არქივი

Tag Archives: მორალი

მორალსა და სამართალს შორის კავშირის შესახებ არსებული შეხედულებებიდან შეიძლება გამოიოს 3 განსხვავებული მიდგომა: 1) მორალი და სამართალი აყალიბებს ერთიან მთლიანობას; 2) სამართალი და მორალი ფუნქციონალურად და არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან; 3) სამართალი და მორალი არ არის ერთიანი, მაგრამ არც გამიჯნულია ერთმანეთისგან.
სამართლისა და მორალისთვის საერთოა:
1) როგორც სამართალი, ასევე მორალი აწესრიგებს ადამიანთა შორის ურთიერთობას
2) მორალისა და სამართლის მოთხოვნები შინაარსობრივად მსგავსია
3) სამართლისა და მორალის მოთხოვნათა დაცვა განიხილება, როგორც თავისთავად გასაგები მოვალეობა და არა სიქველე.
მორალი და სამართალი ერთმანეთისგან განსხვავდება შემდეგი ნიშნებით:
1) სამართლის ნორმას ადგენს სახელმწიფო განსაზღვრული პროცედურის დაცვით. მორალური ნორმების დადგენა არ ხდება ფორმალურად განსაზღვრული პროცედურით.
2) მორალური ნორმა დადგენილია პირდაპირი აკრძალვის ან მოთხოვნის ფორმით. სამართლის ნორმაში აკრძალვა ან მოთხოვნა აბსტრაქტულადაა ფორმირებული. სამართლის ნორმა ჩამოყალიბებულია მაქსიმალურად ზუსტად და გარკვევით.
3) სამართლის ნორმაში ცვლილებების შეტანა (ან გაუქმება) ხდება სათანადო პროცედურების დავცით. მორალური ნორმა, სამართალთან შედარებით უფრო ნელა იცვლება.
4) სამართლის ნორმა აწესრიგებს ადამიანთა გარეგან ქცევას. მორალს უფრო მეტად აინტერესებს პირის სუბიექტური ნება და მისი ქცევის მოტივი.
5) სამართალს ახასიათებს ორგანიზებული და აბსოლუტური იძულება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ფორმალურ სანქციებს (თავისუფლების აღკვეთა, ქონებრივი სანქციები). მორალური იძულება ხორციელდება საზოგადოებრივი ზემოქმედების არაფორმალური სანქციების მეშვეობით.
ამორალური ქცევა სამართალმა შეიძლება არ აკრძალოს იურიდიული სანქციის მუქარით. სამართალი პირს არ უნდა უბიძგებდეს ამორალური საქციელის ჩადენისკენ. სამართალმა უნდა გაითვალისწინოს მორალის განსაზღვრული ელემენტარული მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მორალი ვერ პოვებს საზოგადოებრივ აღიარებას.
მორალი, ისევე როგორც სამართალი, ჯერარსული წესრიგია, რომელიც ადგენს მოთხოვნას, აკრძალვასა და ნებართვას. მართლწესრიგი ჰეტერონომიული (გარეშე, „უცხო“ ინსტიტუტის მიერ დადგენილი) წესრიგია. მორალი არის ავტონომიური წესრიგი.

მორალი არის სინდისისკენ მიმართული „შინაგანი“ წესრიგი. განასხვავებენ მორალის, ეთიკისა და ზნეობის ცნებებს. ეთიკა მოიცავს მორალის ფილოსოფიას, მეცნიერებას მორალის შესახებ და მატაეთიკას.
როგორც სამართალი, ასევე მორალი არეგულირებს ადამიანთა ქცევას. ადამიანთა ქცევის წესები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: 1) ქცევის ინდივიდუალური წესები; 2) სოციალური ნორმები. განასხვავებენ ინდივიდუალურ და კონვენციონალურ მორალს.
კონვენციონალური მორალი ეფუძნება საზოგადოების უმრავლესობის მორალურ წარმოდგენებს. საზოგადოების მორალური წარმოდგენები აღზრდის პროცესში გადადის თაობიდან თაობაზე. საზოგადოებრივი მორალი დიდ გავლენას ახდენს სახელმწიფო ხელისუფლებაზე.
საზოგადოებრივი მორალი დროის შესაბამისად იცვლება. ტაბუდადებული თემა ან ამორალურად მიჩნეული ქცევა დროთა განმავლობაში შეიძლება არც იყოს მორალური გაკიცხვის ობიექტი.
სავალდებულოობის მიხედვით განასხვავებენ: 1) მორალის მოთხოვნებს, რომელთა დაცვაც ყველა შემთხვევაში სავალდებულოა; 2) მოთხოვნებს, რომელთა დაცვაც არ არის სავალდებულო, მაგრამ , სასურველია.

პირადი არაქონებრივი უფლებები ქონებრივისგან უწინარეს ყოვლისა, განსხვავდება იმით, რომ ისინი კონრეტულ პირებს, მათ პიროვნებას იმგვარად უკავშირდებიან, რომ სხვა პირთათვის მათი გადაცემა დაუშვებელია და შეუძლებელიცაა. ამიტომაც ეწოდება მათ პირადი უფლებები.
სახელის უფლების გარდა, სამოქალაქო კოდექსი განამტკიცებს პატივისა და ღირსების დაცვას. პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს იმ ცნობების უარყოფა, რომლებიც ლახას მის პატივს, ღირსებას, პირადი ცხოვრები საიდუმლოებას, პირად ხელშეუხებლობას ან საქმიან რეპუტაციას, თუკი ამ ცნობების გამავრცელებელი არ დაადასტურებს, რომ ეს ფაქტები სინამდვილეს შეესაბამება.
პატივისა და ღირსების შელახვას უთანაბრდება პირის გამოსახულების გამოქვეყნება მისი თანხმობის გარეშე. თანხმობა არ არის საჭირო, როცა პირის გამოსახულება ქვეყნდება მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან, მართლმსაჯულების ან პოლიზიის მოთხოვნებთან დაკავშირებით. მაგალითად, როცა პირს ირჩევენ ქვეყნის პრეზიდენტად ან ნიშნავენ მინისტრად, მისი ფოტოსურათი ქვეყნდება საჯაროდ, მაგრამ ამისათვის თანხმობა აუცილებელი არ არის.
სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს მორალური ზიანისათვის მატერიალური ანაზღაურების პრინციპის შემოღება.