საქართველოში საკულტო ნაგებობებთან დაკავშირებული დავები, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არ კარგავს თავის აქტუალობასა თუ სიმძაფრეს. დღემდე გადაუწყვეტელია რამდენიმე ქრისტიანული (მაგ., კათოლიკური და სომხური) ეკლესიის კუთვნილი ტაძრების ბედი, უფრო ზუსტად, მათი კანონიერი მფლობელებისთვის დაბრუნების საკითხი. ფორმალურად არაერთხელ შექმნილა სპეციალური კომისიები სადავო რელიგიური დანიშნულების ნაგებობების ისტორიული წარმოშობის გასარკვევად, თუმცა რაიმე ხელშესახები შედეგები მათ მუშაობას ჯერ არ მოჰყოლია.
ამ საკითხთან დაკავშირებით გვსურს თვალი გადავავლოთ დასავლურ ქრისტიანულ სამყაროში არსებულ მდგომარეობას და რამდენადაც ეს ჩვენთვის ხელმისაწვდომია, წარმოვადგინოთ ქრისტიანულ ეკლესიებს შორის ურთიერთობებში არსებული ფაქტები და განწყობები ამ მიმართულებით.
პირველ რიგში, გადავხედოთ სწორედ კათოლიკური სამყაროში არსებულ ვითარებას. კერძოდ, რომის კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულებას მართლმადიდებელი (მათ შორის ქართული) სამრევლოებისა და ეპარქიებისადმი.
დასავლეთ საქართველოს ლათინური წესის კათოლიკეთა წინამძღვრის, მამა გაბრიელე ბრაგანტინის თქმით, კათოლიკური ეკლესიის მხრიდან სხვა ქრისტიანული ეკლესიებისადმი ტაძრების გადაცემის მრავალი ფაქტი არსებობს: „უსასყიდლოდ გადაეცათ ტაძრები ასევე ბულგარეთის საპატრიარქოს ქალაქ რომში და რუმინეთის საპატრიარქოსა და მოლდავეთის ეკლესიას ქალაქ ვერონაში. გარდა ამისა, იტალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში ბევრი მართლმადიდებელი სასულიერო პირი ატარებს ღვთისმსახურებას კათოლიკურ ტაძრებში და შემდეგ იგივე საკურთხეველზე კათოლიკე ღვთისმსახურები სწირავენ და არავის ეჩვენება ეს უცნაურად ან მიუღებლად“.
კონკრეტული ფაქტები:
2006 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქის, ბართოლომეოს I-ის ფლორენციაში ვიზიტის შედეგად, ნიკოლაოს პაპანდოპულოსის წინამძღვრობით, კათოლიკებმა ბერძენ მართლმადიდებელებს წმ. იაკობის ეკლესია უსასყიდლოდ გადასცეს.