ადამიანის უფლებები და უნივერსალური პასუხისმგებლობა

მოსახლეობის ზრდის შესაბამისად, ადამიანებსა და მთავრობებს შორის კონტაქტების გაღრმავებასთან ერთად ჩვენი სამყარო სულ უფრო მჭიდრო და ურთიერთდამოკიდებული ხდება. ამ გარემოების გათვალისწინებით, ადამიანების ხალხებისა და ერების უფლებები ერთმანეთთან და მთლიანად პლანეტასთან დამოკიდებულების თავალსაზრისით ახალ გააზრებას საჭიროებს. ორგანიზაციებისა და მთავრობების ეს საერთაშორისო კონფერენცია მსოფლიოში ადამიანების უფლებებისა და თავისუფლების საკითხს ეძღვნება. ეს იმაზე მიუთითებს, რომ სულ უფრო და უფრო ღრმად ვაცნობიერებთ, რომ ერთმანეთზე დამოკიდებულნი ვხდებით.

წარმომავლობის მიუხედავად, ყველანი, უპირველესად, ადამიანები ვართ. ამ თვალსაზრისით არაფრით განვსხვავდებით ერთმანეთისგან; გვაქვს საერთო ადამიანური მოთხოვნილებები და საზრუნავი; მიუხედავად რასისა, რელიგიისა, სქესისა და საზოგადოებრივი სტატუსისა, ყველანი ბედნიერებას ვესწრაფვით და ტანჯვისგან თავის დაღწევას ვცდილობთ. ადამიანს, ისევე როგორც ყველა ცოცხალ არსებას, ბედნიერებისკენ სწრაფვის, სამყაროთი ტკბობისა და თავისუფლების უფლება აქვს. როგორც თავისუფალ პიროვნებებს, ძალგვიძს, უნიკალური ინტელექტის წყალობით ვცადოთ საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობა, მაგრამ თუ ჩვენი შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებაში ხელს გვიშლიან, მაშინ ადამიანობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან თვისებას ვკარგავთ. ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლად, ძალზე ხშირად, ჩვენი საზოგადოების ყველაზე ნიჭიერი, შეუპოვარი და შემოქმედებითად მოაზროვნე წევრები ხდებიან. ამრიგად, ადამიანის უფლებების დარღვევა ხელს უშლის ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ განვითარებას. შესაბამისად ამ უფლებების და თავისუფლების დაცვა კოლოსალურ მნიშვნელობას იძენს, როგორც ცალკეული ადამიანისთვის, ასევე მთლიანად საზოგადოების განვითარებისთვის.
მწამს, რომ ის ძირითადი ფაქტორი, რის გამოც ერთი ადამიანი მეორეს ტანჯავს, ბედნიერების ჭეშმარიტი მიზეზების არასაკმარისი ცოდნაა. ზოგი ფიქრობს, რომ სხვისი დატანჯვა მის ბედნიერებას შეუწყობს ხელს, მისი პირადი ბედნიერებისთვისაა საჭირო სხვისთვის ტკივილის მიყენება, მაგრამ ეს ხომ აშკარა სიბეცეა. სხვა ადამიანებისთვის ზიანის მიყენებით ნამდვილ ბედნიერებას ვერავინ მიაღწევს. სხვის უბედურებაზე აგებული ბედნიერება ხანმოკლეა. სხვისთვის ტანჯვის მიყენება, მათი სამყაროსა და ბედნიერების დანგრევა წუხილს, შიშსა და საკუთარი თავის მიმართ უნდობლობას იწვევს.
უკეთესი და უფრო ბედნიერი სამყაროს შექმნის გასაღებს სხვა ადამიანების სიყვარული და თანაგრძნობა წარმოადგენს. ეს, რა თქმა უნდა, იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი უნდა ვიზრუნოთ ჩვენს დებსა და ძმებზე, ვისაც ნაკლებად გაუმართლა. ამ მხრივ, გადამწყვეტი როლი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ენიჭებათ. თქვენ საზოგადოებას არა მარტო ყველა ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაში არწმუნებთ, არამედ ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლთ უკეთესი მომავლის იმედს უსახავთ.
1973 წლის ევროპაში პირველი ვიზიტის დროს მსოფლიოში ადამიანთა მზარდი ურთიერთდამოკიდებულებისა და უნივერსალური პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარების შესახებ ვისაუბრე. ჩვენ გლობალურ აზროვნებას ვსაჭიროებთ, ვინაიდან ერთი რომელიმე ერის მოქმედება მის მიერ ათვისებული ტერიტორიის საზღვრებიდან შორს აისახება. თანამედროვე მსოფლიოში პრინციპულ მნიშვნელობას იძენს ადამიანის უფლებების ყველასათვის სავალდებულო სტანდარტების მიღება, როგორც ეს აღნიშნულია, ჩაწერილია ადამიანის უფლებათა ,,უნივერსალურ დეკლარაციაში” და ადამიანის უფლებათა ,,საერთაშორისო კონვენციაში”. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა მხოლოდ იდეალად არ უნდა დარჩეს, იგი მტკიცე საფუძვლად უნდა დაედოს ადამიანთა საზოგადოების მშენებლობას.
უფლებები და თავისუფლება პიროვნულ მოვალეობასაც გულისხმობს. გვინდა განვაცხადოთ, რომ მშვიდობიანი ცხოვრებისა და ბედნიერების უფლება სხვებსაც ისევე აქვთ, როგორც ჩვენ. ამით გაჭირვებულების შეწევნით ვალდებულებას ვიღებთ საკუთარ თავზე. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა მნიშვნელოვანია, როგორც აფრიკისა და აზიის, ისევე ევროპისა და ამერიკის მცოვრებთათვის. ყველა ადამიანი, მიუხედავად კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობისა, იტანჯება, როცა აშინებენ, აპატიმრებენ, ან აწამებენ. ადამიანის უფლებების შესახებ საკითხს ისეთი ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებული შეხედულება არ არსებობს. ასე რომ, ადამიანის უფლებების პატივისცემის ვალდებულებასთან დაკავშირებით უნდა მივაღწიოთ არა მხოლოდ საყოველთაო შეთანხმებას, არამედ თანხმობას ამ უფლებების განსაზღვრის დროს.
ამას წინათ ზოგიერთმა აზიელმა მმართველმა განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა ,,უნივერსალურ დეკლარაციაში” ჩაწერილი უფლებათა ნორმები დასავლეთის მიერაა შემოთავაზებული და კულტურული, ასევე სოციალურ-ეკონომიკური განვითარების განსხვავების გამო არ გამოდგება აზიისა და მესამე ქვეყნების სხვა რეგიონებში. მე ვერ გავიზიარებ ამ შეხედულებას. ასევე მჯერა, რომ ამ თვალსაზრისს ბევრი აზიელიც არ ეთანხმება, ვინაიდან თავად ადამიანის ბუნებაშია ჩადებული თავისუფლების, თანასწორობისა და ღირსებისკენ სწრაფვა. ყველა ადამიანს ერთნაირად ამოძრავებს მათი მიღწევის სურვილი. ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ ეკონომიკურ განვითარების აუცილებლობასა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ვალდებულებას შორის. სიმდიდრემ და კულტურულ-რელიგიურმა მრავალფეროვნებამ ყოველ საზოგადოებაში მხოლოდ ხელი უნდა შეუწყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას. ეს მრავალფეროვნება ყველა ადამიანის, როგორც ერთი ზოგადასაკაცობრიო ოჯახის წევრების, გამაერთიანებელ ფუნდამენტურ პრინციპებს გულისხმობს. ტრადიციების განსხვავებით ვერასდროს აიხსნება და გამართლდება ადამიანის უფლებების დარღვევა. სხვა რასის ადამიანების, ქალებისა და საზოგადოების დაბალი ფენების დისკრიმინაცია შესაძლოა ტრადიციას წარმოადგენდეს ზოგიერთ რეგიონში, მაგრამ, თუ ისინი უნივერსალურად აღიარებულ ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება, მოქმედების ეს ფორმები წარსულს უნდა ჩაბარდეს. დამყარდეს ყველა ადამიანის თანასწორობის უნივერსალური პრინციპი.
ადამიანის უფლებების უნივერსალურობის აღიარებას უმთავრესად ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმები ეწინააღმდეგებიან. მათი შეხედულებების გაზიარება ყოვლად შეუწყნარებელია. პირიქით, საჭიროა ასეთი რეჟიმების იძულება, რათა პატივი სცენ საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და განახორციელონ ისინი, საკუთარი ხალხების უფრო არსებითი და გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე. უკანასკნელ წლებში მომხდარმა დრამატულმა ცვლილებებმა ნათლად წარმოაჩინა ადამიანის უფლებების აღიარებისა და გამარჯვების გარდაუვალობა.
ერები ერთმანეთისა და ჩვენი საერთო პლანეტის მიმართ სულ უფრო მეტ პასუხისმგებლობას იჩენენ. ეს სასიხარულო მოვლენაა იმ ფონზე, როცა ადამიანები ჯერ კიდევ უზარმაზარ ტანჯვას აყენებენ ერთმანეთს, შოვინისტური, რასობრივი, იდეოლოგიური და ისტორიული მოსაზრებიდან გამომდინარე. დაჩაგრულთათვის ახალი იმედები ისახება. ადამიანები ყველგან მზად არიან თანამოძმეების უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის.
უხეში ძალა ვერასოდეს ჩაახშობს თავისუფლებისა და ღირსებისადმი ადამიანის მისწრაფებას. აღარ არის საკმარისი ხალხის დამშევა და მათი სისხლის დაღვრა, როგორც ამას კომუნისტები აკეთებდნენ. ადამიანის ბუნების უფრო ღრმა მოთხოვნილებას თავისუფლების ჰაერით სუნთქვა წარმოადგენს. თუმცა ზოგიერთი მთავრობა საკუთარი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებს საშინაო საქმედ განიხილავს. მათ არ სურთ გაიგონ, ყოველი ქვეყნის მცხოვრებთა ბედი საერთო, ზოგადსაკაცობრიო ზრუნვის საგანს წარმოადგენს და მოსაზრებები სუვერენიტეტის შესახებ საკუთარი მოსახლეობის ჩაგვრის საფუძველს არ უნდა ქმნიდეს. ჩვენ, როგორც ადამიანთა გლობალური ოჯახის წევრებს, არა მარტო პროტესტის უფლება გვაქვს, როცა ჩვენი დები და ძმები სისასტიკის მსხვერპლნი ხდებიან, არამედ ვალდებულნი ვართ ყველაფერი გავაკეთოთ მათ დასახმარებლად.
არც თუ დიდი ხნის წინ ერებისა და ხალხების გამყოფი ხელოვნური ბარიერები მოიშალა. ბერლინის კედლის დაცემით ათწლეულების მანძილზე დასავლეთად და აღმოსავლეთად გაყოფილი მსოფლიო წარსულს ჩაბარდა. ჩვენ იმედებითა და მოლოდინით აღსავსე ეპოქაში ვცხოვრობთ, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება უზარმაზარი ნაპრალი, რომელიც კაცობრიობის ოჯახის გულს შუაზე კვეთს. ამ შემთხვევაში ჩრდილოეთისა და სამხრეთის განხეთქილებას ვგულისხმობ. თუ მართლა ვაღიარებთ თანასწორობის პრინციპებს, რომელიც ადამიანის უფლებების კონცეფციის საფუძველს წარმოადგენს, აღარ უნდა დავხუჭოთ თვალი დღევანდელ ეკონომიკურ უთანასწორობაზე. აღარ შეიძლება მხოლოდ განცხადება იმისა, რომ ადამიანები თანასწორუფლებიანები არიან თავიანთი ღირსებით. ეს მოქმედებაში უნდა გამოიხატოს. ჩვენ მსოფლიო რესურსების უფრო სამართლიანი გადანაწილების გზები უნდა გამოვნახოთ.
მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული თავისუფლების დასაცავად უმნიშვნელოვანესი საზოგადოებრივი მოძრაობის მოწმენი ვართ. ეს მოძრაობა უფრო ძლევამოსილი უნდა გახდეს ზნეობრივი თვალსაზრისით, რომ მისი ჩახშობა ყველაზე სახელგატეხილმა მათვარობებმა და არმიებმაც კი ვერ შეძლონ. ეს კონფერენცია ამ პრინციპების მიმართ ჩვენს ერთგულებას ადასტურებს. სამართლიანი და ბუნებრივია, როცა ერები, ხალხები და ცალკეული ადამიანები საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემას ითხოვენ, რეპრესიების, რასიზმის ეკონომიკური ექსპლუატაციის აღკვეთისთვის იბრძვიან, სამხედრო ოკუპაციის, კოლონიალიზმის სხვადასხვა ფორმების და გარედან გაბატონების წინააღმდეგ ილაშქრებენ. მთავრობებმა ფუჭი ლაპარაკის ნაცვლად აქტიურად უნდა დაუჭირონ მხარი მსგავს მოთხოვნებს.
მე-20 საუკუნის დასასრულს ვუახლოვდებით და მსოფლიოს ერთიან საზოგადოებად ჩამოყალიბების პროცესი ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს. მოვალენი ვართ, გავერთიანდეთ სერიოზული პრობლემების გადასაჭრელად. ეს პრობლემები უკავშირდება მიგრაციას, ბუნებრივი რესურსების ამოწურვას, ეკოლოგიურ კრიზისს, რაც პლანეტაზე ჩვენს არსებობას უქმის საფრთხეს. ადამიანის უფლებები, გარესამყაროს დაცვა, სოციალურ-ეკონომიკური თანასწორობა – ყოველივე ეს მჭიდრო ურთიერთკავშირშია. მწამს, რომ დროის მიერ წამოჭრილი პრობლემების დასაძლევად ადამიანებმა საკუთარ თავში უნივერსალური პასუხისმგებლობა უფრო უნდა გააღრმავონ. ყველა ჩვენგანმა უნდა იღვაწოს არა მხოლოდ საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახის, ან საკუთარი ხალხის, არამედ მთელი კაცობრიობის კეთილდღეობისათვის. უნივერსალური პასუხისმგებლობა მთელი მსოფლიოს წინაშე მშვიდობის საფუძველს წარმოადგენს.
თანამშრომლობის საჭიროება მხოლოდ დაახლოვებს კაცობრიობას. მისი დახმარებით გავაცნობიერებთ, რომ ახალი მსოფლიო წესრიგის ყველაზე მტკიცე საფუძველს წარმოადგენს არა უბრალოდ ფართო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბება, არამედ გულწრფელი სიყვარულის პრაქტიკა და ყოველი ცალკეული ადამიანის თანაგრძნობა. ეს თვისებები ადამიანის ბედნიერების უმთავრესი წყაროა და მათ მიმართ ჩვენი მოთხოვნილება ყოფიერების საძირკველს წარმოადგენს. თანაგრძნობა არის არა იდეალიზმი, არამედ საკუთარი და სხვისი ჭეშმარიტი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ყველაზე ეფექტური საშუალება. რაც უფრო ურთიერთდამოკიდებულები ვხდებით, მით უფრო ვგრძნობთ სხვათა კეთილდღეობისათვის ზრუნვის საჭიროებას.
მწამს, რომ ერთ-ერთი პრინციპული ფაქტორი, რაც ურთიერთდამოკიდებულების გაცნობიერებაში გვიშლის ხელს, არის მატერიალური პროგრესით მეტისმეტი გატაცება. ჩვენდა უნებურად უმთავრესი თვისებები – თანაგრძნობა, სხვებზე მზრუნველობა, თანამშრომლობისათვის მზადყოფნა უგულებელვყავით. თუ ვიღაცას არ ვიცნობთ, ან რომელიმე ადამიანთან, ან ჯგუფთან რაიმე არ გვაკავშირებს, საერთოდ არ ვაქცევთ მათ გაჭირვებას ყურადღებას. ადამიანთა საზოგადოების განვითარება კი მოითხოვს, რომ ადამიანებმა ერთმანეთს დახმარების ხელი გაუწოდონ.
მწამს, რომ საზოგადოების შეცვლა ცალკეულ ადამიანებს ძალუძთ. თითოეულმა უფრო მეტი უნდა აკეთოს, რათა ჩვენი საერთო ოჯახი სწორი მიმართულებით განვითარდეს. ეს ვალდებულება ყოველმა ჩვენგანმა უნდა იტვირთოს. როგორც ბუდისტი ბერი, საკუთარ თავში თანაგრძნობის განვითარებას ვცდილობ არა მხოლოდ რელიგიური პრაქტიკის, არამედ ადამიანური თვალსაზრისითაც. ამ ალტრუისტული განწყობილების გასაძლიერებლად ზოგჯერ წარმოვიდგენ, რომ სრულიად მარტო ვდგავარ უზარმაზარი ბრბოს პირისპირ, რომელსაც ყველა დანარჩენი ადამიანი წარმოადგენს და ვეკითხები საკუთარ თავს, ვისი ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია? ჩემთვის სავსებით ცხადი ხდება, რომ როგორი მნიშვნელობაც არ უნდა მივანიჭო საკუთარ თავს, მე მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანი ვარ, მაშინ, როდესაც სხვები უსასრულოდ ბევრნი არიან თავიანთი რაოდენობითა და მნიშვნელობით.

დალაი-ლამა XIV

გაეროს საერთაშორისო კონფერენცია
,,ადამიანის უფლებები” ვენა, ავსტრია, 1995 წლის 15 ივნისი.

დატოვე კომენტარი