არქივი

Tag Archives: დანაშაული

თანამდედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფოს ფუნდამეტურ მოვალეობას სამართლებრივი ნორმების შექმნა, მათ დაცვაზე კონტროლის განხორციელება და სამართალდარღვევათა დასჯა წარმოადგენს. ვინაიდან, სამართალდარღვევათა დასჯის მონოპოლია მხოლოდ სახელმწიფოს გააჩნია, დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს ეკრძალებათ, რომ სამართლიანობის აღსადგენად ძალადობის და იძულების ღონისძიებების გამოყენებით თავად გაუსწორდნენ დანაშაულის ჩამდენს. დანაშაულის მსხვერპლს თავად რომ ჰქონოდა დამნაშავის დასჯის ნებართვა, ამით ერთ უმართლობას კიდე მეორე უმართლობა შეემატებოდა. ამიტომ, თვითიუსტიცია უარყოფილი და აკრძალულია. დემოკრატიულ სახელმწიფოში სისხლის სამართლის ნორმის დაღვევის შედეგად დანაშაულის მსხვერპლსა და (სავარაუდო) დამნაშავეს შორის წარმოშობილი “კონფლიქტის” მოგვარება და სამართლიანობის აღდგენა, როგორც წესი, მესამე ნეიტრალური მხარის, “იუსტიციის” ამოცანაა. “სახელმწიფო იუსტიცია” ვალდებულია ჩაერიოს ზემოაღნიშნულ კონფლიქტში და დასაჯოს დამნაშავე სამართლიანობის აღსადგენად, რაც როგორც მსხვერპლის, ისე საზოგადოების ინტერესებში ხორციელდება.

Read More

ზემოთ განხილული პირის უფლება, არ მიიღოს სისხლის სამართლის პროცესში მოწმის სტატუსით მონაწილეობა, უნდა განვასხვავოთ მოწმის უფლებისაგან, უარი თქვას ჩვენების მიცემაზე. ტერმინოლოგიურად შეიძლება მათ შორის განსხვავება უმნიშვნელოა, თუმცა პროცესუალურად ისინი აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსის მატარებლები არიან. თუ პირველ შემთხვევაში პირი საერთოდ თავისუფლდება მოწმის ვალდებულებისაგან, მეორე შემთხვევაში პირი ვერ იტყვის უარს პროცესში მოწმის სტატუსით მონაწილეობაზე, იგი დაიკითხება სასამართლოში მხარეთა მიერ, მაგრამ, უფლებამოსილია არ მისცეს ისეთი ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს . აღსანისნავია, რომ აღნიშნული უფლება არ ათავისუფლებს მოწმეს ისეთი ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან, რომელიც მას ან მის ახლო ნათესავს ადმინისტრაციულ გადაცდომაში და სხვა სამართალდარღვევებში ამხელდა.

სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დებულების მიზანია, დაიცვას მხოლოდ მოწმე და მისი ახლო ნათესავი (და არა ბრალდებული, რომელიც არ წარმოადგენს მოწმის ახლო ნათესავს) დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემით გამოწვეული სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფრთხისაგან. აღნიშნული უფლება ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ მოწმეს შეუძლია დაკითხვის დროს იყოს მდუმარედ მხარეების მიერ დანაშაულში მისი ან მისი ახლო ნათესავის (შესაძლო) მამხილებელი შეკითხვის დასმისას. ასეთ შემთხვევაში მოწმემ უნდა განმარტოს თუ რატომ იკავებს თავს შეკითხვაზე პასუხის გაცემისაგან. აღნიშნული უფლებით სარგებლობა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოწმის ან მისი ახლო ნათესავის საზიანოდ. განსხვავებით ამისაგან, მტკიცებულებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს ის ინფორმაცია, რომელიც მოწმემ დაკითხვის დროს მანამდე მიაწოდა სასამართლოს.
თუ მოწმე სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე დაკითხვის დროს არ გასცემს პასუხს დანაშაულში მამხილებელ შეკითხვებს, შესაძლებელია ამ გარემოებების შესახებ მოწმედ დაიკითხოს ის გამომძიებელი ან პოლიციელი, რომლებსაც მოწმემ გამოძიების ეტაპზე გამოკითხვის დროს მიაწოდა მისთვის საზიანო ინფორმაცია. მსგავსად ამისა, თუ მოწმე უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, შესაძლებელია სასამართლოში გამოქვეყნდეს მის მიერ მაგისტრატ მოსამართლესთან მიცემული ჩვენება.
მოწმე ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან არ გათავისუფლდება, თუ მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფრთხე არ ან აღარ არსებობს. მაგალითად, როდესაც მოწმის მხარეს მართლწინააღმდებობის გამომრიცხველი გარემოება აშკარად არსებობს, რაც მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას გამორიცხავს. ან მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება საბოლოოდ შეწყდა, რაც ხელმეორედ მისი სისხლის სამართლის პასიხისგებაში მიცემის შესაძლებლობას გამორიცხავს და ა.შ. მსგავს შემთხვევებში მოწმემ უნდა უპასუხუს ნებისმიერ შეკითხვას, მათ შორის დანაშაულში მის მამხილებელ შეკითხვებსაც (თუმცა ამ ქმედების გამო, როგორც აღინიშნა, მას არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა)

1. პოლიციის ორგანიზაცია და ამოცანები

პოლიცია წარმოადგენს ,,სისხლისსამართლებრივი იუსტიციის” ყველაზე ქვედა, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვან რგოლს. სწორედ პოლიციის ორგანოებს აქვთ უმეტეს შემთხვევებში დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ პირებთან პირველი შეხება და სწორედ ისინი ახდენენ პირველად რეაგირებას სამართალდარღვევებთან დაკავშირებით.
საპოლიციო საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ორგანოები, კერძოდ, საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, სასაზღვრო პოლიცია, დაცვის პოლიცია და სხვა. გარდა ამისა, საქართველოს არაერთ სამინისტროს გააჩნია სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და ახდენს რეაგირებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე. ასეთ ორგანოებს მიეკუთვნებიან მაგალითად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია. საერთაშორისო დონეზე საპოლიციო უფლებამოსილება გააჩნია ე.წ. ,,ინტერპოლს~, რომელიც წარმოადგენს კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციას. ინტერპოლი დაარსდა 1923 წელს ვენაში ჩატარებულ კრიმინალური პოლიციის მე-2 საერთაშორისო კონგრესზე. საქართველო ინტერპოლის წევრია 1993 წლიდან. დღესდღეობით ინტერპოლი აერთიანებს 181 წევრ ქვეყანას. ინტერპოლის მიზანია სხვადასხვა ქვეყნების კრიმინალური პოლიციის ორგანოებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა ქვეყნის შიდა კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრინციპების ფარგლებში, დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციების შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფა. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ინტერპოლს ეკრძალება პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური ან რასობრივი ხასიათის ნებისმიერ საქმიანობაში ჩარევა. მიუხედავად ამისა, ინტერპოლი მაინც ახდენს რეაგირებას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების ხელმყოფ ქმედებებზე.
Read More

1. მატერიალური და ფორმალური სისხლის სამართალი

მატერიალური სისხლის სამართალი, რომლის ძირითად წყაროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი წარმოადგენს, ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებივ ღონისძიებას . იმისათვის, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მატერიალური სისხლის სამართლის ნორმები ფუნქციის გარეშე არ დარჩნენ და სისხლის სამართლის მიზნები განხორციელდეს (რაც სისხლის სამართლის კოდექსის 1-ლი მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილებასა და მართლწესრიგის დაცვაში მდგომარეობს), სავალდებულოა კანონით გათვალისწინებული პროცესის არსებობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება სისხლისსამართლებრივად დასჯადი ქმედების და დანაშაულის ჩამდენი პირის გამოვლენა, დანაშაულის გამოძიება და დამნაშავისთვის შესაბამისი სასჯელის შეფარდება. აღნიშნული პროცესის მარეგულირებელი ნორმები ამავდროულად მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ცალკეული ინდივიდების უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად ზუსტად განისაზღვროს პროცესის მწარმოებელი სახელმწიფო ორგანოების უფლებამოსილება და მათი მოქმედების ფარგლები. სწორედ ეს სამართლებრივი ნორმები ქმნიან სისხლის საპროცესო სამართალს, იგივე ფორმალურ სისხლის სამართალს, რომლებიც ძირითადად თავმოყრილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში.
მაშასადამე, მატერიალური და ფორმალური სისხლის სამართალი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და ავსებენ ერთმანეთს. ის, რაც მატერიალურ სისხლის სამართალას არ მიეკუთვნება, გათვალისწინებული უნდა იყოს მაშინ სისხლის საპროცესო სამართლის ცალკეული ნორმებით და პირიქით. ამ ორ მათგანს შორის მჭიდრო კავშირი მით უფრო იკვეთება, თუკი სისხლის სამართალს სამართლის სხვა დარგებს შევადარებთ. სამართლის სხვა დარგებში მატერიალური სამართალი მოქმედებს და ფუნქციონირებს ყოველგვარი პროცესის გარეშეც. როგორც წესი, ხელშეკრულებების უმეტესობა სრულდება (Pacta sunt servanda) და დავის არსებობის შემთხვევაშიც კი შეიძლება საქმე პროცესამდე არც კი მივიდეს. განსხვავებით სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლისაგან, სადაც ერთი მხარის ,,მოთხოვნას~ მეორე მხარე როგორც წესი ნებაყოფლობით აკმაყოფილებს და პროცესს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში აქვს ადგილი, სისხლის სამართალში პროცესის ჩატარება ყოველთვის სავალდებულოა. მაშინაც კი, როდესაც დამნაშავე ნებაყოფლობით ცხადდება სამართალდამცავ ორგანოებში და ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, სისხლის სამართლის პროცესის გარეშე ვერ დაეკისრება მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. იმისათვის, რომ სახელმწიფომ, რომელსაც გააჩნია სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაზე აბსოლიტური მონოპოლია, შეძლოს დანაშაულის ჩამდენი პირებისთვის მატერიალური სისხლის სამართლის ნორმებით გათვალისწინებული სასჯელის დაკისრება, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა აწარმოოს სისხლის სამართლის საქმე სისხლის საპროცესო სამართლის ნორმების შესაბამისად. ამრიგად, სისხლის სამართალში, განსხვავებით სამართლის სხვა დარგებისაგან, მატერიალური სამართლის ნორმათა მოთხოვნები ფორმალური სამართლის გარეშე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შესრულდება.

Read More