არქივი

მე-6 მუხლის კომენტარები

მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის (დ) პუნქტით გათვალისწინებული მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება მიემართება როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვას, ისე ზემდგომ ინსტანციებს. “მოწმეები” მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის მიხედვით მოიცავს აგრეთვე დაზარალებულებს, ექსპერტებსა და თანა-განსასჯელებს, რომლებიც როგორც ზეპირ ჩვენებას, ისე წერილობით დოკუმენტაციას აწვდიან განსასჯელთან მიმართებით (A.H. v. Finland (46602/99) § 41: დაზარალებულები. Bönisch v. Austria 1985 (8658/79): ექსპერტები. Lucà v. Italy 2001 (33354/96) § 41: თანა-განსასჯელნი. Papageorgiu v. Greece 2003 (59506/00) §§ 30-40: დოკუმენტები).

ფორმულირების მიუხედავად, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება არ არის აბსოლუტური და თუ რამდენად სამართლიანია სასამართლო განხილვა, დამოკიდებულია მის მთლიან შეფასებაზე. მოწმეთა გამოძახების უფლებაზე შესაძლოა დაწესდეს ადეკვატური შეზღუდვა, რომელიც ორივე მხარის მიმართ თანაბრად იქნება გამოყენებული (Jorgic v. Germany 2007 (74613/01): ეროვნულმა სასამართლომ უარყო განმცხადებლის მოთხოვნა მოწმეთა გამოძახებაზე იმ საფუძვლით, რომ მათ ჩვენებებს მტკიცებულების კუთხით, მცირე ძალა გააჩნდათ. ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის (დ) ქვეპუნქტი “არ ითხოვს ბრალდებულის მხრიდან ყველა მოწმის დასწრებას და დაკითხვას. თუმცა, სასამართლოს კომპეტენციაში შედის იმის შეფასება, თუ რამდენად დაირღვა “მხარეთა სრული თანასწორობის პრინციპი” მტკიცებულებათა შეგროვებისა და შეფასების პროცესში” (§ 82). Read More

კონვენციის მე-6 მუხლი, როგორც ასეთი, არ მოიცავს რაიმე წესს უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებათა დასაშვებობის შესახებ და აღნიშნული საკითხი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად რეგულირდება. ამდენად, ევროპული სასამართლოს კომპეტენციაში როგორც წესი არ შედის ამა თუ იმ კონკრეტული მტკიცებულების – მაგალითად, ეროვნული კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა.

ამგვარ შემთხვევაში შეკითხვა, რომელსაც უნდა გაეცეს პასუხი არის თუ რამდენად სამართლიანი იყო მთლიანი პროცესი, მტკიცებულებათა მოპოვების წესის ჩათვლით. აღნიშნული მოიცავს განსახილველი კანონდარღვევის შეფასებას და, სადაც კონვენცით გათვალისწინებული სხვა უფლების დარღვევას ეხება საქმე, დადგენილი დარღვევის ბუნებას. მთლიანი პროცესის სამართლიანობის დადგენისას აგრეთვე გასათვალისწინებელია, თუ რამდენად დაცული იყო დაცვის მხარის უფლებები აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას. კერძოდ, შეფასებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მიეცა განმცხადებელს მტკიცებულების ნამდვილობის შეფასებისა და მისი გამოყენების გაპროტესტების შესაძლებლობა. დამატებით, მხედველობაში უნდა იქნას მირებული როგორც მტკიცებულების ხარისხი, ისე ის გარემოებანი, რაც თან ახლდა მის მოპოვებას და თუ რამდენად შეიძლება რომ აღნიშნულმა ეჭვი გამოიწვიოს მის სისწორესა თუ სარწმუნოობასთან მიმართებით.

Read More

სამართლიანი სასამართლო განხილვის არსებით ასპექტს წარმოადგენს მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი, რაც გულისხმობს საქმის წარმოდგენის თანაბარ შესაძლებლობას ორივე მხარისათვის, მტკიცებულებათა ჩათვლით. მაგალითად, მხოლოდ ერთი მხარის შესაძლებლობა, დაესწროს სასამართლოს სხდომას დაარღვევდა თანასწორუფლებიანობის პრინციპს (იხილეთ 45-ე სქოლიო). მხარეთა თანასწორუფლებიანობა არ გულისხმობს მტკიცებულებათა წარმოდგენის უფლების შეუზღუდავობას; აღნიშნული ითვალისწინებს, რომ შეზღუდვა არ უნდა მიემართებოდეს მხოლოდ ერთ მხარეს. მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის ერთ-ერთი ელემენტია მოწმეთა გამოძახების უფლება (იხილეთ, ქვემოთ, “მოწმეთა გამოძახება და დაკითხვა”)

მხარეთა თანასწორუფლებიანობა მჭიდრო კავშირშია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპთან, რომელიც მოითხოვს, რომ მოსმენილ იქნას ორივე მხარის არგუმენტაცია და ორივე მხარეს ჰქონდეს შესაძლებლობა შესაბამისი კომენტარი გააკეთოს მეორე მხარის მიერ წამოყენებულ არგუმენტებსა და მტკიცებულებაზე იმის მიუხედავად, სასამართლო სხდომა ზეპირი ფორმით წარიმართება თუ წერილობით (იხ. მაგალითად Alekseyenko v. Russia 2009 (74266/01) § 61. Balut v. Austria 1996 (59/1994/506/588) §§ 44-49: პროკურორმა განსასჯელის მიერ წარდგენილ საჩივარზე უარის თქმის რეკომენდაცია წერილობითი სახით განახორციელა, რომელიც არ მიუღია განსასჯელს/ადვოკატს. განსასჯელის ადვოკატს უნდა მიეღო აღნიშნული კომენტარი, რათა განეხილა სავარაიდო შენიშვნები. Read More

სასამართლო პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობა და თანასწორუფლებიანობა თავის თავში გულისხმობს მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობას. მე-6 მუხლი პირდაპირ არ ითხოვს მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობას, თუმცა პრეცედენტული სამართლის მიხედვით, ბრალდებას აკისრია დაცვის მხარისათვის შესაბამის მტკიცებულებათა გამჟღავნების ვალდებულება იმის მიუხედავად, აპირებს თუ არა ბრალდება აღნიშნული მასალის მტკიცებულებად გამოყენებას (Edwards v. UK 1992 (13071/87): განმცხადებელს მსჯავრი დაედო ძარცვისათვის ძირითადად პოლიციის ოფიცერის განცხადების საფუძველზე, მაგრამ დაცვას არ გაანდეს ის ინფორმაცია, რომელსაც შეეძლო შეესუსტებინა აღნიშნული განცხადებები. ეს წარმოადგენდა მე-6 მუხლის 1 პუნქტის დარღვევას: “სასამართლო მიიჩნევს, რომ მე-6 მუხლის 1 პუნქტის თანახმად სამართლიანობის მოთხოვნაა (…), რომ საგამოძიებო ორგანოებმა დაცვის მხარეს უნდა გაუმხილონ მისი სასარგებლო და საწინააღმდეგო ყველა მნიშვნელოვანი მტკიცებულება და ამ წესის დარღვევამ აღნიშნულ საქმეში გამოიწვია დეფექტი სასამართლო პროცესებში” (§ 36). თუმცა როდესაც ხელისუფლების ორგანოებმა აღმოაჩინეს ამგვარი დეფექტი, საქმე გადაცემული იყო სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც ყურადღებით განიხილა ახალი ინფორმაცია. სასამართლომ დაადგინა, რომ დეფექტი გამოსწორებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ.). თუ განსასჯელი არ სარგებლობს იურიდიული დახმარებით, მას პირადად აქვს უფლება მტკიცებულებათა ხელმისაწვდომობაზე (Foucher v. France 1997 (10/1996/629/812) ეხებოდა საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მიმართულ მსუბუქ შეურაცხყოფას. განსასჯელს არ ჰყავდა დამცველი და მას უარი ეთქვა საქმის მასალების გაცნობაზე. სასამართლომ დაადგინა, რომ ამ უარით დაირღვა მე-6 მუხლის 1 და მე-3 პუნქტები: “განმცხადებლისათვის მნიშვნელოვანი იყო მისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო საქმის მასალები და დოკუმენტების ასლები, რათა შეძლებოდა მასთან დაკავშირებული ოფიციალური მოხსენების გასაჩივრება (…). ვინაიდან მას ხელი არ მიუწვდებოდა აღნიშნულ დოკუმენტებზე, განმცხადებელმა ვერ შეძლო სათანადო დაცვის მომზადება და მასთან მიმართებით დაირღვა მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპი” (§ 36).

Read More

მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფში გათვალისწინებული უდანაშაულობის პრეზუმფცია წარმოადგენს ფუნდამენტურ უფლებას და მიემართება პირს იმ მომენტიდან, როდესაც მას “ბრალი წაეყენა” (იხილეთ 50-ე სქოლიო), მანამ სანამ მის მიმართ სასამართლოს მიერ არ იქნება გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. მე-6 მუხლის მე-2 პარაგრაფი არ გამოიყენება მას შემდეგ რაც ბრალის შესახებ გადაწყვეტილება არის საბოლოო, მაგალითად, სასჯელთან მიმართებით სააპელაციო ეტაპზე ან გადასინჯვის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქმის განხილვისას. უდანაშაულობის პრეზუმფცია აგრძელებს მოქმედებას იმ შემთხვევაში, თუ განსასჯელი უდანაშაულოდ იქნა მიჩნეული ან პირს მოეხსნა ბრალდება.

უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს გააჩნია რამდენიმე ასპექტი. მთავარი ელემენტი შეეხება მტკიცების ტვირთს: მტკიცების ტვირთი აკისრია პროკურორს; განსასჯელს არ აკისრია ვალდებულება ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. უფრო მეტიც, ნებისმიერი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს (Barbera v. Spain 1988 (10590/83 Plenary Court) § 77: “მე-2 პარაგრაფი (მუხლი 6.2) მოიცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს. იგი მოითხოვს, ინტერ ალია, რომ სასამართლოს წევრები მათ უმოვალეობათა შესრულებას არ შეუდგნენ იმ წინასწარ ჩამოყალიბებული აზრით, რომ განსასჯელს ჩადენილი აქვს ბრალად წაყენებული დანაშაული; მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულიდან აგრეთვე გამომდინარეობს ბრალდების მხარის ვალდებულება მოახდინოს ბრალდებულის სათანადო ინფორმირება მის წინააღმდეგ წარმოებული საქმის შესახებ იმისათვის, რომ მან სათანადოდ მოამზადოს და წარმოადგინოს თავისი დაცვა, და აგრეთვე ვალდებულება მოიპოვონ საკმარისი მტკიცებულება ბრალდებულის მსჯავრდებისათვის.” სასამართლომ მსგავსი დასკვნა გააკეთა საქმეში Telfner v. Austria 2001 (33501/96) § 15.).

Read More