არქივი

Tag Archives: რეფორმა

კვლევის ხელმძღვანელი: გიორგი მელაძე – თავისუფლების ინსტიტუტი
ნაშრომზე მუშაობდნენ იურისტები: დავით კაშია და ნიკა ნანუაშვილი
2011 წელი

შესავალი
წინამდებარე ანალიზის მიზანია წარმოაჩინოს საქართველოს კანონმდებლობის ის ძირითადი ასპექტები, რომლებიც არსებითად აწესრიგებებენ რელიგიური უმცირესობების სამართლებრივ სტატუსს საქართველოში. ნაშრომი მომზადებულია 2011 წლის ნოემბრის მდგომარეობით.

საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუცია – ქვეყნის ძირითადი კანონი განსაზღვრავს საქართველოში რელიგიისადმი დამოკიდებულების მთავარ პრინციპებს, აგრეთვე განამტკიცებს პიროვნების სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას. კონსტიტუციით სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას (მუხლი 9). კონსტიტუციის თანახმად ყოველ ადამიანს აქვს სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. ამასთანავე, კონსტიტუცია ადგენს, რომ აღნიშნულ თავისუფლებათა შეზღუდვა დაუშვებელია, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს. (მუხლი 19) კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად მისი რელიგიური შეხედულებებისა, ისევე როგორც თითოეული საქართველოს მოქალაქე თანასწორია სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში განურჩევლად მისი რელიგიური კუთვნილებისა. (მუხლი 14; მუხლი 38) საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან. (მუხლი 39)

კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის (2002 წ.)

Read More

1. შესავალი
რელიგიური ორგანიზაციებისთვის იურიდიულ პირად რეგისტრაცია არჩევნის საკითხი არ არის, არამედ აუცილებლობაა. სამართლებრივ ურთიერთობებში სუბიექტად გამოსვლა შეუძლებელია შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე. სახელმწიფოს მიერ სტატუსის მინიჭება გადამწყვეტი ხდება არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო პირებთან ურთიერთობისას.
რელიგიური ორგანიზაციების იურიდიულ პირად რეგისტრაცია სრულფასოვნად ფუნქციონირების ძირითადი წინაპირობაა. რელიგიური თავისუფლების საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი გარანტიები ფიქცია იქნება ეფექტური რეგისტრაციის მექანიზმების გარეშე. ამის მიზეზი რამდენიმეა: რელიგიის თავისუფლება მხოლოდ ინდივიდუალური უფლება არ არის და მნიშვნელოვანი კოლექტიური განზომილებაც გააჩნია. ამიტომაცაა, რომ იურიდიულ პირად რეგისტრაცია ამ უფლების განხორციელების ქვაკუთხედია და მეორე, რეგისტრაციის შესაძლებლობა თანამედროვე სამართლებრივ რეალობაში ავტონომიურობის დაცვის ერთადერთი და საუკეთესო გარანტია. მეტიც, რელიგიური ვალდებულებების დიდი ნაწილი ხორციელდება სახელმწიფოს ჩარევით. ეკლესიების საზღვრებს გარეთ ურთიერთობა, სამეწარმეო და საქველმოქმედო საქმიანობა, ქონების ფლობა-განკარგვა და ა.შ. _ რეგისტრაციის გარეშე ამ ურთიერთობების ოპტიმალური რეგულირება შეუძლებელი იქნებოდა თანამედროვე ცივილურ გარემოში.

2011 წლის ივლისში მიღებულმა კანონმა რელიგიური ორგანიზაციებისთვის რეგისტრაციის ახალი შესაძლებლობების მინიჭების შესახებ საზოგადოებაში აქტიური დებატebi გამოიწვია[1]. არგუმენტები არასრულად და ხშირ შემთხვევაში არაინფორმირებული პირების მიერ იყო წარმოდგენილი. ჩვენი სტატიის მიზანიa, ერთი მხრივ, სიცხადის შეტანა ამ საკითხში და მეორე მხრივ, ახლადშექმნილი რეგისტრაციის მექანიზმის გაანალიზება ისტორიულ და შედარებით ჭრილში.

2. რეგისტრაციის ინსტიტუტის ისტორიული საფუძვლები და რეგისტრაციის განსხვავებული მოდელები

რეგისტრაციის მნიშვნელობის უკეთ აღქმისთვის აუცილებელიa მისი ისტორიულ ჭრილში დანახვა. ციცერონის ცნობილი ფრაზა რომ მოვიშველიოთ: „მოვლენათა მიზეზები უფრო მეტად საინტერესოა, ვიდრე თავად მოვლენები“. სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ანალიზისას არაერთხელ დავრწმუნდებით ამ გამონათქვამის ჭეშმარიტებაში. არც რეგისტრაციის საკითხია ამ წესიდან გამონაკლისი. შევეცდებით ძალიან მოკლედ წარმოვადგინოთ ის წინაპირობები, რამაც რეგისტრაციის თანამედროვე რეჟიმების არსებობას მოუმზადა საფუძველი.

) რომის სამართლისაფუძვლები

კოლექტიურად საქმის წარმოების საჭიროება რომაელი იურისტებისთვისაც არ იყო უცხო ცნება. ძველ რომში შეიქმნა პირველი გაერთიანებები, რაც თანამედროვე იურიდიული პირის ინსტიტუტის წინამორბედად შეიძლება ჩავთვალოთ. ისინი კოლექტიური ინტერესების გამომხატველად ითვლებოდნენ და განსაკუთრებული სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული. XII ტაბულის კანონი რამდენიმე სახის კორპორაციას, გაერთიანებას, ანუ საზოგადოებას იცნობს. მათ შორისაა „municipia“, რასაც რომაელი იურისტები ადგილობრივი თვითმმართველობის ტიპის წარმონაქმნებს უწოდებდნენ[1]. ამ ერთეულებმა ქონების დამოუკიდებლად განკარგვის უფლება მიიღეს. იურიდიული პირის კიდევ ერთი უძველესი ფორმაა „populous romanus“ ანუ რომაელი მოქალაქეები, რომელთაც ერთობლივი უფლება ჰქონდათ სხვადასხვა ინტერესებსა და ქონებაზე და ასევე რელიგიური მიზნების მქონე საზოგადოებები (sodalitates, collegia sodalicia).

გაიუსის ცნობებით, რელიგიურ გაერთიანებებს უფლება ჰქონდათ თავად შეედგინათ საკუთარი წესდებები და საკუთარ საქმიანობაში ვალდებულები იყვნენ დამორჩილებოდნენ კანონს. თუმცა თანამედროვე სახით იურიდიული პირის ცნებას რომის კანონები არ იცნობდა, მაგ. გაერთიანებებს არ ჰქონდათ ქონების ფლობისა და განკარგვის უფლება, როგორც ფიქციურ, იურიდულ პირებს. მათ საკუთრებაში არსებული ქონება ყველა მონაწილის საკუთრებად ითვლებოდა წილის შესაბამისად.

Read More