კონსპექტი – იურიდიული პირის ცნება და სახეები

დასავლეთის ბევრი ქვეყნის სამოქალაქო კოდექსები იურიდიული პირის ლეგალურ დეფინიციას არ იძლევიან. ეს უფრო იმით იხსნება რომ ამ ქვეყნების სამართალს აინტერესებს არა დეფინიცია, არამედ ამ სუბიექტების რეალური შინაარსი, უფრო ზუსტად, სამართლებრივ ურთიერთობებში მათი მონაწილეობის ფორმები და ხასიათი. ამიტომ, როგორც სწორად იყო ქართული სამართლის მეცნიერებაში აღნიშნული, იურიდიული პირის ნიშნები იმ სამართლის ნორმებიდან გამოჰყავთ, რომლებიც ამ ქვეყნების საკანონმდებლო აქტებშია მიმობნეული და იურიდიული პირების სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავენ.

ამა თუ იმ ცნების, განსაკუთრებით კი იურიდიული პირების ცნების ლეგალურ დეფინიციას არ შეიძლება ჰქონდეს სრულყოფილების პრეტენზია. როგორც წესი, ის მხოლოდ არსებით ნიშნებს განამტკიცებს. სხვა დანარჩენი კი ცალკეული ნორმების შინაარსიდან უნდა იქნეს გამოყვანილი. იგივე ითქმის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველ ნაწილზეც, რომელიც თუმცა კი იძლევა იურიდიული პირის ლეგალურ დეფინიციას, მაგრამ ეს არ არის ამომწურავი სამართლის ამ სუბიექტის სრულად დახასიათებისათვის. იმავდროულად, 24-ე მუხლის ეს დეფინიცია სრულიად შეესაბამება დასავლეთის ქვეყნებში არსებილ შეხედულებას იურიდიული პირის სტატუსის შესახებ და მოქმედ კანონმდებლობას.

ყოველი იურიდიული პირის არის ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც პირთა ანდა ქონების გაერთიანების შედეგადაა აღმოცენებული. მაშინაც კი, როცა იუირიდიული პირი ერთი პირის მიერ იქმნება, მაგალითად, შპს, იგი მაინც ორგანიზებული წარმონაქმნია. იგივე ეხება ქონების გაერთიანების შედეგად შექმნილ იურიდიულ პირებს – ფონდებს.
ორგანიზებული წარმონაქმნობის ნიშანი რამდენიმე გარემოებას გულისხმობს.იურიდიული პირი შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით. განსაკუთრებით ეხება ეს კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რომელთა მიმართ გამოიყენება numerus clausus პრინციპი. გარდა ამისა, ყოველ იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს ასევე კანონით განსაზღვრული საორგანიზაციო სტრუქტურები – მართვის ორგანოები. სწორედ ამ ორგანოების მეშვეობით ახორციელებს თავის საქმიანობას იურიდიული პირი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის პროექტის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებში იურიდიული პირის ეს ნიშანი გაკრიტიკებული იყო. ვფიქრობ, რომ კრიიკის მიზეზი მხოლოდ გაუგებრობაა: თავისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, მართვის ორგანოებით, ამ ორგანოების შექმნის წესით და ა.შ იურიდიული პირი ყოველთვის ორგანიზებული წარმონაქმნია.

განსაზღვრული მიზნის მიღწევა იურიდიული პირის ერთ-ერთ კონსტიტუციურ ნიშნად არის მიჩნეული. იურიდიული პირის დაფუძნებისას დამფუძნებლები ყოველთვის რაღაცის მიღწევას ისახავდნენ მიზნად და ამისთვის საჭიროებენ იმ ნორმატიულ-სამართლებრივ კონსტრუქციას, რომელსაც იურიდიული პირი ეწოდება. ამ მიზნის განსაზღვრისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ სამართლებრივად მნიშვნელოვანი მიზანი და იურიდიული პირის მონაწილეთაღვის მნიშვნელოვანი მიზანი. სამართლებრივად მნიშვნელოვნად უნდა ჩაითვალოს იურიდიული პირის შექმნა კომერციული (მოგების მიღება) თუ არაკომერციული (იდეალური მიზანი) მიზნებისთვის. ამგვარი დაყოფა სამართლებრივად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ კანონმდებლობა განსაზღვრული შეზღუდვებს აწესებს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმების არჩევისას. მაგალითად, არაკომერციული იურიდიული პირები შეიძლება შეიქმნან მხოლოდ კავშირების ან ფონდების ფორმით.
მაგრამ 24-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული მიზანი უფრო ვიწროა და გულისხობს იურიდიული პირის შემქმნელთათვის მნიშვნელოვან მიზანს. კონკრეტულად იმას, თუ რისთვის იქმნება ეს სუბიექტი, რისთვის სურთ დამფუძნებლებს თავიანთი ქონება თუ პირადი ღვაწლი გამოიყენონ. მიზნის ეს დეფინიცია არ არის სპეციალური უფლებაუნარიანობის საფუძველი და არც იურიდიული პირის, როგორც მიზნობრივი ქონების, თეორიის გამოხატულება.

ორგანიზებული წარმონაქმნის მიზნის ხასიათიდან უნდა ირკვეოდეს, რომ ის არ არის ერთჯერადი, ერთი მოქმედების მეშვეობით მისაღწევი მოვლენა. იგი უნდა მოითხოვდეს ერგანიზებული წარმონაქმნის არსებობას ხანგრძლივი ვადით, ე.ი. მიზანი და ამ მიზნის მისაღწევად გათვალისწინებული ორგანიზებული წარმონაქმნის ხანგრძლივობა შესაბამისობაში უნდა იყოს ერთმანეთთან. კანონი სრილიად ბუნებრივად და მართებულად არ განსაზღვრავს ამ ვადის ხანგრძლივობას. „ვადის ხანგრძლივობა“ გამოიყენება არა კონკრეტული კალენდარული ვადის აღსანიშნავად, არამედ იმ განზრახვის გამოსახატავად, რომელიც საფუძვლად უდევს იურიდიული პირის შექმნას და მის საქმიანობას. ამა თუ იმ დაწესებულების თანამშრომლების მიერ ფულის შეგროვება დაბადების დღის აღსანიშნავად, საჩუქრის საყიდლად, ფორმალურად თუმცა შეიცავს 24-ე მუხლით განსაზღვრულ პირობებს, მაგრამ მას სწორედ ხანგრძლივობის განზრახვა აკლია.

იურიდიული პირის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი ისაა, რომ მას უნდა ჰქონდეს თავისი დამოუკიდებელი ქონება და ეს ქონება განცალკევებული უნდა იყოს წევრთა პირადი ქონებისაგან. როგორც უკვე დავინახეთ, ამ ნიშანს დიდი ხნის ისტორია აქვს და უფრო ხანდაზმულია, ვიდრე თვით იურიდიული პირის ცნების ისტორია. დამოუკიდებელი ქონების არსებობაა ერთ-ერთი ძირითადი საფუძველი და წინაპირობა იურიდიული პირის წარმოშობისთვის. იგი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ზოგი თეორია მას გადამწყვეტადაც კი მიიჩნევდა ( მიზნობრივი ქონების თეორია). იურიდიული პირი ამ ქონების მესაკუთრეა. თვითონ იურიდიული პირი კი არავის საკუთრება არ არის, როგორც ამას ხშირად შევხვდებით საბჭოთა ან პოსტსაბჭოთა იურიდიულ ლიტერატურაში. იურიდიული პირის ქონება არც დამფუძნებლის ან მასში მონაწილეთა საერთო საკუთრებაა. მაშინაც კი, როცა საქმე საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან გვაქვს, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი სახელმწიფოა, ქონების მესაკუთრედ მაინც იურიდიული პირი გამოდის. მაგალითად სახელმწიფო უნივერსიტეტი მესაკუთრეა იმ ქონების, რომელიც მას სახელმწიფოსგან აქვს გადაცემული. თუმცა ამ უნივერსიტეტის ძირითადი განმკარგველი სახელმწიფოა, იგი მისი „მესაკუთრე“ მაინც არ არის. სახელმწიფოს შეუძლია კანონით დადგენილი წესით გარდაქმნას ან ლიკვიდაცია გაუკეთოს უნივერსიტეტს, მაგრად „მესაკუთრის“ ცნების გამოყენება იურიდიული პირის მიმართ სამართლებრივად არაკორექტულია.
დამოუკიდებელი ქონების არსებობა უკავშირდება იურიდიული პირის დამოუკიდებელი ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. უზოგადესი პრინციპის თანახმად, იურიდიული პირი კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს თავისი ქონებით და არა მონაწილეების ქონებით.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ქვეყნის სამართალი იურიდიული პირის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ნიშნად მისი დამოუკიდებელი ქონების არსებობას აღიარებს, არც იურიდიული პირის მონაწილეების (პარტნიორების) პასუხისმგებლობას გამორიცხავს. მაგალითად, საფრანგეთის სამოქალაქო სამართლით ღია სავაჭრი საზოგადოება, რინეკსაც ქართულ სამართალში შეესაბამება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, იურიდიული პირია, მაგრამ მისი პარტნიორები კრედიტორების წინაშე პირდაპირ და შეუზღუდავად აგებენ პასუხს. ანალოგიურ წესს ითვალისწინებს საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ.
იმ ქვეყნებშიც, სადაც კანონმდებლობა პირდაპირ განსაზღვრავს, რომ იურიდიული პირის პასუხისმგებლობა მხოლოდ მისი ქონებით შემოიფარგლება, სასამართლო პრაქტიკამ გამონაკლისები მაინც დაამკვიდრა. მაგალითად, გერმანიისა და ჰოლანდიის კანონმდებლობა შპს-ს პასუხისმგებლობას შემოფარგლავს მხოლოდ მისი ქონებით, მაგრამ სასამართლო პრაქტიკამ ხშირ შემთხვევებში პასუხი დააკისრა მის დამფუძნებლებს, განსაკუთრებით ერთი პირის მიერ დაფუძნებული შპს-ს შემთხვევაში. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ ზიანი სწორედ პარტნიორის დაუდევარი მოქმედების შედეგად წარმოიშვა. ქართულმა სამართალმა გაითვალისწინა ეს ტენდენცია და მეწარმეთა კანონში განამტკიცა ანალოგიური ნორმა.
სახელმწიფო საწარმოების შემთხვევაში, რომლებიც ასევე იურიდიულ პირებს წარმოადგენენ, მათი პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე არ შემოიფარგლება მხოლოდ მათი ქონებით – სუბსიდიურად (ე.ი დამატებით) სახელმწიფოც აგებს პასუხს საწარმოს კრედიტორების წინაშე.
იურიდიული პირის ქონებით დამოუკიდებელი პასუხისმგებლობის პრინციპიდან ეს გამონაკლისები კიდევ უფრო ადასტურებენ იმ შეხედულებას, რომ იურიდიული პირი არის ნორმატიულ-სამართლებრივი კონსტრუქცია და მასში კანონმდებელი იმ შინაარსს დებს, რომელიც გარემოებათაგან გამომდინარე რაციონალური და მიზანშეწონილია. მაგრამ რაც აუცილებელია ამ ნიშნის დახასიათებისას, ესაა წევრთა პირადი ქონებისაგან განცალკევებული ქონების არსებობა. მის გარეშე არ შეიძლება იურიდიული პირი რეალურად არსებობდეს.

სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის გაიოლების მიზნით და სხვა მონაწილეთაგან განსხვავების უზრუნველსაყოფად იურიდიულ პირს აქვს საკუთარი სახელი. ეს ნიშანი ანიჭებს მას შესაძლებლობას შეიძინოს უფლებები და იკისროს მოვალეობები, დადოს გარიგებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე და ა.შ. მოკლედ, იყოს ყველა იმ ურთიერთობის მონაწილე, რომელსაც სამოქალაქო სამართალი მას განუსაზღვრავს.
საკუთარი სახელის არსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია იურიდიული პირის განსაზღვრისათვის. მისი მეშვეობით ხდება სამართლის ამ სუბიექტის ინდივიდუალიზება და იდენთიფიკაცია. პირადი არაქონებრივი ურთიერთობების სფეროში სამოქალაქო სამართალი მას მნიშვნელოვან შედეგებსაც უკავშირებს.

საქართველოს სამოქალაქო სამართალი, ისევე როგორც დასავლეთის ბევრი ქვეყნის სამოქალაქო სამართალი, კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმოშობას რეგისტრაციის ფაქტს უკავშირებს. ამიტომ იურიდიული პირების რეგისტრაციას კონსტიტუციური მნიშვნელობა აქვს.
ყველა ზემოთ განხილული ნიშანი შეიძლება ახასიათებდეს ამა თუ იმ ორგანიზებულ წარმონაქმნს. მაგალითად, როცა ექსკურსიაზე მიდის სტუდენტთა ჯგუფი, გარეგნულად ეს არის ორგანიზებული წარმონაქმნი. ისინი აგროვებენ ფულს, რათა დაიქირავონ ავტობუსი და გადაიხადონ სასტუმროს ქირა; ე.ი ამ ჯგუფის სახელით იდება ხელშეკრულებებიც (მგზავრობისა და ქირავნობის). არაა გამორიცხული, რომ ამ ჯგუფმა სახელიც კი დაირქვას. როგორც ჩანს, გარეგნულად ყველა ნიშანი იურიდიული პირისაა, მაგრამ ასეთი გაერთიანება არ იქნება იურიდიული პირი. რამეთუ არ შეესაბამება იმ კატალოგს, რომელსაც კანონმდებლობა განსაზღვრავს. აქედან გამომდინარე, იურიდიული პირის არსებობის ფუძემდებლური წინაპირობა მაინც საკანონმდებლო ლეგიტიმაციაა. თუ მოქმედი კანონმდებლობა არ მიიჩნევს ამა თუ იმ წარმონაქმნს იურიდიულ პირად, იგი არ იქნება იურიდიული პირი. ესეც იმის სასარგებლოდ მეტყველებს, რომ იურიდიული პირი არის ნორმატიულ სამართლებრივი კონსტრუქცია.

დატოვე კომენტარი