არქივი

Tag Archives: უფლებაუნარიანობა

ფიზიკური პირების უფლებაუნარიანობისაგან განსხვავებით, რომლის ერთიანი ცნების არსებობას თითქმის ყველა ქვეყანა აღიარებს, იურიდიული პირების უფლებაუნარიანობის საკითხს სხვადასხვა ქვეყნის სამართალი განსხვავებულად წყვეტს. ეს ეხება არა მხოლოდ განსხვავებული სამართლებრივი სისტემების მქონდე ქვეყნებს, არამედ თვით კონტინენტური ევროპის სამართლის წარმომადგენელ სახელმწიფოებსაც. გერმანული სამართლის წრის ქვეყნები (გერმანია, ავსტრია, შვეიცარია) აღიარებენ იურიდიული პირის ზოგად უფლებაუნარიანობის პრინციპს და ამით მას პრაქტიკულად ფიზიკური პირების უფლებაუნარიანობასთან აიგივებენ. ინგლისურ-ამერიკული სამართლის ქვეყნები, ასევე კონტინენტური სამართლის ზოგი ქვეყანა, მაგალითად, საფრანგეთი, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობის ფარგლებს ზღუდავენ მხოლოდ წესდებით ან სხვა დამფუძნებელი დოკუმენტით განსაზღვრული მიზნებით. ამით ამ ქვეყნების სამოქალაქო სამართალი, საბჭოთა სამოქალაქო სამართლის მსგავსად, განამტკიცებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ინსტიტუტს.
ზოგადი უფლებაუნარიანობის ცნების თანახმად, იურიდიული პირი შეიძლება იყოს ნებისმიერი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე და არაა აუცილებელი, რომ ეს ურთიერთობები წესდებაში იყოს ჩამოყალიბებული. მაგალითად, თვითმფრინავების ქარხანას შეუძლია ასევე გამოუშვას ავტომანქანები და ამის შესახებ წესდებაში ცვლილებების შეტანა სავალდებულო. არაა. ზოგადი უფლებაუნარიანობა უფრო კონკრეტულად ნისნავს, რომ იურიდიული პირი შეიძლება იყოს მესაკუთრე როგორც ნივთების, ასევე უფლებებისა და მოთხოვნების, მფლობელი, ხელშეკრულების მხარე, მემკვიდრე, კომერციული იურიდიული პირების პარტნიორი და ა.შ. ე.ი. მონაწილეობა მიიღოს ყველა სახის სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობაში, რომელსაც კანონი იურიდიულ პირებს არ უკრძალავს.

უფლებაუნარიანობა აქვს ყველას – ძუძუმწოვარა ბავშვს, ახალგაზრდას, ღრმად მოხუცებულს, რომელსაც დამოუკიდებლად წამოდგომა არ შეუძლია, ჯანმრთელს ან ხეიბარს, ყველას ვისაც ცოცხალი ადამიანი შეიძლება ეწოდოს. ე.ი. ყველას აქვს უნარი ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და იკისროს სამოქალაქო მოვალეობები, მაგრამ რაც შეეხება ამ უნარის პრაქტიკულ განხორციელებას, უფლებაუნარიანობის ცნების შინაარსი ამას არ მოიცავს. უფლებაუნარიანობა სრულიადაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბოძებული უფლებები ცხოვრებაში განახორციელოს. ამისათვის აუცილებელია სხვა სამართლებრივი ინსტიტუტი, რომელსაც ქმედუნარიანობა ეწოდება.
ადამიანს, როგორც ცოცხალ და სოციალურ არსებას, მიუხედავად თავისი ფიზიკური და სულიერი შესაძლებლობებისა, ასაკისა, ეკონომიკური მდგომარეობისა, სჭირდება გარანტია, დაცვა, იმის უზრუნველჰყოფა, რომ მისი სოციალური თუ ფიზიკური უმწეობის გამო იგი არ გაითელება, მისი ინტერესები არ დაითრგუნება. სწორედ ამ ინტერესების დაცვლის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს უფლება „როგორც სამართლით მინიჭებული ნების ძალაუფლება ადამიანური ინტერესების დასაკმაყოფილებლად“.

სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა – უნარი ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები – წამოიშობა დაბადების მომენტიდან. უფლაბაუნარიანობა გულისხმობს ყველა იმ უფლებისა და მოვალეობის კომპლექსს, რომელიც შეიძლება ჰქონდეს პირს სამოქალაქო კანონმდებლობით. პირის უფლებაუნარიანობა აბსტრაქტული და განუყოფელია. იგივე მე-11 მუხლის მე-4 ნაწილში ნათქვამია, რომ არ შეიძლება ფიზიკურ პირს წაერთვეს უფლაბაუნარიანობა.
ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობის მოცულობა იმდენად დიდია, რომ მისი ამომწურავად ჩამოთვლა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ კანონი ამას არც ისახავს მიზნად. სამოქალაქო კოდექსით გამოყოფილია მხოლოდ ძირითადი უფლებები. ასეთი ძირითადი უფლებებია: პირის უფლება ჰქონდეს ქონება საკუთრებაში, მიიღოს და გასცეს ქონება მემკვიდრეობით, ეწეოდეს ნებისმიერ საქმიანობას, რაც კანონით არ არის აკრძალული, შექმნას სხვადასხვა სახის იურიდიული პირი, დადოს გარიგებები, აირჩიოს საცხოვრებელი ადგილი.
სამოქალაქო კოდექსი განსაკუთრებულად გამოჰყოფს ფიზიკური პირის სახელის უფლებას. კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, ყოველ ფიზიკურ პირს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელსა და გვარს.
კოდექსი ასევე ყურადღებას ამახვილებს ისეთ პირად არაქონებრივ უფლებებზე, როგორიცაა პატივი და ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.
როგორც ითქვა, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა იწყება მისი დაბადებიდან და გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. დაბადება იწყება იმ მომენტიდან, როცა ნაყოფი დამოუკიდებლად დაიწყებს სუნთქვას. ამ მომენტიდან პირი უკვე უფლებაუნარიანია. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობის შეწყვეტა ხდება მისი გარდაცვალების მომენტიდან. ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობის შეწყვეტის მომენტის დადგომისთვის მნიშვნელობა აქვს ბიოლოგიურ სიკვდილს ე.ი. მომენტს, რომლის შემდეგ აღარ შეიძლება დაბრუნდეს ადამიანის სიცოცხლე (კლინიკური სიკვდილისგან განსხვავებით)
ფიზიკური პირის ქმედუნარიანობა ნიშნავს პირის უნარს თავისი ნებით და მოქმედებით შეიძინოს ან განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები. უფლებაუნარიანობისაგან განსხვავებით, ქმედუნარიანობა დაკავშირებულია პირის ნებასთან, ნებით მოქმედებასთან, რაც მოითხოვს მისი ფსიქიკური სიმწიფის დონეს. პირველყოფლისა, ეს დონე, კანონის შესაბამისად, განისაზღვრება პირის ასაკით.
ასაკის გათვალისწინებით, ქმედუნარიანობა არსებობს სრული და ნაწილობრივი, ანუ შეზღუდული. სრული მოცულობით ქმედუნარიანობა წარმოიშობა პირის სრულწლოვანების მიღწევიდან. სრულწლოვანად კი ითვლება პირი, რომელმა მიაღწია 18 წლის ასაკს.
კანონმდებელი აწესებს გამონაკლისს, როცა 18 წლამდე ასაკის პირს ენიჭება ქმედუნარიანობა, კერზოდ, სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლი მე-3 ნაწილის თანახმად ქმედუნარიანად ითვლება პირი, რომელიც იქორწინებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე.
7 წლიდან 18 წლამდე არასრულწლოვნები ითვლებიან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე სუბიექტებად. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ითვლება ასევე პირი, რომელსაც სასამართლომ დაუწესა მზრუნველობა მისი ქმედუნარიანობის შეზღუდვით.
მცირეწლოვანი, ე.ი. არასრულწლოვანი, რომელსაც 7 წლის ასაკამდე არ მიუღწევია, ითვლება არაქმედუნარიანად. ასევე არაქმედუნარიანად ითვლება პირი, ომრლსაც ჭკუასუსტობის ან სულით ავადმყოფობის გამო სასამართლოს მიერ აღიარებულ იქნება არაქმედუნარიანად.