არქივი

Tag Archives: პატივი

პირადი არაქონებრივი უფლებები ქონებრივისგან უწინარეს ყოვლისა, განსხვავდება იმით, რომ ისინი კონრეტულ პირებს, მათ პიროვნებას იმგვარად უკავშირდებიან, რომ სხვა პირთათვის მათი გადაცემა დაუშვებელია და შეუძლებელიცაა. ამიტომაც ეწოდება მათ პირადი უფლებები.
სახელის უფლების გარდა, სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს პატივისა და ღირსების დაცვას. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახას მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრები საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუკი ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაადასტურებს, რომ ეს ფაქტები სინამდვილეს შეესაბამება.
პატივისა და ღირსების შელახვას უთანაბრდება პირის გამოსახულების გამოქვეყნება მისი თანხმობის გარეშე. თანხმობა არ არის საჭირო, როცა პირის გამოსახულება ქვეყნდება მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან, მართლმსაჯულების ან პოლიზიის მოთხოვნებთან დაკავშირებით. მაგალითად, როცა პირს ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტად ან ნიშნავენ მინისტრად, მისი ფოტოსურათი ქვეყნდება საჯაროდ, მაგრამ ამისათვის თანხმობა აუცილებელი არ არის.
სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს მორალური ზიანისათვის მატერიალური ანაზღაურების პრინციპის შემოღება.

სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა – უნარი ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები – წამოიშობა დაბადების მომენტიდან. უფლაბაუნარიანობა გულისხმობს ყველა იმ უფლებისა და მოვალეობის კომპლექსს, რომელიც შეიძლება ჰქონდეს პირს სამოქალაქო კანონმდებლობით. პირის უფლებაუნარიანობა აბსტრაქტული და განუყოფელია. იგივე მე-11 მუხლის მე-4 ნაწილში ნათქვამია, რომ არ შეიძლება ფიზიკურ პირს წაერთვეს უფლაბაუნარიანობა.
ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობის მოცულობა იმდენად დიდია, რომ მისი ამომწურავად ჩამოთვლა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ კანონი ამას არც ისახავს მიზნად. სამოქალაქო კოდექსით გამოყოფილია მხოლოდ ძირითადი უფლებები. ასეთი ძირითადი უფლებებია: პირის უფლება ჰქონდეს ქონება საკუთრებაში, მიიღოს და გასცეს ქონება მემკვიდრეობით, ეწეოდეს ნებისმიერ საქმიანობას, რაც კანონით არ არის აკრძალული, შექმნას სხვადასხვა სახის იურიდიული პირი, დადოს გარიგებები, აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი.
სამოქალაქო კოდექსი განსაკუთრებულად გამოჰყოფს ფიზიკური პირის სახელის უფლებას. კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, ყოველ ფიზიკურ პირს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელსა და გვარს.
კოდექსი ასევე ყურადღებას ამახვილებს ისეთ პირად არაქონებრივ უფლებებზე, როგორიცაა პატივი და ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
როგორც ითქვა, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა იწყება მისი დაბადებიდან და გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. დაბადება იწყება იმ მომენტიდან, როცა ნაყოფი დამოუკიდებლად დაიწყებს სუნთქვას. ამ მომენტიდან პირი უკვე უფლებაუნარიანია. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობის შეწყვეტა ხდება მისი გარდაცვალების მომენტიდან. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობის შეწყვეტის მომენტის დადგომისთვის მნიშვნელობა აქვს ბიოლოგიურ სიკვდილს ე.ი. მომენტს, რომლის შემდეგ აღარ შეიძლება დაბრუნდეს ადამიანის სიცოცხლე (კლინიკური სიკვდილისგან განსხვავებით)
ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა ნიშნავს პირის უნარს თავისი ნებით და მოქმედებით შეიძინოს ან განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. უფლებაუნარიანობისაგან განსხვავებით, ქმედუნარიანობა დაკავშირებულია პირის ნებასთან, ნებით მოქმედებასთან, რაც მოითხოვს მისი ფსიქიკური სიმწიფის დონეს. პირველყოფლისა, ეს დონე, კანონის შესაბამისად, განისაზღვრება პირის ასაკით.
ასაკის გათვალისწინებით, ქმედუნარიანობა არსებობს სრული და ნაწილობრივი, ანუ შეზღუდული. სრული მოცულობით ქმედუნარიანობა წარმოიშობა პირის სრულწლოვანების მიღწევიდან. სრულწლოვანად კი ითვლება პირი, რომელმა მიაღწია 18 წლის ასაკს.
კანონმდებელი აწესებს გამონაკლისს, როცა 18 წლამდე ასაკის პირს ენიჭება ქმედუნარიანობა, კერზოდ, სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლი მე-3 ნაწილის თანახმად ქმედუნარიანად ითვლება პირი, რომელიც იქორწინებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.
7 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვნები ითვლებიან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სუბიექტებად. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ითვლება ასევე პირი, რომელსაც სასამართლომ დაუწესა მზრუნველობა მისი ქმედუნარიანობის შეზღუდვით.
მცირეწლოვანი, ე.ი. არასრულწლოვანი, რომელსაც 7 წლის ასაკამდე არ მიუღწევია, ითვლება არაქმედუნარიანად. ასევე არაქმედუნარიანად ითვლება პირი, ომრლსაც ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო სასამართლოს მიერ აღიარებულ იქნება არაქმედუნარიანად.