არქივი

Tag Archives: იმპერატორი

თეზისი იმის თაობაზე, რომ თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფო ქრისტიანული ეკლესიების სურვილის საწინააღმდეგოდ უნდა დამკვიდრებულიყო, თითქოს ადვილი დასამტკიცებელია. განა არ ებრძოდა კათოლიკური ეკლესია საფრანგეთის დიდ რევოლუციას, რომელიც თანამედროვე კონსტიტუციური სახელმწიფოს დაბადების მომენტად საყოველთაოდ არის აღიარებული? განა არ შეეჯახა კონსტიტუციური უფლებებისა და ადამიანის უფლებების მოთხოვნა რომის პაპების სასტიკ წინააღმდეგობას? განა ადგილობრივი ევანგელისტური ეკლესიები არ აგრძელებდნენ ოცნებას ტახტისა და საკურთხევლის კავშირსა და ეკლესიის მეთაურ უმაღლეს საერო ხელისუფალზე მაშინ, როცა მონარქია დიდი ხნის გაუქმებული და დემოკრატიით შეცვლილი იყო? ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ ყველგან, სადაც თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფო აღმოცენდებოდა და ვითარდებოდა, იწყებოდა კონფლიქტები ეკლესიასთან.

პოლიტიკური იდეების ისტორიისა და პოლიტიკური წყობის განვითარების უფრო დაწვრილებითი განხილვა გვიჩვენებს, რომ ქრისტიანობა თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფოს არათუ მოწინააღმდეგე არ იყო, არამედ მის ბებიაქალსაც კი წარმოადგენდა. სწორედ ქრისტიანობა აერთიანებდა და აერთიანებს თავისუფალი, სეკულარიზებული სახელმწიფოს მამოძრავებელ და მაცოცხლებელ ძალებს. ქრისტიანობა ევროპის სულია, თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფო კი მისი სხეული.

1.განსხვავებასპირიტუალიასადატემპორალიასშორის

ქრისტიანობა თავისუფალი კონსტიტუციური სახელმწიფოს ბებიაქალია? ეს თეზისი თუნდაც იმიტომ საჭიროებს განმარტებას, რომ კონსტიტუციური სახელმწიფოს კონცეფცია ქრისტიანობაზე უფრო ძველია. ჯერ კიდევ არისტოტელეს პოლიტიკურ ფილოსოფიაში გამოითქვა აზრი საუკეთესო კონსტიტუციის შესახებ, რომელიც მონარქიის, არისტოკრატიისა და დემოკრატიის უპირატესობებს გააერთიანებდა. ამ კონსტიტუციას მან პოლიტეა უწოდა. საუკეთესო კონსტიტუციის შესახებ არისტოტელეს მიერ გამოთქმული იდეა არა მოქალაქეთა თავისუფლების, არამედ ბატონობის სტაბილურობის ინტერესებით იყო განპირობებული. მოქალაქე ჯერ კიდევ მთლიანად საზოგადოებრივ წარმონაქმნებს ექვემდებარებოდა. ის იყო ნაწილი პოლისისა, რომელიც ღმერთების თაყვანისცემის რიტუალს ატარებდა. ამიტომაც პოლიტიკის მეცნიერება იყო პირველი მეცნიერება ადამიანის შესახებ. პოლიტიკა და რელიგია ჯერ კიდევ არ იყო გამიჯნული. Read More