კონსპექტი – ექსპერტი

ექსპერტის ცნება და ამოცანები

ექსპერტის საკანონმდებლო დეფინიცია მოცემულია სსსკ-ის მე-3 მუხლის 21-ე ნაწილში, რომლის თანახმად, ექსპერტი არის სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში. ამრიგად, ექსპერტს გააჩნია ის ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება (მაგ., მედიცინაში, ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში, საფინანსო ან ტექნიკურ საკითხებში), რომლის გარეშეც მხარეები და სასამართლო დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამორკვევას, მტკიცებულებების გამოვლენასა და გამოკვლევას.
ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოსაკვლევად უწევს სამი სახის დახმარებას:

– იგი აწვდის მათ ზოგად ინფორმაციას მეცნიერების ცალკეული დარგებიდან (მაგ., ახალშობილის კუჭი და ნაწლავები დაბადებიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ ივსება ჟანგბადით);

– იგი ადგენს ისეთ ფაქტებს, რომლის შეცნობა და დადგენა მხოლოდ სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების ქონის შედეგად არის შესაძლებელი (მაგ., მოკლული ახალობილის ნაწლავები არ იყო შევსებული ჟანგბადით);

– იგი ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნებს (მაგ., ახალშობილი მოკლულია შობიდან 6 საათის გასვლამდე, ვინაიდან მის ნაწლავებში არ აღინიშნებოდა ჟანგბადის კვალი) .

ექსპერტის მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში შემოიფარგლება კანონმდებლობით განსაზღვრული მისი ამოცანებით. ექსპერტი საკუთარი ინიციატივით მტკიცებულებათა მოსაპოვებლად და საქმის გარემოებათა გამოსარკვევად დამოუკიდებლად ვერ ჩაატარებს საგამოძიებო მოქმედებებს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს მიერ ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა ბრმად არ უნდა იქნეს გათვალისწინებული. მოსამართლე (ნაფიცი მსაჯული) ექსპერტის დასკვნას აფასებს შინაგანი რწმენით. განაჩენში უნდა აისახოს, რომ ცალკეული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას მოსამართლემ დამოუკიდებლად შეაფასა ექსპერტის დასკვნა და მივიდა კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. თუკი მოსამართლე არ გაიზიარეს ექსპერტის დასკვნას, მაშინ მან უნდა დაასაბუთოს განაჩენში საწინააღმდეგო.

ექსპერტის მოწვევა

თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება განსაკუთრებულ ცოდნას არ მოითხოვს და მხარეებს თავად გააჩნიათ საკმარისი კომპეტენცია და გამოცდილება საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად, ან დანაშაულის კვალის აღმოსაჩენად, შეუძლიათ ექსპერტის მონაწილეობის გარეშეც ჩაატარონ საგამოძიებო მოქმედებები და მოიპოვონ მტკიცებულებები. ექსპერტი მხარეთა ინიციატივით ექსპერტიზის ჩასატარებლად მოიწვევა, როდესაც მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების სათანადო დარგის ან ამა თუ იმ ხელობის ექსპერტთა მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დადგენა, ასევე თუ სხეულს ან ინფორმაციის შემცველ ობიექტს Aაჩნევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე კვალი, ნიშანი ან თვისება, რომლის სწორად გაგება და აღქმა სპეციალური ცოდნის გარეშე შეუძლებელია, (სსსკ-ის 144-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
სისხლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეებმა ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები მხოლოდ ექსპერტის მონაწილეობით უნდა ჩაატარონ. მაგალითად, სსსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გვამის გარეგნულ დათვალიერებას მხარე ატარებს ექსპერტის მონაწილეობით. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ კანონი მხარეებს უკრძალავს მოწმის სანდოობის შესახებ ექსპერტიზის ჩატარებას (სსსკ-ის 51-ე მუხლის მე-3 ნაწილი). მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების სანდოობას აფასებს თავად მოსამართლე ან ნაფიცი მსაჯული. მხარეებს ჯვარედინი დაკითხვისას აქვთ უფლება მოწმეებს დაუსვან ისეთი შეკითხვები, რომელზე პასუხის გაცემითაც მოსამართლეს ან ნაფიც მსაჯულებს მიეცემათ შესაძლებლობა გააკეთონ გარკვეული დასკვნები მოწმის ჩვენების სანდოობასთან დაკავშირებით.
პროკურორი ან გამომძიებელი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ იღებს დადგენილებას, რომელსაც სავალდებულო ძალა აქვს საექსპერტო დაწესებულებისათვის ან კონკრეტული ექსპერტისათვის. სავალდებულოა შესასრულებლად აგრეთვე დაცვის მხარის მიმართვა ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით. ექსპერტი მოიწვევისა და საქმიანობის ხარჯებს, როგორც წესი ანაზღაურებს თვითონ მხარე, თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ბრალდებული გადახდისუუნაროა, უფლება აქვს მოითხოვოს მისი ინიციატივით ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯების სახელმწიფოს ხარჯზე ანაზღაურება (სსსკ-ის 144-ე მუხლის მე-4 და მე-6 ნაწილები).
მხარეებს ეკისრებათ ვალდებულება არ შუშალონ ერთმანეთს ხელი ექსპერტიზის ჩატარებაში საექსპერტო კვლევის ობიექტის განადგურებით, დაზიანებით, გადამალვით და სხვა ამგვარი მოქმედებებით. თუ საექსპერტო კვლევის ობიექტი მეორე მხარესთან ინახება, იგი ვალდებულია გადასცეს ობიექტი ექსპერტიზის ინიციატორი მხარის ექსპერტს. თუ მხარე ნებაყოფლობით ვერ იღებს, იგი უფლებამოსილია საექსპერტო კვლევის ობიექტის ექსპერტისათვის გადაცემის შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით (სსსკ-ის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

ექსპერტის უფლება-მოვალეობები

ექსპერტს სისხლის საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებს მოწმის სამართლებრივ სტატუსს. შესაბამისად, მას გააჩნია მოწმის ყველა უფლება და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა. ექსპერტი ვალდებულია სასამართლოში გამოძახების შემთხვევაში გამოცხადდეს და მიცეს ჩვენება მის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ექსპერტი უნდა იყოს მიუკერძოებელი, იმის მიუხედავად, თუ ვინ მოიწვია იგი (სსსკ-ის 51-ე მუხლის მე-2 ნაწილი).
მოწმის უფლება-მოვალეობების გარდა ექსპერტს თავისი პროცესუალური ფუნქციიდან გამომდინარე, გააჩნია სხვა დამატებითი უფლება-მოვალეობები, რომელსაც კანონმდებელი განსაზღვრავს სსსკ-ის 52-ე მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, ექსპერტს უფლება აქვს:

– გაეცნოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო მასალას, ამოიწეროს საჭირო ცნობა და გადაიღოს ასლი;
– მოითხოვოს დამატებითი მასალის წარდგენა; გამოკვლევის პროცესში აიღოს მასრის, ტყვიისა და სხვა ობიექტის საცდელი ნიმუში; ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს მოსთხოვოს საექსპერტო კვლევისათვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია;
– უარი თქვას დასკვნის მიცემაზე და ექსპერტიზის გაგრძელებაზე, თუ დასმული საკითხები სცილდება მისი ცოდნის ფარგლებს ან თუ მისთვის წარდგენილი მასალა საკმარისი არ არის დასკვნის მისაცემად;
– ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორის, გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს ნებართვით დაესწროს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას;
– მონაწილეობა მიიღოს ექსპერტიზის საგანთან და საექსპერტო კვლევასთან დაკავშირებული მტკიცებულების გამოკვლევაში;
– მტკიცებულების აღმოჩენის, გამოკვლევისა და დემონსტრირებისათვის გამოიყენოს სამეცნიერო-ტექნიკური საშუალება, სპეციალური ცოდნა და გამოცდილება.

ამასთან, ექსპერტი ვალდებულია:

– თუ საექსპერტო კვლევით დადგინდა გარემოება, რომლის შესახებაც ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს ან/და პროცესის სხვა უფლებამოსილ მონაწილეს კითხვა არ დაუსვამს, იგი ასახოს დასკვნაში;
– დაიცვას და საექსპერტო კვლევის შემდეგ ექსპერტიზის ჩატარების ინიციატორს დაუბრუნოს კვლევის ობიექტი, თუ საექსპერტო კვლევისას ეს ობიექტი სრულად არ დახარჯულა;
– თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძველი, განაცხადოს თვითაცილება.

დატოვე კომენტარი