არქივი

Tag Archives: მუხლი

სისხლის სამარლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემი. შესაბამისად, სისხლის სამართლის პროცესში მხარეებს უფლება აქვთ მოწმედ მოიწვიონ ნებისმიერი პირი, რომელსაც შეუძლია სასამართლოში მისცეს ჩვენება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი იმ ფაქტობრივი გარემოების (გარემოებების) შესახებ, რომლიც პირადად დაინახა, მოისმინა ან სხვაგვარად შეიტყო. აქვე აღსანიშნავია, რომ ,,მოწმის ვარგისიანობა” დამოკიდებულია პირის უნარზე, სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება. სასამართლოში პირი არ შეიძლება დაიკითხოს მოწმედ, თუ იგი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლის გამო მოკლებულია აღნიშნულ უნარს (იხ. სსსკ-ის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ვინაიდან, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ,,მოწმის ვარგისიანობას” არ უკავშირებს პირის ასაკს, დასაშვებია მოწმედ სასამართლოში არასრულწლოვნების დაკითხვაც, მათი ასაკის მიუხედავად, თუ მათ შეუძლიათ სწორად აღიქვან, დაიმახსოვრონ და აღიდგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ასევე, შესაძლებელია ყრუ-მუნჯის მოწმედ გამოძახება, რომელსაც აქვს უნარი, თარჯიმნის მეშვეობით ყრუ-მუნჯთა ნიშნებით მისცეს სასამართლოში ჩვენება.

პირისთვის მოწმის პროცესუალური სტატუსის მინიჭება დამოკიდებულია ფორმალურ წინაპირობაზე, რაც მდგომარეობს მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებასა და მისთვის ფიცის ჩამორთმევაში. პირი მოწმის უფლება-მოვალეობებს იძენს მას შემდეგ, როდესაც მას მოსამართლე სათანადო წესით გააფრთხილებს ჩვენების მიცემაზე უარის თქმისათვის, ასევე ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე და იგი დადებს რელიგიურ ან არარელიგიურ ფიცს.

პროცესის სხვა მონაწილე, როგორც მოწმე

კლასიკური გაგებით სისხლის სამართლის პროცესში მხარეები არ მოიაზრებიან მოწმეებად. თუმცა, მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ გამორიცხავს ბრალდებისა და დაცვის მხარის წარმომადგენლების მოწმის სახით დაკითხვას. გარდა ამისა, მოწმის სტატუსი შეიძლება მიენიჭოთ ასევე პროცესის ცალკეულ მონაწილეებსაც. სსსკ-ის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობენ, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ ასევე გამომძიებელს, პროკურორს, ბრალდებულს, დაზარალებულს, ექსპერტსა და თარჯიმანს.

– გამომძიებელი ან პროკურორი სასამართლოში შესაძლებელია მოწმის სტატუსით დაიკითხოს მათ მიერ განხორციელებული სხვადასხვა საპროცესო (საგამოძიებო) მოქმედებებთან დაკავშირებით. მაგალითად, როდესაც რომელიმე მოწმე უარყოფს ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტს, ან იგი სასამართლოში დაკითხვის დროს გამომძიებელს (პროკურორს) დაადანაშაულებს მის დაშინებაში, შესაძლებელია აღნიშნული გარემოებების გამოსარკვევად მოწმედ გამოძახებული იქნეს თავად გამომძიებელი ან პროკურორი. აღსანიშნავია, რომ მოწმის სახით ჩვენების მიცემის შემთხვევაში გამომძიებელი ან პროკურორი ვეღარ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას. პროცესში მოწმის სტატუსით მონაწილეობა წარმოადგანს გამომძიებლისა და პროკურორის აცილების საფუძველს (იხ. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი), ვინაიდან, ეჭვქვეშ დგება მათ მიერ შემდგომად პროცესის ობიექტური და მიუკერძოებელი წარმოეწბა. თუ გამომძიებელი, რომელიც იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში უნდა წარსდგეს მოწმედ, სავალდებულოა ასეთ შემთხვევაში პროკურორმა სისხლის სამართლის საქმე გადასცეს სხვა გამომძიებელს. ხოლო, თუ პროკურორი მონაწილეობს იმავე საქმეში მოწმედ, ზემდგომმა პროკურორმა უნდა ჩამოაშოროს იგი სისხლის სამართლის საქმის წარმოებას და საქმე გადასცეს სხვა პროკურორს.

– ბრალდებული განსხვავებით სხვა მოწმეებისგან არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება, ვინაიდან მას ბრალდებულის სტატუსი ათავისუფლებს სისხლის სამართალწარმოების ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობისგან. თუმცა, იგი არ არის შეზღუდული, გამოვიდეს სასამართლოში მოწმედ. მას განასხვავებს სხვა მოწმეებისგან ისიც, რომ ბრალდებულს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გამოიყენოს დუმილის უფლება და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი განაცხადოს ცალკეულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე. მოწმეს აღნიშნული უფლება არ გააჩნია და მან ყოველთვის უნდა დაასაბუთოს კითხვებზე პასუხის გაუცემლობის მიზეზი. თუკი მოწმე პასუხს აგებს ცრუ ჩვენებისათვის სსკ-ის 370-ე მუხლის საფუძველზე, ბრალდებულ-მოწმეს ცრუ ჩვენებისათვის არ დაეკისრება პასუხისმგებლობა. მას შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს მხოლოდ ცრუ დასმენისთვის სსკ-ის 373-ე მუხლის შესაბამისად.
შესაძლებელია ასევე, ბრალდებულმა საკუთარი სურვილით მისცეს ჩვენება მიწმის სტატუსით იმავე სისხლის სამართლის საქმეში სხვა თანაბრალდებულების წინააღმდეგ. როდესაც ზოგიერთი თანაბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყოფა, დასაშვებია გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის მოწმედ გამოძახება ყოფილი თანაბრალდებულების საქმის სასამართლო განხილვის დროს, თუკი მათ ერთი და იმავე ქმედებისათვის არ ედებათ ბრალი. ასეთ შემთხვევაში პირი დაიკითხება არა როგორც ბრალდებული-მოწმე, არამედ, როგორც ჩვეულებრივი მოწმე. დაუშვებელია ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ ყოფილი თანაბრალდებულების საქმეში მისი მოწმედ გამოძახება, როცა მათ საერთო ქმედებისათვის აქვთ ბრალი წაყენებული, რადგან იგი იძულებული გახდებოდა საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოსულიყო მოწმედ. თუ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა რომელიმე თანაბრალდებულის მიმართ, შესაძლებელია იგი გამოიძახონ მოწმედ იმავე საქმეზე. ამ დროს პირი ვალდებულია გასცეს პასუხი ყველა იმ შეკითხვას, რომელიც არ ამხელს მას დანაშაულის ჩადენაში.

– დაზარალებული გვევლინება საკუთარი პროცესუალური უფლებამოსილებით აღჭურვილ პროცესის დამოუკიდებელ მონაწილედ. ვინაიან, იგი უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენს დანაშაულისა და დამნაშავის უშუალო თვითმხილველს, დაზარალებულს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ამავდროულად ანიჭებს მოწმის ყველა უფლებას და აკისრებს მის ყველა მოვალეობას (იხ. ასევე სსსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი). დაზარალებული ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში და მისცეს ჩვენება საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებებისა და დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის შესახებ.

– ექსპერტი შესაძლებელია სასამართლოში მხარეებმა გამოიძახონ მოწმედ და დაკითხონ მის მიერ ჩატარებულ საექსპერტო კვლევასა და შედგენილ დასკვნასთან დაკავშირებით.

– ასევე დასაშვებია თარჯიმნის მოწმის სახით დაკითხვა, მის მიერ შესრულებული სისხლის სამართლის საქმის მასალების თარგმანთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ის 47-ე მუხლში არაფერია ნათქვამი მოსამართლისა და ადვოკატისთვის მოწმის სტატუსის მინიჭების შესახებ, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ გამორიცხავს მათი მოწმედ დაკითხვის შესაძლებლობას.

– მხარეებს უფლება აქვთ იმავე სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში მონაწილე მოსამართლე, რომლისთვისაც შემთხვევით გახდა ცნობილი სისხლის სამართლის საქმის გარემოებების დასადგენად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, გამოიძახონ მოწმედ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს. მაგალითად, მაგისტრატმა მოსამართლემ გამოძიების სტადიაზე ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკითხა მოწმე, რომელმაც დაკითხვისას დანაშაულის ჩადენაში ამხილა ბრალდებული. დაკითხვის შემდეგ მოწმემ დაურეკა მოსამართლეს და აცნობა, რომ მან დაკითხვის დროს ცრუ ჩვენება მისცა და დამნაშავე იყო არა ბრალდებული, არამედ ბრალდებულის მეზობელი. ამის შემდეგ აღნიშნული მოწმე მიიმალა და სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ შეძლეს მისი ადგილსამყოფელის დადგენა. მსგავს შემთხვევებში ბრალდებულს ან მის ადვოკატს უფლება აქვს სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად გამოიძახოს ასეთი მაგისტრატი მოსამართლე.
თუკი მოსამართლე უნდა დაიკითხოს მოწმის სტატუსით, მას უფლება აღარ აქვს განახორციელოს სამოსამართლეო უფლებამოსილება აღნიშნულ საქმეზე (იხ. სსსკ-ის სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი). მოტანილ მაგალითში, მაგისტრატი მოსამართლე ვეღარ განიხილავს მხარეთა ცალკეულ შუამდგომლობებს გამიძიების ეტაპზე.

– ბრალდებული უფლებამოსილია აგრეთვე, ცალკეულ შემთხვევებში მოწმედ დაასახელოს საკუთარი ადვოკატიც და სასამართლოში დაამოწმებინოს დაცვის პოზიციისთვის სასარგებლო ფაქტობრივი გარემოებები. მაგალითად, ბრალდებულის სამუშაო ადგილზე ჩატარებული ჩხრეკისას, რომელსაც ასევე ესწრებოდა ამ უკანასკნელის ადვოკატი, ვერ იქნა აღმოჩენილი ბრალდებულის დანაშაულში მამხილებელი დოკუმენტები. გამომძიებელმა ბრალდებულის მიმართ გამოიყენა ფიზიკური ძლადობა და ამ გზით აიძულა იგი გადაეცა მისთვის ის დოკუმენტები, რომელსაც გამომძიებელი უშედეგოდ ეძებდა. ასეთ შემთხვევაში ბრალდებულს არ ზღუდავს კანონი, რომ სასამართლოში მოწმედ გამოიძახოს ადვოკატი და დაადასტურებინოს ჩხრეკის ჩატარებისას გამომძიებლის მიერ კანონის უხეში დარღვევის ფაქტი. ამასთან, საყურადღებოა, რომ, ადვოკატის პროცესში მოწმედ მონაწილეობა გამორიცხავს იმავე სისხლის სამართლის საქმეში მის ადვოკატად მონაწილეობის შესაძლებლობას (იხ. სსსკ-ის 60-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი).

ბრალდებული წარმოადგენს სისხლის სამართლის პროცესის ცენტრალურ ფიგურას, რადგან სისხლისსამართლებრივი დევნა მის მიმართ წარმოებს და ამის შედეგად პროცესის სხვა მონაწილეებთან შედარებით ყველაზე დიდი ზიანი მის ინტერესებს ადგება. შესაბამისად, იგი ყველაზე მეტი პროცესუალური გარანტიებით სარგებლობს და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს სისხლის სამართლის პროცესში.

როგორც ზემოთ აღინიშნა, დაუშვებელია სამართლებრივ სახელმწიფოში ბრალდებული იყოს მხოლოდ სახელმწიფო იძულების ობიექტი. იგი სახელმწიფო იძულების ობიექტია, რადგან მან უნდა ითმინოს მთელი რიგი საპროცესო იძულების ღონისძიებები საკუთარი ნებისა და სურვილის გარეშე (მაგალითად, წინასწარი პატიმრობა, სხეულიდან ნიმუშის აღება და ა.შ.). სამართლიანი პროცესის პრინციპის არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ბრალდებულს, როგორც პროცესის აქტიურ სუბიექტს უნდა გააჩნდეს თავისი კონსტიტუციური უფლებებისა და ინტერესების დასაცავად ფართო შესაძლებლობები, რათა ზემოქმედება მოახდინოს პროცესის მინდინარეობასა და მის შედეგებზე. იგი არ წარმოადგენს ბრალდების პასიურ სამიზნეს. აქედან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც ეფუძნება სამართლიანი პროცესის პრინციპს, აღიარებს ბრალდებულს სამართალწარმოების აქტიურ მონაწილედ და ანიჭებს მას შესაბამის უფლებებს. კანონმდებელმა ბრალდებულის ძირითად უფლებებს თავი მოუყარა სსსკ-ის 38-ე და 39-ე მუხლებში, რომლის შესახებ ქვემოთ იქნება საუბარი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სისტემა პანდექტური სამართლის სისტემას შეესატყვისება. მას აქვს ზოგადი ნაწილი, რომელიც საერთოა მთელი კერძო სამართლისათვის. განსხვავებით დსთ-ს მოდელური სამოქალაქო კოდექსისგან, რომელსაც ყოვლისმომცველი კანონის პრეტენზია ჰქონდა და ამის გამო ყველაფერი იყო მასში მოთავსებული, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი სხვა გზით წავიდა. ის ურთიერთობები, რომლებიც სხვა კანონებში იყო მოწესრიგებული, სამოქალაქო კოდექსში არ შესულა ან არ შევიდა იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელი იყო ლოგიკურ-სამართლებრივი კავშირის დასამყარებლად. მაგალითად, სამეწარმეო იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები მთლიანად შევიდა კანონში მეწარმეთა შესახებ ისე, რომ პარალელური ნორმები სამოქალაქო კოდექსში არ არის. საკანონმდებლოა ტექნიკის თვალსაზრისით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თავიდან აციცილოთ ერთმანეთის საწინააღმდეგო ნორმები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსმა ეს შეძლო.
სამოქალაქო კოდექსში მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ საოჯახო სამართალი მთლიანად კოექსში შევიდა. პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელმაც კვლავ აღადგინა კლასიკური სამოქალაქო კოდექსების ტრადიცია და საოჯახო სამართალს სამოქალაქო კოდექსში მიუჩინა ადგილი.
სამოქალაქო კოდექსი 6 წიგნისგან შედგება: ზოგადი დებულება, სანივთო (ქონებრივი) სამართალი, ვალდებულებითი სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების სამართალი, საოჯახო სამართალი, მემკვიდრეობის სამართალი.
ინტელექტუალური საკუთრების სფეროდან სამოქალაქო კოდექსმა სრულად მოაწესრიგა მხოლოდ საავტორო სამართალი. რაც შეეხება სამრეწველო საკუთრების საკითხებს, ისინი ცალკე კანონშებში მოწესრიგდება.