათის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს; ხოლო, თუ აცილებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მთელი შემადგენლობა, იმავე დონის სხვა სასამართლოში წარმართვის საკითხის გადასაწყვეტად საქმე გადაეცემა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც საქმის შესვლიდან 48 საათის განმავლობაში წყვეტს აღნიშნულ საკითხს (სსსკ-ის 65-ე მუხლი).
სსსკ-ის 66-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა აცილების შუამდგომლობა, არ გასაჩივრდება, ხოლო გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გამომძიებლის აცილების შუამდგომლობა, შეიძლება ერთჯერადად, ერთი კვირის ვადაში გასაჩივრდეს საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის ზემდგომ პროკურორთან. რაც შეეხება სასამართლოს უარს აცილების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, იგი შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: