არქივი

Tag Archives: დამცველი

სამართლიანი სისხლის სამართლის პროცესის უზრუნველსაყოფად მნიშნვნელოვანია, რომ მასში მონაწილე პირები, რომლებიც იღებენ პროცესუალური მნიშვნელობის სხვადასხვა ოფიციალურ გადაწყვეტილებებს, მოქმედებდნენ მიუკერძოებლად და არ ამოძრავებდეთ სისხლის სამართლის საქმის მიმართ პირადი ინტერესი. პროცესის ის მონაწილეები, რომლების მოქმედებებს და გადაწყვეტილებებს არსებითი ზეგავლენა შეუძლიათ მოახდინონ საქმის შედეგზე, უნდა იქნენ სისხლი სამართლის პროცეს ჩამოშორებული, თუკი მათ მხარეზე არსებობს ისეთი გარემოებები, რაც მათი ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში საფუძვლიან ეჭვს იწვევენ. ასეთი პირების სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამოიცხვის აუცილებლობა გამომდინარეობს როგორც თავად პროცესი სხვა მონაწილეების კანონიერი ინტერესებიდან, ისე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიუკერძოებლობის და ობიექტურობის მიმათ ნდობის შენარჩუნების ინტერესიდან გამომდინარე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოქმედი სასხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებებსა და პროცესის მონაწილეთა აცილების ინსტიტუტს. სსსკ-ის 59-ე მუხლში მოცემულია ის გარემოებები, რომლის არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ზემოაღნიშნული პირი:

Read More

თარჯიმნის ფუნქცია და მისი მოწვევა

თარჯიმანი არის პროცესის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც იძახებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც პროცესის სხვა მონაწილემ (ბრალდებული, მოწმე) არ იცის ან სათანადოდ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა და ან საჭიროა სისხლის სამართლის პროცესის ენაზე ითარგმნოს ტექსტი. დაუშვებელია, რომ პირმა, რომელსაც გააჩნია პროცესის მონაწილის გარკვეული სტატუსი (მაგ., დაზარალებული, ექსპერტი, გამომძიებელი, პროკურორი და ა.შ.) შეითავსოს ასევე თარჯიმნის ფუნქცია. თარჯიმანის პროცესუალური სტატუსი შეიძლება მიენიჭოთ არა მხოლოდ უცხო ენების სათანადოდ მცოდნე პირებს, არამედ იმ პირებსაც, რომლებსაც ესმით ყრუ-მუნჯთა ნიშნები (იხ. სსსკ-ის 53-ე მუხლი). თარჯიმანი შესაძლებელია მოწვეულ იქნეს, როგორც გამოძიების ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, ისე სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე. გამოძიების ეტაპზე თარჯიმნის გამოძახების უფლება აქვს გამომძიებელს და პროკურორს, ხოლო სასამართლოში – მოსამართლეს. ასეთ შემთხვევაში თარჯიმნის მოწვევის ხარჯებს მთლიანად გაიღებს სახელმწიფო. თუ გამოძიების ეტაპზე ბრალდებული საკუთარი ინიციატივით აწარმოებს მტკიცებულებების მოპოვებას საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გზით და ამისათვის ესაჭიროება თარჯიმნის დახმარება, მას უფლება აქვს საკუთარის ხარჯით უზრუნველყოს საგამოძიებო მოქმედებებში თარჯიმნის ჩართვა. როგორც წესი, საპროცესო დოკუმენტბი ეთარგმნება ბრალდებულს ზეპირად, ხოლო თუ ბრალდებულს სურს მათი წერილობითი თარგმანი, მან საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს მათი თარგმნა. სასამართლოს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის შემთხვევაში მსჯავრდებული მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს თარჯიმნის მომსახურების ხარჯების გადახდისაგან (იხ. სსსკ-ის 90-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

თარჯიმნის უფლება-მოვალეობები

თარჯიმნის უფლება-მოვალეობები ამომწურავად არის სსსკ-ის 54-ე მუხლში ჩამოყალიბებული, რომლის მიხედვით, იგი უფლებამოსილია:

Read More

ექსპერტის ცნება და ამოცანები

ექსპერტის საკანონმდებლო დეფინიცია მოცემულია სსსკ-ის მე-3 მუხლის 21-ე ნაწილში, რომლის თანახმად, ექსპერტი არის სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში. ამრიგად, ექსპერტს გააჩნია ის ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება (მაგ., მედიცინაში, ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში, საფინანსო ან ტექნიკურ საკითხებში), რომლის გარეშეც მხარეები და სასამართლო დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამორკვევას, მტკიცებულებების გამოვლენასა და გამოკვლევას.
ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოსაკვლევად უწევს სამი სახის დახმარებას:

– იგი აწვდის მათ ზოგად ინფორმაციას მეცნიერების ცალკეული დარგებიდან (მაგ., ახალშობილის კუჭი და ნაწლავები დაბადებიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ ივსება ჟანგბადით);

– იგი ადგენს ისეთ ფაქტებს, რომლის შეცნობა და დადგენა მხოლოდ სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების ქონის შედეგად არის შესაძლებელი (მაგ., მოკლული ახალობილის ნაწლავები არ იყო შევსებული ჟანგბადით);

– იგი ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნებს (მაგ., ახალშობილი მოკლულია შობიდან 6 საათის გასვლამდე, ვინაიდან მის ნაწლავებში არ აღინიშნებოდა ჟანგბადის კვალი) .

ექსპერტის მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში შემოიფარგლება კანონმდებლობით განსაზღვრული მისი ამოცანებით. ექსპერტი საკუთარი ინიციატივით მტკიცებულებათა მოსაპოვებლად და საქმის გარემოებათა გამოსარკვევად დამოუკიდებლად ვერ ჩაატარებს საგამოძიებო მოქმედებებს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს მიერ ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა ბრმად არ უნდა იქნეს გათვალისწინებული. მოსამართლე (ნაფიცი მსაჯული) ექსპერტის დასკვნას აფასებს შინაგანი რწმენით. განაჩენში უნდა აისახოს, რომ ცალკეული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას მოსამართლემ დამოუკიდებლად შეაფასა ექსპერტის დასკვნა და მივიდა კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. თუკი მოსამართლე არ გაიზიარეს ექსპერტის დასკვნას, მაშინ მან უნდა დაასაბუთოს განაჩენში საწინააღმდეგო.

Read More

თანამდედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფოს ფუნდამეტურ მოვალეობას სამართლებრივი ნორმების შექმნა, მათ დაცვაზე კონტროლის განხორციელება და სამართალდარღვევათა დასჯა წარმოადგენს. ვინაიდან, სამართალდარღვევათა დასჯის მონოპოლია მხოლოდ სახელმწიფოს გააჩნია, დანაშაულის შედეგად დაზარალებულ პირებს ეკრძალებათ, რომ სამართლიანობის აღსადგენად ძალადობის და იძულების ღონისძიებების გამოყენებით თავად გაუსწორდნენ დანაშაულის ჩამდენს. დანაშაულის მსხვერპლს თავად რომ ჰქონოდა დამნაშავის დასჯის ნებართვა, ამით ერთ უმართლობას კიდე მეორე უმართლობა შეემატებოდა. ამიტომ, თვითიუსტიცია უარყოფილი და აკრძალულია. დემოკრატიულ სახელმწიფოში სისხლის სამართლის ნორმის დაღვევის შედეგად დანაშაულის მსხვერპლსა და (სავარაუდო) დამნაშავეს შორის წარმოშობილი “კონფლიქტის” მოგვარება და სამართლიანობის აღდგენა, როგორც წესი, მესამე ნეიტრალური მხარის, “იუსტიციის” ამოცანაა. “სახელმწიფო იუსტიცია” ვალდებულია ჩაერიოს ზემოაღნიშნულ კონფლიქტში და დასაჯოს დამნაშავე სამართლიანობის აღსადგენად, რაც როგორც მსხვერპლის, ისე საზოგადოების ინტერესებში ხორციელდება.

Read More

მოწმეს სისხლის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა აკისრებს სამ ძირითად ვალდებულებას, კერძოდ: იგი მოწმედ გამოძახების შემთხვევაში ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში, მისცეს ჩვენება და დადოს ფიცი. აღნიშნულის გარდა, მას გააჩნია კიდევ სხვა დამატებითი ვალდებულებებიც, რომლის შესახებაც ქვემოთ იქნება საუბარი.

გამოცხადების ვალდებულება

ნებისმიერი პირი, არის იგი საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოაქალაქეობის არმქონე პირი, თუ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში, თუ მას სასამართლოს უწყებით გამოიძახებენ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენების მისაცემად. გამოცხადების ვალდებულებისაგან არ თავისუფლდებიან ის პირებიც, რომელთაც კანონით აქვთ მინიჭებული უფლება არ მისცენ ჩვენება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოცხადების ვალდებულება არსებობს მხოლოდ სასამართლოში. არავინ არ არის ვალდებული, ჩვენების მისაცემად გამოცხადდეს პროკურორთან ან გამომძიებელთან. სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება არსებობს, როგორც საქმის სასამართლოში არსებითი განხილვის დროს, ისე გამოძიების ეტაპზეც, ვინაიდან, სსსკ-ის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოძიების სტადიაზე მხარის შუამდგომლობით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება დაკითხულ იქნეს პირი.
გამოუცხადებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია მოწმე იძულებით მიიყვანონს სასამართლოში (სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილი). გარდა ამისა, სასამართლოში მოწმის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს მას განკარგულებით დააკისროს ჯარიმა, რაც მოწმეს არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან (იხ. სსსკ-ის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილი).

ჩვენების მიცემის ვალდებულება

სასამართლოში გამოცხადებული მოწმე ვალდებულია მისცეს ჩვენება, თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმესთან დაკავშირებით და უპასუხოს მხარეების მიერ დასმულ შეკითხვებს. თუ მოწმე უარს იტყვის ჩვენების მიცემაზე ან მისცემს ცრუ ჩვენებას (იხ. სსკ-ის 370-ე და 371-ე მუხლები), დაეკისრება ამისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. მოწმის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საფუძველს წარმოადგენს ასევე მის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემა (იხ. სსკ-ის 3711-ე მუხლი).
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ჩვენების მიცემის ვალდებულებიდან გარკვეულ გამონაკლისებს. ცალკეულ შემთხვევებში მოწმეს უფლება აქვს უარი განაცხადოს ჩვენების მიცემაზე ან ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე (იხ. სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი და 115-ე მუხლის პირველი ნაწილი). ასევე, გარკვეული კატეგორიის პირებს უფლება აქვთ არ მიიღონ სისხლის სამართლის პროცესში მოწმის სახით მონაწილეობა (სსსკ-ის 50-ე მუხლი), რომლის თაობაზეც ქვემოთ იქნება საუბარი.

ფიცის დადების ვალდებულება

როგორც ზემოთ აღინიშნა, პირს მოწმის სტატუსი ენიჭება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებასა და ფიცის დადების შემდეგ. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოწმემ სასამართლოში დაკითხვის წინ უნდა დადოს რელიგიური ან არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცი. ფიცის დადების ვალდებულებას საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომ ფიცი გარკვეულწილად ბოჭავს მოწმეს სიცრუისაგან და იგი კეთილსინდისიერად მისცემს სასამართლოში ჩვენებას. ამიტომ, ფიცის ქვეშ უფრო მეტია მოწმისგან ჭეშმარიტი ინფორმაციის მიღების ალბათობა.
ფიცის დადების ვალდებულებისგან კანონმდებელი ათავისუფლებს პირს, რომელიც თავისი რწმენის ან სხვა მოსაზრებათა გამო უარს ამბობს ფიცის დადებაზე. ასეთ შემთხვევაში მან ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცველი დადასტურების განხორციელებით. იგი სასამართლოს უდასტურებს, რომ იტყვის მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავს (იხ. სსსკ-ის 48-ე მუხლის მე-5 ნაწილი).

სხვა ვალდებულებები

გარდა ზემოაღნიშნულისა, მოწმეს კანონმდებელი აკისრებს სხვა დამატე ბით ვალდებულებებსაც. კერძოდ, მან არ უნდა გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ; უნდა დაიცვას წესრიგი სალმი სასამართლო განხილვის დროს; არ უნდა დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე (იხ. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი). გარდა ამისა, მოწმემ უნდა ითმინოს მხარეთა მიერ მისი სანდოობის დადგენა და ვალდებულია პასუხი გასცეს ისეთ შეკითხვებს, რომლებმაც მის რეპუტაციას შესაძლოა ზიანიც კი მიაყენოს. მოწმემ უნდა ითმინოს ასევე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ესპერტის მიერ მისი სხეულის ან ფსიქიკის გამოკვლევა.

 

ადვოკატის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ არ არსებობს ერთგვაროვანი პოზიცია. მეცნიერთა დიდი ნაწილი ადვოკატს სამართლებრივი წესრიგის დამცველად მიიჩნევს, რომელიც არა მარტო ბრალდებულის, არამედ საჯარო ინტერესების შესაბამისადაც მოქმედებს. ნაწილი კი უარყოფს აღნიშნულ მოსაზრებას და ადოკატს სისხლის სამართლის პროცესში როგორც ბრალდებულის ინტერესების წარმომადგენლს აღიარებს. შესაბამისად, ადვოკატის სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით იურიდიულ ლიტერატურაში საფუძველი ჩაეყარა ,,სამართლებრივი წესრიგის დაცვის თეორიასა~ და ,,მხარის ინტერესების წარმომადგენლის თეორიას~, რომლის შესახებაც ქვემოთ იქნება საუბარი.

სამართლებრივი წესრიგის დაცვის თეორია

სამართლებრივი წესრიგის დაცვის თეორიის მიხედვით, ადვოკატი სისხლისსამართალწარმოების დროს იცავს ბრალდებულის ინტერესებს და ამავდროულად ახორციელებს კონტროლს იმაზე, თუ რამდენად სამართლიანად წარიმართება სახელმწიფოს მხრიდან სისხლის სამართლის პროცესი. სამართლებრივ სახელმწიფოში მძიმე ბრალდების საქმეზე შეუძლებელია ადვოკატის მონაწილეობის გარეშე სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრალდებული დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა წარდგენილი ბრალდებებისაგან თავის სათანადოდ დაცვას და იგი ბრალმდებელთან შედარებით უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ასეთ დროს სწორედ ადვოკატი უნდა დაუპირისპირდეს სისხლისსამართლებრივი დევნის აპარატს და უზრუნველყოს მხარეთა პროცესუალური თანასწორობა. Read More

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დავის უფლება გარანტირებულია. დაცვის უფლების გარანტიას ადგენს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ~ ქვეპუნქტი. შესაბამისად, ბრალდებულს, როგორც პროცესის აქტიურ სუბიექტს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, ჯეროვნად და ეფექტურად დაიცვას თავი წარდგენილი ბრალდებებისგან. ვინაიდან, ხშირ შემთხვევებში, ბრალდებული კვალიფიციური იურისტის დახმარების გარეშე მოკლებულია დაცვის სათანადოდ განხორცელებისა და საპროცესო უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას, კანონი მას ანიჭებს ადვოკატის ყოლის უფლებას.

დაცვის უფლების კონსტიტუციური გარანტია კონკრეტიზირებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სხვადასხვა ნორმებში. სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება, ხოლო თუ ის უქონელია – უფლება, დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.
ადვოკატის ყოლა ბრალდებულის უფლებაა და არა ვალდებულება. მას ადვოკატის მომსახურების გარეშეც შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი ინტერესების დაცვა, რისთვისაც ბრალდებულს უნდა მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება(იხ. სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილი.) . აქედან გამონაკლის წარმოადგენს ე.წ. სავალდებულო დაცვის შემთხვევა, როდესაც ბრალდებულს უფლება არ აქვს უარი თქვას ადვოკატის მომსახურეობაზე .
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის დაცვის უფლება მოქმედებს სისხლისსამართალწარმოების ყველა ეტაპზე. თუმცა, ამ უფლებით სარგებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოძიების ეტაპზე, სადაც ადვოკატი დიდ როლს თამაშობს მტკიცებულებების მოპოვებასა და სასამართლო განხილვისათვის მომზადებაში . შეჯიბრებითი პროცესის პირობებში გამოძიების ეტაპზე შეკრებილ მტკიცებულებებს აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან მოსამართლე დამოუკიდებლად არ ატარებს სასამართლო გამოძიებას და ეყრდნობა მხარეთა მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ამიტომ, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე (დაკავების მომენტში, ან თუ დაკავება არ ხდება, – ბრალდებულად ცნობისთანავე), ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობის ადვოკატის ყოლის უფლება (იხ. სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილი) .