არქივი

Tag Archives: დაცვა

სამართლიანი სისხლის სამართლის პროცესის უზრუნველსაყოფად მნიშნვნელოვანია, რომ მასში მონაწილე პირები, რომლებიც იღებენ პროცესუალური მნიშვნელობის სხვადასხვა ოფიციალურ გადაწყვეტილებებს, მოქმედებდნენ მიუკერძოებლად და არ ამოძრავებდეთ სისხლის სამართლის საქმის მიმართ პირადი ინტერესი. პროცესის ის მონაწილეები, რომლების მოქმედებებს და გადაწყვეტილებებს არსებითი ზეგავლენა შეუძლიათ მოახდინონ საქმის შედეგზე, უნდა იქნენ სისხლი სამართლის პროცეს ჩამოშორებული, თუკი მათ მხარეზე არსებობს ისეთი გარემოებები, რაც მათი ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში საფუძვლიან ეჭვს იწვევენ. ასეთი პირების სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამოიცხვის აუცილებლობა გამომდინარეობს როგორც თავად პროცესი სხვა მონაწილეების კანონიერი ინტერესებიდან, ისე სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მიუკერძოებლობის და ობიექტურობის მიმათ ნდობის შენარჩუნების ინტერესიდან გამომდინარე.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოქმედი სასხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავ გარემოებებსა და პროცესის მონაწილეთა აცილების ინსტიტუტს. სსსკ-ის 59-ე მუხლში მოცემულია ის გარემოებები, რომლის არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი ან სასამართლო სხდომის მდივანი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ზემოაღნიშნული პირი:

Read More

ექსპერტის ცნება და ამოცანები

ექსპერტის საკანონმდებლო დეფინიცია მოცემულია სსსკ-ის მე-3 მუხლის 21-ე ნაწილში, რომლის თანახმად, ექსპერტი არის სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია მხარის ან მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა და დემონსტრირებაში. ამრიგად, ექსპერტს გააჩნია ის ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება (მაგ., მედიცინაში, ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში, საფინანსო ან ტექნიკურ საკითხებში), რომლის გარეშეც მხარეები და სასამართლო დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამორკვევას, მტკიცებულებების გამოვლენასა და გამოკვლევას.
ექსპერტი მხარეებსა და სასამართლოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოსაკვლევად უწევს სამი სახის დახმარებას:

– იგი აწვდის მათ ზოგად ინფორმაციას მეცნიერების ცალკეული დარგებიდან (მაგ., ახალშობილის კუჭი და ნაწლავები დაბადებიდან დაახლოებით 6 საათის შემდეგ ივსება ჟანგბადით);

– იგი ადგენს ისეთ ფაქტებს, რომლის შეცნობა და დადგენა მხოლოდ სპეციალური ცოდნისა და გამოცდილების ქონის შედეგად არის შესაძლებელი (მაგ., მოკლული ახალობილის ნაწლავები არ იყო შევსებული ჟანგბადით);

– იგი ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აკეთებს დასკვნებს (მაგ., ახალშობილი მოკლულია შობიდან 6 საათის გასვლამდე, ვინაიდან მის ნაწლავებში არ აღინიშნებოდა ჟანგბადის კვალი) .

ექსპერტის მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში შემოიფარგლება კანონმდებლობით განსაზღვრული მისი ამოცანებით. ექსპერტი საკუთარი ინიციატივით მტკიცებულებათა მოსაპოვებლად და საქმის გარემოებათა გამოსარკვევად დამოუკიდებლად ვერ ჩაატარებს საგამოძიებო მოქმედებებს. გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოს მიერ ექსპერტის მიერ მომზადებული დასკვნა ბრმად არ უნდა იქნეს გათვალისწინებული. მოსამართლე (ნაფიცი მსაჯული) ექსპერტის დასკვნას აფასებს შინაგანი რწმენით. განაჩენში უნდა აისახოს, რომ ცალკეული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას მოსამართლემ დამოუკიდებლად შეაფასა ექსპერტის დასკვნა და მივიდა კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე. თუკი მოსამართლე არ გაიზიარეს ექსპერტის დასკვნას, მაშინ მან უნდა დაასაბუთოს განაჩენში საწინააღმდეგო.

Read More

სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოწმის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან გარკვეული პროფესიის მქონე და ბრალდებულთან ახლო ნათესაურ კავშირში მყოფი პირები. სისხლის სამართლის პროცესში მოწმედ მონაწილეობის ვალდებულებისაგან გამონაკლისის დაშვებით, კანონმდებელი ინტერესთა კოლიზიის ცალკეულ შემთხვევებში მართლმსაჯულების ინტერესებზე უფრო მაღლა აყენებს ზემოხსენებული პირების კანონიერ ინტერესებს. გარდა ამისა, აღნიშნული გამონაკლისი ემსახურება სისხლის სამართლის საქმეზე სიმართლის დადგენასაც, რადგან სავსებით მოსალოდნელია, რომ პირმა ბრალდებულთან ახლო ნათესაური დამოკიდებულების ან პროფესიული მოვალეობების გამო იცრუოს დაკითხვის დროს ან მისცეს სასამართლოში არასრული ჩვენება. მოწმის ვალდებულებისაგან გათავისუფლება ნიშნავს იმას, რომ პირს არ ეკისრება მოწმედ დაკითხვისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემის ვალდებულება. თუ პირი ისარგებლებს ამ უფლებით, მის მიერ მოწედ მონაწილეობაზე უარის თქმა დაუშვებელია გამოყენებული იქნეს თავად ამ პირის ან ბრალდებულის წინააღმდეგ. მსგავსად ამისა, თუ პირი მოწმედ მონაწილეობაზე უარის თქმის შემდეგ მაინც გადაწყვეტს ბრალდებულის სასარგებლოდ ჩვენების მიცემას, დაუშვებელია ასეთი მოწმის სანდოობა ეჭვქვეშ დადგეს იმ მიზეზით, რომ მან მოწმედ მონაწილეობაზე თავდაპირველად უარი განაცხადა.

ბრალდებულის ახლო ნათესავი

როგორც უკვე აღინიშნა, მოწმედ მონაწილეობაზე უარის თქმის შეუზღუდავი უფლება გამომდინარეობს ბრალდებულთან ახლო ნათესაური კავშირიდან. ამით კანონმდებელი უპირველესყოვლისა ანგარიშს უწევს პირის კანონიერ ინტერესს, არ გამოვიდეს მოწმედ საკუთარი ახლო ნათესავის წინააღმდეგ. შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის აღნიშნული ნორმა იცავს უშუალოდ ამ პირს პრობლემატური ჩვენებისაგან და არა ბრალდებულს. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ახლო ნათესავებში მოიზრებიან მშობელი, შვილად ამყვანი, შვილი, შვილობილი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა და მეუღლე. ბრალდებულის მეუღლის შემთხვევაში არარელევანტურია, დანაშაულის ჩადენამდე არსებობდა მათ შორის ქორწინება თუ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ დაქორწინდა პირი ბრალდებულზე. მოწმედ მონაწილეობაზე უარის თქმის პრივილეგია ვრცელდება ასევე განქორწინებულ მეუღლეზეც.
Read More

მოწმეს სისხლის სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა აკისრებს სამ ძირითად ვალდებულებას, კერძოდ: იგი მოწმედ გამოძახების შემთხვევაში ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში, მისცეს ჩვენება და დადოს ფიცი. აღნიშნულის გარდა, მას გააჩნია კიდევ სხვა დამატებითი ვალდებულებებიც, რომლის შესახებაც ქვემოთ იქნება საუბარი.

გამოცხადების ვალდებულება

ნებისმიერი პირი, არის იგი საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოაქალაქეობის არმქონე პირი, თუ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვალდებულია გამოცხადდეს სასამართლოში, თუ მას სასამართლოს უწყებით გამოიძახებენ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენების მისაცემად. გამოცხადების ვალდებულებისაგან არ თავისუფლდებიან ის პირებიც, რომელთაც კანონით აქვთ მინიჭებული უფლება არ მისცენ ჩვენება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გამოცხადების ვალდებულება არსებობს მხოლოდ სასამართლოში. არავინ არ არის ვალდებული, ჩვენების მისაცემად გამოცხადდეს პროკურორთან ან გამომძიებელთან. სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება არსებობს, როგორც საქმის სასამართლოში არსებითი განხილვის დროს, ისე გამოძიების ეტაპზეც, ვინაიდან, სსსკ-ის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, გამოძიების სტადიაზე მხარის შუამდგომლობით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება დაკითხულ იქნეს პირი.
გამოუცხადებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია მოწმე იძულებით მიიყვანონს სასამართლოში (სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილი). გარდა ამისა, სასამართლოში მოწმის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს მას განკარგულებით დააკისროს ჯარიმა, რაც მოწმეს არ ათავისუფლებს გამოცხადების ვალდებულებისაგან (იხ. სსსკ-ის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილი).

ჩვენების მიცემის ვალდებულება

სასამართლოში გამოცხადებული მოწმე ვალდებულია მისცეს ჩვენება, თქვას ყველაფერი, რაც იცის საქმესთან დაკავშირებით და უპასუხოს მხარეების მიერ დასმულ შეკითხვებს. თუ მოწმე უარს იტყვის ჩვენების მიცემაზე ან მისცემს ცრუ ჩვენებას (იხ. სსკ-ის 370-ე და 371-ე მუხლები), დაეკისრება ამისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. მოწმის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საფუძველს წარმოადგენს ასევე მის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებების მიცემა (იხ. სსკ-ის 3711-ე მუხლი).
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ჩვენების მიცემის ვალდებულებიდან გარკვეულ გამონაკლისებს. ცალკეულ შემთხვევებში მოწმეს უფლება აქვს უარი განაცხადოს ჩვენების მიცემაზე ან ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე (იხ. სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტი და 115-ე მუხლის პირველი ნაწილი). ასევე, გარკვეული კატეგორიის პირებს უფლება აქვთ არ მიიღონ სისხლის სამართლის პროცესში მოწმის სახით მონაწილეობა (სსსკ-ის 50-ე მუხლი), რომლის თაობაზეც ქვემოთ იქნება საუბარი.

ფიცის დადების ვალდებულება

როგორც ზემოთ აღინიშნა, პირს მოწმის სტატუსი ენიჭება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებასა და ფიცის დადების შემდეგ. სსსკ-ის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოწმემ სასამართლოში დაკითხვის წინ უნდა დადოს რელიგიური ან არარელიგიური მნიშვნელობის მქონე ფიცი. ფიცის დადების ვალდებულებას საფუძვლად უდევს მოსაზრება, რომ ფიცი გარკვეულწილად ბოჭავს მოწმეს სიცრუისაგან და იგი კეთილსინდისიერად მისცემს სასამართლოში ჩვენებას. ამიტომ, ფიცის ქვეშ უფრო მეტია მოწმისგან ჭეშმარიტი ინფორმაციის მიღების ალბათობა.
ფიცის დადების ვალდებულებისგან კანონმდებელი ათავისუფლებს პირს, რომელიც თავისი რწმენის ან სხვა მოსაზრებათა გამო უარს ამბობს ფიცის დადებაზე. ასეთ შემთხვევაში მან ჩვენება უნდა მისცეს ფიცის შემცველი დადასტურების განხორციელებით. იგი სასამართლოს უდასტურებს, რომ იტყვის მხოლოდ სიმართლეს და არაფერს დამალავს (იხ. სსსკ-ის 48-ე მუხლის მე-5 ნაწილი).

სხვა ვალდებულებები

გარდა ზემოაღნიშნულისა, მოწმეს კანონმდებელი აკისრებს სხვა დამატე ბით ვალდებულებებსაც. კერძოდ, მან არ უნდა გაამჟღავნოს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებები, თუ იგი ამის შესახებ გააფრთხილა სასამართლომ; უნდა დაიცვას წესრიგი სალმი სასამართლო განხილვის დროს; არ უნდა დატოვოს სასამართლო სხდომის დარბაზი სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე (იხ. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი). გარდა ამისა, მოწმემ უნდა ითმინოს მხარეთა მიერ მისი სანდოობის დადგენა და ვალდებულია პასუხი გასცეს ისეთ შეკითხვებს, რომლებმაც მის რეპუტაციას შესაძლოა ზიანიც კი მიაყენოს. მოწმემ უნდა ითმინოს ასევე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ესპერტის მიერ მისი სხეულის ან ფსიქიკის გამოკვლევა.

 

დაცვა შეთანხმებით

როგორც ზევით ითქვა, ეფექტიანი დაცვის განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა, როდესაც პროცეშსი ბრალდებულის ნდობით აღჭურვილი ადვოკატი მონაწილეობს (ადვოკატისადმი კლიენტის ნდობა ეფუძნება ადვოკატის პირად ღირსებას, პატიოსნებას, შეუვალობას კომპეტენტურობას და მიუკერძოებლობას; იხ. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-3 მუხლი). ამის უზრუნველსაყოფად, სისხლის საპროცესო კანონმდებლობა ბრალდებულს აძლევს შესაძლებლობას აიყვანოს ადვოკატი თავისი სურვილის შესაბამისად. თუ ბრალდებულს თავად არ შესწევს უნარი ადვოკატის ასაყვანად (მაგალითად, იგი დაკავებულია, არასრულწლოვანია და ა. შ.), ასეთ შემთხვევაში მის ახლო ნათესავს ან სხვა ნებისმიერ პირს ენიჭება უფლებამოსილება ბრალდებულის ნების გათვალისწინებით აუყვანონ მას ადვოკატი. ბრალდებულის ურთიერთობა ადვოკატთან წესრიგდება მათ შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გამომძიებელს, პროკურორსა და მოსამართლეს ეკრძალება, რეკომენდაცია გაუწიოს რომელიმე ადვოკატს (იხ. სსსკ-ის 41-ე მუხლი).
ბრალდებულის მიერ აყვანილ ადვოკატს არ ეკისრება იმის ვალდებულება, რომ დაიცვას ბრალდებულის ინტერესები და უარი არ თქვას აღნიშნულზე სისხლისსამართალწარმოების დასრულებამდე. ადვოკატს პატივსადები მიზეზით ნებისმიერ დროს უფლება აქვს უარი თქვას ბრალდებულის დაცვაზე. მაგალითად, როდესაც ადვოკატი ახორციელებს ერთ სისხლის სამართლის საქმეში რამოდენიმე ბრალდებულის დაცვას და ბრალდებულებს შორის წარმოიქმნება ინტერესთა კონფლიქტი (მაგ., ბრალდებულები ერთმანეთის წინააღმდეგ აძლევენ ჩვენებას), ადვოკატმა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-6 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, უნდა შეწყვიტოს ყველა მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის საქმის წარმოება, რადგან ასეთ დროს ადვოკატის მიმართ არსებობს ნდობის დარღვევის ან კონფიდენციალობის ხელყოფის რეალური საფრთხე.
Read More

ადვოკატის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ არ არსებობს ერთგვაროვანი პოზიცია. მეცნიერთა დიდი ნაწილი ადვოკატს სამართლებრივი წესრიგის დამცველად მიიჩნევს, რომელიც არა მარტო ბრალდებულის, არამედ საჯარო ინტერესების შესაბამისადაც მოქმედებს. ნაწილი კი უარყოფს აღნიშნულ მოსაზრებას და ადოკატს სისხლის სამართლის პროცესში როგორც ბრალდებულის ინტერესების წარმომადგენლს აღიარებს. შესაბამისად, ადვოკატის სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით იურიდიულ ლიტერატურაში საფუძველი ჩაეყარა ,,სამართლებრივი წესრიგის დაცვის თეორიასა~ და ,,მხარის ინტერესების წარმომადგენლის თეორიას~, რომლის შესახებაც ქვემოთ იქნება საუბარი.

სამართლებრივი წესრიგის დაცვის თეორია

სამართლებრივი წესრიგის დაცვის თეორიის მიხედვით, ადვოკატი სისხლისსამართალწარმოების დროს იცავს ბრალდებულის ინტერესებს და ამავდროულად ახორციელებს კონტროლს იმაზე, თუ რამდენად სამართლიანად წარიმართება სახელმწიფოს მხრიდან სისხლის სამართლის პროცესი. სამართლებრივ სახელმწიფოში მძიმე ბრალდების საქმეზე შეუძლებელია ადვოკატის მონაწილეობის გარეშე სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფა, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრალდებული დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა წარდგენილი ბრალდებებისაგან თავის სათანადოდ დაცვას და იგი ბრალმდებელთან შედარებით უთანასწორო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ასეთ დროს სწორედ ადვოკატი უნდა დაუპირისპირდეს სისხლისსამართლებრივი დევნის აპარატს და უზრუნველყოს მხარეთა პროცესუალური თანასწორობა. Read More

როგორც უკვე აღინიშნა, შეჯიბრებით პროცესში სიმართლის დადგენა დამოკიდებულია მხარეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე. ბრალდებისა და დაცვის მხარე საქმესთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს წარმოაჩენენ განსხვავებული თვალახედვიდან და მოსამართლეც თავის განაჩენში იზიარებს იმ მხარის პოზიციას, რომელიც უკეთესად არის ფაქტობრივად და სამართლებრივად არგუმენტირებული. ამიტომ, სამართლებრივ სახელმწიფოში პროცესის სამართლიანობისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფას.

სამართლებრივი ნორმების სათანადოდ არცოდნის გამო ბრალდებულს ხშირ შემთხვევებში თავად არ შესწევს უნარი დაუპირისპირდეს მასზე გაცილებით უკეთესად ორგანიზირებულ სისხლისსამართლებრივი დევნის აპარატს. ბრალდებულის, რომელიც იმყოფება პატიმრობაში, კიდევ უფრო შეზღუდული აქვს წარდგენილი ბრალდებებისაგან თავის დასაცვის შესაძლებლობები. აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის დაცვის უფლება, რომელიც მას კონსტიტუციით და სხვა სამართლებრივი ნორმებით აქვს მინიჭებული (ე.წ. მატერიალური დაცვა) მაშინ არის გარანტირებული, როდესაც ბრალდებულის ინტერესების დასაცავად სისხლის სამართლის პროცესში ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი პროცესის მონაწილე ფორმალურად მოქმედებს (ე.წ. ფორმალური დაცვა). Read More

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დავის უფლება გარანტირებულია. დაცვის უფლების გარანტიას ადგენს ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის ,,გ~ ქვეპუნქტი. შესაბამისად, ბრალდებულს, როგორც პროცესის აქტიურ სუბიექტს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა, ჯეროვნად და ეფექტურად დაიცვას თავი წარდგენილი ბრალდებებისგან. ვინაიდან, ხშირ შემთხვევებში, ბრალდებული კვალიფიციური იურისტის დახმარების გარეშე მოკლებულია დაცვის სათანადოდ განხორცელებისა და საპროცესო უფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას, კანონი მას ანიჭებს ადვოკატის ყოლის უფლებას.

დაცვის უფლების კონსტიტუციური გარანტია კონკრეტიზირებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სხვადასხვა ნორმებში. სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება, ხოლო თუ ის უქონელია – უფლება, დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე.
ადვოკატის ყოლა ბრალდებულის უფლებაა და არა ვალდებულება. მას ადვოკატის მომსახურების გარეშეც შეუძლია დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი ინტერესების დაცვა, რისთვისაც ბრალდებულს უნდა მიეცეს საკმარისი დრო და საშუალება(იხ. სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილი.) . აქედან გამონაკლის წარმოადგენს ე.წ. სავალდებულო დაცვის შემთხვევა, როდესაც ბრალდებულს უფლება არ აქვს უარი თქვას ადვოკატის მომსახურეობაზე .
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის დაცვის უფლება მოქმედებს სისხლისსამართალწარმოების ყველა ეტაპზე. თუმცა, ამ უფლებით სარგებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოძიების ეტაპზე, სადაც ადვოკატი დიდ როლს თამაშობს მტკიცებულებების მოპოვებასა და სასამართლო განხილვისათვის მომზადებაში . შეჯიბრებითი პროცესის პირობებში გამოძიების ეტაპზე შეკრებილ მტკიცებულებებს აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან მოსამართლე დამოუკიდებლად არ ატარებს სასამართლო გამოძიებას და ეყრდნობა მხარეთა მიერ წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს. ამიტომ, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე (დაკავების მომენტში, ან თუ დაკავება არ ხდება, – ბრალდებულად ცნობისთანავე), ასევე ნებისმიერი დაკითხვის წინ ბრალდებულს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობის ადვოკატის ყოლის უფლება (იხ. სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილი) .

მორალი არის სინდისისკენ მიმართული „შინაგანი“ წესრიგი. განასხვავებენ მორალის, ეთიკისა და ზნეობის ცნებებს. ეთიკა მოიცავს მორალის ფილოსოფიას, მეცნიერებას მორალის შესახებ და მატაეთიკას.
როგორც სამართალი, ასევე მორალი არეგულირებს ადამიანთა ქცევას. ადამიანთა ქცევის წესები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: 1) ქცევის ინდივიდუალური წესები; 2) სოციალური ნორმები. განასხვავებენ ინდივიდუალურ და კონვენციონალურ მორალს.
კონვენციონალური მორალი ეფუძნება საზოგადოების უმრავლესობის მორალურ წარმოდგენებს. საზოგადოების მორალური წარმოდგენები აღზრდის პროცესში გადადის თაობიდან თაობაზე. საზოგადოებრივი მორალი დიდ გავლენას ახდენს სახელმწიფო ხელისუფლებაზე.
საზოგადოებრივი მორალი დროის შესაბამისად იცვლება. ტაბუდადებული თემა ან ამორალურად მიჩნეული ქცევა დროთა განმავლობაში შეიძლება არც იყოს მორალური გაკიცხვის ობიექტი.
სავალდებულოობის მიხედვით განასხვავებენ: 1) მორალის მოთხოვნებს, რომელთა დაცვაც ყველა შემთხვევაში სავალდებულოა; 2) მოთხოვნებს, რომელთა დაცვაც არ არის სავალდებულო, მაგრამ , სასურველია.