არქივი

Tag Archives: იურიდიული პირის ქმედუნარიანობა

იმისათვის, რომ იურიდიულმა პირმა რაიმე ქმედება განახორციელოს, აუცილებელია ფიზიკური პირების არსებობა, რომელიც იურიდიული პირის სახელით განახორციელებენ შესაბამის მოქმედებებს. ისტორიულად, ამის აუცილებლობა დაასაბუთა ფრანგულ სამართალში ე.წ. წარმომადგენლის თეორიამ, რომელსაც საფუძვლად მინდობილობის ცნობილი მოძღვრება დაედო – mandataires. იმის გამო, რომ იურიდიული პირების წარმოდგენა საგარეო ურთიერთობებში უფრო რთულად ხორციელდება, ვიდრე მხოლოდ კონკრეტული წარმომადგენლობის მეშვეობით, დროთა განმავლობაში წარმოიშვა ე.წ. ორგანული თეორია, რომელიც ამბობს, რომ იურიდიული პირების ქმედუნარიანობა ხორციელდება სწორედ მისი ორგანოების მეშვეობით.
წარმომადგენლობის თეორიას საფუძვლად უდევს მინდობილობის ხელშეკრულება – მანდატი. იურიდიულ პირსა და იმ კონკრეტულ ფიზიკურ პირს შორის, რომელმაც უნდა წარმოადგინოს იურიდიული პირი და იმოქმედოს მისი სახელით. მისი უფლებამოსილების ფარგლებსა და წარმომადგენლობის შინაარსს განსაზღვრავს სამანდატო ხელშეკრულება. ასეთი კონსტრუქცია საკმაოდ არასტაბილურ და არამყარ საფუძველს ქმნის სამართლებრივი ურთიერთობის დროს: იურიდიული პირის სახელშეკრულეებო კონტრაჰენტს ყოველთვის მოუწევს იმის გადამოწმება, აქვს თუ არა წარმომადგენელს უფლება დადოს ესა თუ ის გარიგება იურიდიული პირის სახელით. ორგანული თეორია ამ მხრივ გაცილებით უფრო სტაბილური და სანდოა. იურიდიული პირის წარმომადგენლობითი ორგანოს უფლებამოსილება დამოკიდებულია არა ხელშეკრუკლებაზე- ვალდებულებით სამართლებრივ აქტზე, არამედ განისაზღვრება კანონით და კონკრეტულ იურიდიულ პირთან დაკავშირებით მესამე პირთათვის ცნობილი ხდება რეგისტრაციისა და პრესაში გამოქვეყნების მეშვეობით.
ქართულმა სამოქალაქო სამართალმა სრულიად სამართლიანად მიანიჭა უპირატესობა ორგანულ თეორიას. როგორც სამოქალაქო კოდექსი, ასევე მეწარმეთა შესახებ კანონი, ზუსტად განსაზღვრავს იურიდიული პირების წარმომადგენლობით ორგანოებს, ასევე იმ ორგანოთა სისტემასა და კომეპტენციას, რომლებიც იურიდიული პირისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებენ.

სამოქალაქო სამართალი, როგორც სამართლის ერთ-ერთი დარგი, სამართლის სხვა დარგებისგან განსხვავდება იმით, რომ მას აქვს რეგულირების თავისი საგანი, სფერო და მეთოდი ე.ი. აწესრიგებს, არეგულირებს გარკვეული სახის საზოგადოებრივ ურთიერთობებს გარკვეულ სუბიექტებს შორის და განსხვავებული, მათთვის დამახასიათებელი წესით, მეთოდით. სამოქალაქო კოდექსის საგანს შეადგენენ:

1. კერძო ხასიათის ქონებრივი ურთიერთობები.
2. საოჯახო ურთიერთობები.
3. პირადი ურთიერთობები.

სამოქალაქო სამართალლის ამოცანა, პირველ რიგში, ქონებრივი ურთიერთობების მოწესრიგებაა. თავის მხრივ ქონებრივი ურთიერთობები არის ისეთი საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია ნებით განსაზღვრულ წარმოებით ურთიერთობასთან და რომელსაც აქვს გარკვეული ეკონომიკური ფასეულობა.

სამოქალაქო სამართალი, როგორც იურიდიული მეცნიერება, არის სამართლის მეცნიერების დარგი, რომელიც შეისწავლის სამოქალაქო სამართალს, როგორც სამართლის განცალკევებულ ნაწილს. ე.ი. სამოქალაქო სამართლის მეცნიერების შესწავლის საგანია თვით სამართლის ამ დარგის რეგულირების საგანი. ამრიგად, სამოქალაქო სამართალი, როგორც სამართლის დარგი და როგორც მეცნიერება ძალზე ახლო მდგომი ცნებებია, მაგრამ მათი გაიგივება სწორი არ არის, ისინი მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. სამართლის დარგი გულისხმობს ნორმების ერთობლიობას, რომლებიც ადგენენ საყოვალთაო სავალდებულო წესებს, ხოლო მეცნიერება არის შეხედულებების, მოსაზრებებისა და დასკვნების გარკვეული სისტემა სამართლის ამ დარგზე.