არქივი

Tag Archives: სამართალი

სამართალი აღიარებს ინდივიდის განსაკუთრებულ სოციალურ როლს საზოგადოებაში; იცავს პიროვნების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ღირსებას.
სამართლის პერსონალური ფუნქცია მოიცავს მართლწესრიგით დადგენილი პიროვნების სტატუსს. სამართლის პერსონალური ფუნქცია ეხება არა იზოლირებულ, არამედ სოციალური ურთიერთობის მონაწილე ინდივიდს. სამართალი იცავს მის პირად ავტონომიასა და ცხოვრების ინტიმურ სფეროებს, როგორც სხვა პირების, ასევე სახელმწიფოსა და სხვა საჯარო ინსტიტუტების უკანონო ჩარევისაგან.
თავისუფლება სამართლის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. სამართალი აღიარებს თავისუფლების პრიმატს. სამართალი ადგენს არა აბსოლუტურ, არამედ ლიმიტირებულ თავისუფლებას. სამართალი უზრუნველყოფს ინდივიდისა და საზოგადოების სხვა წევრების თავისუფლებას შორის გონივრულ ბალანსს.
დიდი მნიშვნელობა შეიძინა სამართლის ეკოლოგიურმა ფუნქციამ. თანამედროვე სამართალი არეგულირებს ადამიანის ურთიერთობას როგორც ბუნებასთან, ასევე მომავალ თაობებთან.

სამართლის ნორმის ცნება
სამართალი შედგება მხოლოდ ნორმებისგან. სამართკუს ნორმები მართლწესრიგის „ელემენტარული ნაწილებია“. მართლწესრიგი არის სამართლის ნორმათა ერთობლიობა.
ნორმა არის პრესკრიფციული წინადადება. ნორმა განსხვავდება დესკრიფციული წინადადებისგან, რომელიც მხოლოდ ფაქტებს აღწერს. დესკრიფციული წინადადების შინაარსს აყალიბებს არსი და არა ჯერარსი. დესკრიფციული წინადადება არკვევს ამა თუ იმ ფაქტზე მსჯელობა ჭეშმარიტია თუ მცდარი. სამართლის შეფარდების პროცესში დესკრიფციულ წინადადებებს შეიძლება იურიდიული მნიშვნელობაც მიენიჭოს.
ნორმა ადგენს იმას, რაც „უნდა იყოს“. სამართლის ნორმა არის ჰიპოთეტური ჯერარსული წინადადება.
სამართლის ნორმა იმპერატიულია. ნორმა ადგენს, რომ განსაზღვრული ქცევა უნდა განხორციელდეს ან არ უნდა განხორციელდეს. ნორმის შეუსრულებლობა არ ნიშნავს,რომ ნორმა მცდარია.
დესკრიფციული წინადადება შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ან მცდარი. ნორმა, როგორც პრესკრიფციული წინადადება არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ან მცდარი. ნორმა შეიძლება იყოს სამართლიანია ან უსამართლო, მიზანშეწონილი ან მიზანშეუწონელი. ჭეშმარიტი ან მცდარი შეიძლება იყოს ნორმის შესახებ მსჯელობა. დესკრიფციული წინადადებისგან განსხვავებით, ნორმა მოქმედებს ან არ მოქმედებს.
ნორმა ენობრივი ფორმით გამოხატული ჯერარსული წინადადებაა. ენა ნორმის გარეგანი გამოხატულების ერთადერთი საშუალებაა. ნორმა შესაძლებელია მოცემული იყოს არაენობრივი ფორმითაც (მაგალითად, ავტოსაგზაო ნიშნებაი). ამავე დროს, ნორმის შინაარსი ყველა შემთხვევაში ენობრივი ფორმით უნდა იყოს გამოხატული.
სამართლის ნორმის სტრუქტურა
სამართლის ნორმებს აქვთ განსხვავებული შინაარსი, მაგრამ საერთო სტრუქტურა. ლოგიკური თვალსაზრისით ნორმა შედგება 2 ნაწილისაგან: 1) დესკრიფციული ნაწილი, ანუ ის ფაქტობრივი ურთიერთობა, რომელიც ნებადართულია, აკრძალული ან მოთხოვნილი; 2) ნორმატიული ნაწილი, რომელიც ამბობს, ეს ფაქტობრივი ურტიერტობა აკრზალულია, ნებადართული თუ მოთხოვნილი.
Read More

წესრიგი სამართლის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. წესრიგი ახასიათებს როგორც ადამიანთა საზოგადოებას, ასევე ორგანულ და არაორგანულ ბუნებასაც.
სამართლით დადგენილი წესრიგი უნდა იყოს ცვალებადი ე.ი. ღია. წესრიგის ძირითადი ელემენტია ადამიანი. წესრიგი არის მხოლოდ იქ, სადაც ადამიანი მოქმედებს ინდივიდუალური პასუხისმგებლობით. წესრიგი არ არის მხოლოდ იძულება.
სამართალი ასრულებს სოციალური მშვიდობის ფუნქციას. მართლწესრიგის ფუნქციაა კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგება, როდესაც დავა წყდება არა ძლიერის სასარგებლოდ ან პირადი შეხედულების მიხედვით, არამედ, სამართლის მოთხოვნათა საფუძველზე.
სამართალი ხელს უწყობს კონფლიქტის მოწესრიგების ფუნქციას, განსხვავებული ინტერესების შერიგებასა და ასრულებას. სამართალს აკისრია კონფლიქტის პრევენციის ფუნქციაც. მართლწესრიგი არის მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა.
სამართლებრივი უსაფრთხოება სამართლის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. ინდივიდმა წინასწარ უნდა იცოდეს, თუ რას მოითხოვს მისგან სამართლის ნორმა. გარდა ამისა, ურთიერთობაში მონაწილე მხარეს უნდა შეეძლოს მეორე მხარის ქცევის პროგნოზირებაც. სამართლებრივი უსაფრთხოება გამორიცხავს სახელმწიფოს კანონსაწინააღმდეგო ქცევას- კანონი ერთნაირად სავალდებულოა როგორც მოქალაქიც, ასევე, სახელმწიფოსთვის. კანონის ტექსტი უნდა ჩამოყალიბდეს ნათლად და გარკვევით.
სამართალი უნდა იყოს სტაბილური. კანონის ხშირი ცვლილებისას ნორმის ადრესატებს უჭირთ განსაზღვრონ ქცევის სასურველი მასშტაბი, რაც უარყოფითად აისახება მართლწესრიგის საერთო მდგომარეობაზე. მხოლოდ სტაბილური კანონმდებლობის დროს შეუძლია მოქალაქეს იმოქმედოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
სამართალი კონსერვატიულ როლს ასრულებს. სამართალი უზრუნველყოფს პოლიტიკური ხელისუფლების შეცვლას არჩევნების გზით. მხოლოდ ტოტალური რეჟიმები აღიარებენ ,,მუდმივ’’ ხელისუფლებას. დემოკრატია, არსებითად, არის პოლიტიკური ხელისუფლების ცვლა, რომელიც უნდა შეიცვალოს კანონიერი და მშვიდობიანი გზით.

1. პოლიციის ორგანიზაცია და ამოცანები

პოლიცია წარმოადგენს ,,სისხლისსამართლებრივი იუსტიციის” ყველაზე ქვედა, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვან რგოლს. სწორედ პოლიციის ორგანოებს აქვთ უმეტეს შემთხვევებში დანაშაულებრივი და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენ პირებთან პირველი შეხება და სწორედ ისინი ახდენენ პირველად რეაგირებას სამართალდარღვევებთან დაკავშირებით.
საპოლიციო საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ორგანოები, კერძოდ, საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, სასაზღვრო პოლიცია, დაცვის პოლიცია და სხვა. გარდა ამისა, საქართველოს არაერთ სამინისტროს გააჩნია სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასა და ახდენს რეაგირებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე. ასეთ ორგანოებს მიეკუთვნებიან მაგალითად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია. საერთაშორისო დონეზე საპოლიციო უფლებამოსილება გააჩნია ე.წ. ,,ინტერპოლს~, რომელიც წარმოადგენს კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაციას. ინტერპოლი დაარსდა 1923 წელს ვენაში ჩატარებულ კრიმინალური პოლიციის მე-2 საერთაშორისო კონგრესზე. საქართველო ინტერპოლის წევრია 1993 წლიდან. დღესდღეობით ინტერპოლი აერთიანებს 181 წევრ ქვეყანას. ინტერპოლის მიზანია სხვადასხვა ქვეყნების კრიმინალური პოლიციის ორგანოებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა ქვეყნის შიდა კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პრინციპების ფარგლებში, დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციების შექმნისა და განვითარების უზრუნველყოფა. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ინტერპოლს ეკრძალება პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური ან რასობრივი ხასიათის ნებისმიერ საქმიანობაში ჩარევა. მიუხედავად ამისა, ინტერპოლი მაინც ახდენს რეაგირებას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების ხელმყოფ ქმედებებზე.
Read More

წინამდებარე გამოცემა უთუოდ მიიქცევს იურისპრუდენციის და პოლიტოლოგიის საკითხებით დაინტერესებული ქართველი მკითხველის ყურადღებას. წიგნის თემაა კონსტიტუციონალიზმი. ეს ცნება თანამედროვე მეცნიერებაში აღიარებული განსაზღვრების შესაბამისად, გულისხმობს მრავალასპექტიან პოლიტიკურ-იურიდიულ მოვლენას, რომელიც მოიცავს, ერთი მხრივ, კონსტიტუციურ დოქტრინებს, იდეებს და თეორიებს და მეორე მხრივ, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას და სახელმწიფო-სამართლებრივ პრაქტიკას. კონსტიტუციონალიზმის არსს ავტორის კონცეფციის
მიხედვით, ხელისუფლების თვითშეზღუდვა შეადგენს. საჯარო სამართლის მეცნიერებაში ხელისუფლების თვითშეზღუდვის კატეგორიის შემოტანის დამსახურება გერმანელ მეცნიერს გეორგ ელინეკს ეკუთვნის. მისი საგნის და საზრისის აღმოჩენით სამართლის მეცნიერების ისტორიაში ბუნებითი სამართლის კლასიკური ეპოქა დასრულდა და საფუძველი დაედო საჯარო სამართლის თანამედროვე მეცნიერებას.

სრული ვერსია იხილეთ აქ: ხელისუფლების თვითშეზღუდვა – კონსტიტუციონალიზმის შესავალი – ანდრაშ შაიო

მორალსა და სამართალს შორის კავშირის შესახებ არსებული შეხედულებებიდან შეიძლება გამოიოს 3 განსხვავებული მიდგომა: 1) მორალი და სამართალი აყალიბებს ერთიან მთლიანობას; 2) სამართალი და მორალი ფუნქციონალურად და არსებითად განსხვავდებიან ერთმანეთისგან; 3) სამართალი და მორალი არ არის ერთიანი, მაგრამ არც გამიჯნულია ერთმანეთისგან.
სამართლისა და მორალისთვის საერთოა:
1) როგორც სამართალი, ასევე მორალი აწესრიგებს ადამიანთა შორის ურთიერთობას
2) მორალისა და სამართლის მოთხოვნები შინაარსობრივად მსგავსია
3) სამართლისა და მორალის მოთხოვნათა დაცვა განიხილება, როგორც თავისთავად გასაგები მოვალეობა და არა სიქველე.
მორალი და სამართალი ერთმანეთისგან განსხვავდება შემდეგი ნიშნებით:
1) სამართლის ნორმას ადგენს სახელმწიფო განსაზღვრული პროცედურის დაცვით. მორალური ნორმების დადგენა არ ხდება ფორმალურად განსაზღვრული პროცედურით.
2) მორალური ნორმა დადგენილია პირდაპირი აკრძალვის ან მოთხოვნის ფორმით. სამართლის ნორმაში აკრძალვა ან მოთხოვნა აბსტრაქტულადაა ფორმირებული. სამართლის ნორმა ჩამოყალიბებულია მაქსიმალურად ზუსტად და გარკვევით.
3) სამართლის ნორმაში ცვლილებების შეტანა (ან გაუქმება) ხდება სათანადო პროცედურების დავცით. მორალური ნორმა, სამართალთან შედარებით უფრო ნელა იცვლება.
4) სამართლის ნორმა აწესრიგებს ადამიანთა გარეგან ქცევას. მორალს უფრო მეტად აინტერესებს პირის სუბიექტური ნება და მისი ქცევის მოტივი.
5) სამართალს ახასიათებს ორგანიზებული და აბსოლუტური იძულება, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ფორმალურ სანქციებს (თავისუფლების აღკვეთა, ქონებრივი სანქციები). მორალური იძულება ხორციელდება საზოგადოებრივი ზემოქმედების არაფორმალური სანქციების მეშვეობით.
ამორალური ქცევა სამართალმა შეიძლება არ აკრძალოს იურიდიული სანქციის მუქარით. სამართალი პირს არ უნდა უბიძგებდეს ამორალური საქციელის ჩადენისკენ. სამართალმა უნდა გაითვალისწინოს მორალის განსაზღვრული ელემენტარული მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მორალი ვერ პოვებს საზოგადოებრივ აღიარებას.
მორალი, ისევე როგორც სამართალი, ჯერარსული წესრიგია, რომელიც ადგენს მოთხოვნას, აკრძალვასა და ნებართვას. მართლწესრიგი ჰეტერონომიული (გარეშე, „უცხო“ ინსტიტუტის მიერ დადგენილი) წესრიგია. მორალი არის ავტონომიური წესრიგი.