არქივი

Tag Archives: მტკიცებულება

ექსპერტის ცნება და ამოცანები

ექსპერტის საკანონმდებლო დეფინიცია მოცემულია სსსკ-ის მე-3 მუხლის 21-ე ნაწილში, რომლის თანახმად, ექსპერტი არის სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში. ამრიგად, ექსპერტს გააჩნია ის ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება (მაგ., მედიცინაში, ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში, საფინანსო ან ტექნიკურ საკითხებში), რომლის გარეშეც მხარეები და სასამართლო დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამორკვევას, მტკიცებულებების გამოვლენასა და გამოკვლევას.
ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოსაკვლევად უწევს სამი სახის დახმარებას:

– იგი აწვდის მათ ზოგად ინფორმაციას მეცნიერების ცალკეული დარგებიდან (მაგ., ახალშობილის კუჭი და ნაწლავები დაბადებიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ ივსება ჟანგბადით);

– იგი ადგენს ისეთ ფაქტებს, რომლის შეცნობა და დადგენა მხოლოდ სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების ქონის შედეგად არის შესაძლებელი (მაგ., მოკლული ახალობილის ნაწლავები არ იყო შევსებული ჟანგბადით);

– იგი ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნებს (მაგ., ახალშობილი მოკლულია შობიდან 6 საათის გასვლამდე, ვინაიდან მის ნაწლავებში არ აღინიშნებოდა ჟანგბადის კვალი) .

ექსპერტის მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში შემოიფარგლება კანონმდებლობით განსაზღვრული მისი ამოცანებით. ექსპერტი საკუთარი ინიციატივით მტკიცებულებათა მოსაპოვებლად და საქმის გარემოებათა გამოსარკვევად დამოუკიდებლად ვერ ჩაატარებს საგამოძიებო მოქმედებებს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს მიერ ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა ბრმად არ უნდა იქნეს გათვალისწინებული. მოსამართლე (ნაფიცი მსაჯული) ექსპერტის დასკვნას აფასებს შინაგანი რწმენით. განაჩენში უნდა აისახოს, რომ ცალკეული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას მოსამართლემ დამოუკიდებლად შეაფასა ექსპერტის დასკვნა და მივიდა კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. თუკი მოსამართლე არ გაიზიარეს ექსპერტის დასკვნას, მაშინ მან უნდა დაასაბუთოს განაჩენში საწინააღმდეგო.

Read More

ადვოკატი სისხლის სამართლის პროცესში უნდა მოქმედებდეს ცალმხრივად ბრალდებულის ინტერესების შესაბამისად და მას არ ეკისრება ობიექტურობის ვალდებულება. ამიტომ, ადვოკატისთვის ცნობილიც რომ იყოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ, იგი ვალდებულია მხარი დაუჭიროს საქმის არსებითად განხილვის დროს ბრალდებულის გამართლებას და არა მისთვის, როგორც დამნაშავისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. აღნიშნული ვალდებულებიდან გამომდინარეობს ისიც, რომ ადვოკატმა სასამართლოში უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ისეთი მტკიცებულებები, რომელიც ბრალდებულს ამართლებს ან უმსუბუქებს მას პასუხისმგებლობას. ადვოკატს უფლება არ აქვს ბრალდებულის თანხმობის გარეშე ისაუბროს ისეთ გარემოებებზე, რაც ბრადებულს ამხელს დანაშაულში ან დაუმძიმებს პასუხისმგებლობას. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ ადვოკატი ყოველთვის უნდა ეყრდნობოდეს გაუყალბებელ მტკიცებულებებს და მან ხელი არ უნდა შეუშალოს სიმართლის დადგენას. ადვოკატს ეკრძალება სასამართლოში წინასწარი შეცნობით ყალბი მტკიცებულებების წარდგენა (იხ. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილი). მაშასადამე, ადვოკატი უფლებამოსილია დაფაროს სიმართლე და არ თქვას ყველაფერი რაც მისთვისაა ცნობილი, მაგრამ, რასაც იგი იტყვის ან წარადგენს სასამართლოში, არ უნდა იყოს სიცრუე და სიყალბე.

Read More

გარდა ზემოაღნიშნულისა, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ბრალდებულს, როგორც პროცესის აქტიურ სუბიექტს ანიჭებს უფლებას, მიიღოს მონაწილეობა საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. გამოძიების ეტაპზე ბრალდებული უფლებამოსილია მოითხოვოს დაცვის მხარის შუამდგომლობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება. დაცვის მხარეს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვს ასევე ბრალდების მხარის შუამდგომლობით განხორციელებულ ცალკეულ საპროცესო მოქმედებებში, მაგალითად, გამოძიების დროს ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მაგისტრატი მოსამართლის მიერ მოწმის დაკითხვისას (იხ. სსსკ-ის 114-ე მუხლის მე-3 ნაწილი.) . სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდების მხარის მონაწილეობა სავალდებულოა. ბრალდებულს არ უნდა შეეზღუდოს სასამართლოში მისი ბრალდების საქმის განხილვის დროს მონაწილეობის შესაძლებლობა .

ბრალდებულს, რომელიც მონაწილეობს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში, უფლება აქვს აქტიურად ჩაერთოს მათ მიმდინარეობაში. დაცვის უფლებათა უზრუნველსაყოფად ბრალდებულს კანონი აძლევს შესაძლებლობას, დააყენოს შუამდგომლობები პროცესის მწარმოებელ პირებთან და განუცხადოს მათ აცილება, გამოიკვლიოს დაცვის მხარის მტკიცებულებები იმავე პირობებში, როგორც ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება, დაუსვავს შეკითხვები პროცესის მონაწილეებს და გამოთქვას თავისი აზრი ცალკეულ გარემოებებთან დაკავშირებით და სხვა. ყოველივე აღნიშნული პროცესის შეჯიბრებითობის უზრუნველყოფასა და მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპის ემსახურება .

როგორც ზემოთ აღინიშნა, თანამედროვე ქართულ სისხლის სამართლის საპროცესო სამართლალში პროცესის შეჯიბრებითობა და თანასწორობა გარანტირებულია სისხლისსამართალწარმოების ყველა სტადიაზე. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ბრალდებული უფლებამოსილია ჩაატაროს ალტერნატიული საგამოძიებო მოქმედებები და თავის სასარგებლოდ მოიპოვოს მტკიცებულებები. ბრალდებული აღნიშნული უფლების რეალიზაციას ახდენს პირადად ან ადვოკატის დახმარებით, მხარეები საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას სარგებლობენ თანაბარი პროცესუალური უფლებებით. კანონი ბრალდებულის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებას ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების თანაბარ იურიდიული ძალას ანიჭებს . იმისათვის, რომ გამოძიების ეტაპზე შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი იყოს უზრუნველყოფილი, მოსამართლე ვალდებულია დახმარება Aაღმოუჩინოს დაცვის მხარეს მტკიცებულებების გამოთხოვასა და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში. თუ მტკიცებულების მოპოვებისათვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომელსაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ ატარებს, იგი უფლებამოსილია შესაბამისი განჩინების გამოტანის შუამდგომლობით მიმართოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაბამის მოქმედებას ატარებენ სამართალდამცავი ორგანოები, ხოლო მოსამართლე ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა ბრალდების მხარისათვის ცნობილი არ გახდეს დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვება (იხ. სსსკ-ის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილი).